სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
მზისადმი დამოკიდებულების ცვლილება
1923 წელს ხმელთაშუა ზღვის კრუიზიდან დაბრუნებული, გარუჯული კოკო შანელის ფოტოებმა, რუჯისა და მზეზე ტკბობის იდეა პოპულარული გახადა. მისი გარუჯულობა სტატუსის სიმბოლოდ იქცა და მზისადმი დასავლური დამოკიდებულება შეცვალა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან შუა პერიოდამდე სანატორიუმებში რაქიტისა და ტუბერკულოზის სამკურნალოდ ჰელიოთერაპია, ანუ მზის სინათლის თერაპია, გამოიყენებოდა, ხოლო "ჯანსაღი გარუჯულობა" აქტიურად იყო წახალისებული.
ერთი საუკუნის შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა მზესთან ბევრად უფრო გართულდა. გასულ 50 წელიწადში კანის კიბოს შემთხვევების ზრდამ სამედიცინო მიდგომების გადაფასება გამოიწვია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიებმა კი აქცენტი მზისგან არიდებაზე გადაიტანეს და მზისგან დამცავი კრემების გამოყენების პოპულარიზაცია დაიწყეს. მტკიცებულებები, რომლებიც მზეზე ჭარბად ყოფნასა და კანის კიბოს რისკს შორის კავშირზე მიუთითებს, დღესაც ძალაშია.
მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში აღმოჩნდა, რომ მზეზე ე.წ. ზომიერი ყოფნა, კერძოდ, შუადღისას, დროში შეზღუდული ხანმოკლე პერიოდებით, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის, D ვიტამინის დონისა და იმუნური სისტემისთვის სასარგებლოა. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ ეს გარკვეული ტიპის კიბოს რისკების შემცირებასთანაა დაკავშირებული და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ძილსა და კოგნიტიურ ფუნქციებს აუმჯობესებს.
მაშ, როგორ შეგვიძლია სარგებელი ისე მივიღოთ, რომ საფრთხეები თავიდან ავირიდოთ? და სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
რატომ გვჭირდება მზის სინათლე?
მზეზე ზომიერად ყოფნა ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში ეხმარება, რომელიც ძვლების ჯანმრთელობისა და კუნთების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ზოგიერთი კვლევის თანახმად, D ვიტამინის მაღალი დონე კიბოს დაბალ სიხშირესა და სიკვდილიანობასთანაა დაკავშირებული, ისევე როგორც მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების შემცირებულ რისკთან.
მზის სინათლე არტერიულ წნევასაც ამცირებს. როცა UVA სხივები კანს ეხება, ისინი აზოტის ოქსიდის გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს. ეს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ამცირებს.
29 518 შვედი ქალის მონაწილეობით ჩატარებულმა 20-წლიანმა მასშტაბურმა კვლევამ საინტერესო შედეგი აჩვენა: იმ ქალებში, ვინც მზეს ემალებოდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი (ნებისმიერი მიზეზით) ორჯერ მაღალი იყო, ვიდრე მათში, ვინც ყველაზე მეტ დროს მზეზე ატარებდა.
სოლარიუმის გამოყენებამ კი, პირიქით, საერთო სიკვდილიანობისა და კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა გამოიწვია. ამას კიდევ ერთი, 2011 წელს ჩატარებული შვედური კვლევაც ადასტურებს: ქალებს, რომლებიც სოლარიუმს თვეში ერთხელ მაინც, სულ ცოტა ერთი ათწლეულის განმავლობაში იყენებდნენ, ნებისმიერი მიზეზით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90%-ით გაეზარდათ.
ავსტრალიის სიდნეის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი, რებეკა მეისონი, ამბობს, რომ D ვიტამინის საკმარისი დონე გვეხმარება, "ანთება შევანელოთ, პათოგენებს ვუპასუხოთ და იმუნური სისტემა ისე ვმართოთ, რომ საკუთარ უჯრედებს არ დაესხას თავს".
დადგინდა, რომ მზის სინათლე ძილს აუმჯობესებს და კოგნიტიური ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დილის მზე ლურჯი სინათლის ტალღებს შეიცავს, რომლებიც ტვინს დღის დადგომის სიგნალს აძლევს და ამით კორტიზოლს ზრდის და ძილის ჰორმონს, მელატონინს, თრგუნავს. ეს უფრო ფხიზლად და ენერგიულად ყოფნაში გვეხმარება. დღის სინათლეზე მეტი დროის გატარებამ შეიძლება კოგნიტიური ფუნქციები, რეაქციის დრო და მეხსიერება გააუმჯობესოს. ერთ-ერთ კვლევაში, რომელშიც 360 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, დღის სინათლეზე ყოფნა (კერძოდ, დაახლოებით 1,5 საათი) დემენციის განვითარების რისკის შემცირებასთან აღმოჩნდა დაკავშირებული.
მზის სინათლეზე ყოფნა ტვინში ქიმიური მესენჯერის, სეროტონინის დონესაც ზრდის, რაც უფრო მშვიდად და კონცენტრირებულად ყოფნაში გვეხმარება. დაკვირვებამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც მძიმე დეპრესიის გამო მკურნალობას მზიან ოთახებში გადიან, უფრო სწრაფად ჯანმრთელდებიან. ამასთან, დღის სინათლის არასაკმარისმა მიღებამ დეპრესიული სიმპტომების, ცუდი განწყობისა და უძილობის ალბათობა შეიძლება გაზარდოს.
მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე "ჯანსაღი გარუჯულობა" აქტიურად იყო წახალისებული. თუმცა კანის კიბოს შემთხვევების ზრდამ ამ მიდგომის გადაფასება გამოიწვია
ფოტო: Getty Images
რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები ასაკის, გეოგრაფიისა და კანის ტიპის მიხედვით განსხვავდება, ექსპერტები მზეზე ყოფნას ჩვეულებრივ მოკლე, ხშირ დროის მონაკვეთებში გვირჩევენ.
მეისონის თქმით, D ვიტამინის სინთეზისთვის მზეზე ყოფნა ყველაზე ეფექტიანია "დღის შუა პერიოდში, მცირე დროით და ხშირად", როცა UVB გამოსხივების დონე ყველაზე მაღალია.
ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს მეისონი ურჩევს, კვირის უმეტეს დღეებში მზეზე რეგულარულად, მოკლე დროით გავიდნენ და ხელები, მკლავები ან ფეხები რამდენიმე წუთით მზეს მიუშვირონ. ძალიან მაღალი ულტრაიისფერი (UV) გამოსხივების მქონე ადგილებში მზეზე ყოფნა შუადღემდე ან ნაშუადღევს ჯობია.
მუქი კანის მქონე ადამიანებს შეიძლება მზის სინათლე მნიშვნელოვნად მეტი დოზით დასჭირდეთ, რადგან მელანინის მაღალი დონე იმასაც ნიშნავს, რომ მზისგან D ვიტამინის გამომუშავებას მეტი დრო სჭირდება. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში გაზაფხულსა და ზაფხულში, მუქი ყავისფერი კანის მქონე ადამიანებს ადეკვატური რაოდენობის D ვიტამინის გამოსამუშავებლად შუადღისას მზეზე დაახლოებით 25 წუთის გატარება სჭირდებათ.
UV ინდექსი აჩვენებს, რამდენად ძლიერია მზისგან მიწის ზედაპირამდე მოსული ულტრაიისფერი გამოსხივება (მოიცავს როგორც UVA-ს, ისე UVB-ს) — 0-დან (სინათლის გარეშე) 11+-მდე (უკიდურესად მაღალი გამოსხივება) მასშტაბით. რაც მაღალია მაჩვენებელი, მით მეტია მზისგან დაზიანების რისკი და მით მეტი სიფრთხილეა საჭირო.
"ძალიან ფერმკრთალი კანის მქონე პირები, ასევე ისინი, ვისაც პირადად ან ოჯახში მელანომის ისტორია აქვთ, ან ბევრი ხალი აქვთ, კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან და მეტი სიფრთხილე მართებთ", — ამბობს მეისონი. ეს ასევე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იმუნოსუპრესანტებს იღებენ. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ფერმკრთალი კანის მქონე ადამიანებისთვის მზეზე ნებისმიერი ფორმით ყოფნა, მათ შორის D ვიტამინის წარმოსაქმნელად საჭირო მცირე დოზითაც კი, შეიძლება კიბოს გაზრდილ რისკთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, მეტი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით იმის დასადგენად, მუქი კანის მქონე ადამიანებშიც იგივე ხდება თუ არა.
UVA — კანს ღრმად აზიანებს, ძირითადად დაბერებას იწვევს; UVB — კანის ზედაპირს წვავს, მაგრამ D ვიტამინის გამომუშავებასაც ეხმარება.
"მათ მზეზე რამდენიმე წუთით გასვლა მაინც შეუძლიათ, მაგრამ უმჯობესია, კანის მეტი ნაწილი უფრო მოკლე დროით და უფრო ხშირად მივაფიცხოთ მზეს, ვიდრე უფრო ხანგრძლივად და იშვიათად", — ამბობს ის. ეს ყველაზე ეფექტიანია შუადღისას, როცა დღის სხვა მონაკვეთებთან შედარებით, UVA-სთან შეფარდებით უფრო მეტი UVB გამოსხივებაა. მიუხედავად იმისა, რომ კანის კიბოს მთავარი მიზეზი UVB გამოსხივებაა, ის D ვიტამინის წარმოსაქმნელად აუცილებელია. დღის უფრო ადრეულ ან გვიან პერიოდში იმდენ UVB-ს ვერ მიიღებთ და შედარებით უფრო დამაზიანებელი UVA გამოსხივების ქვეშ აღმოჩნდებით, რაც კანის დაბერებასთანაა დაკავშირებული და კანის კიბოს განვითარებაშიც გარკვეულ როლს ასრულებს. იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად ალბინიზმის დროს, დაუცველად მზეზე ყოფნა მიზანშეწონილი საერთოდ არ არის.
ზამთარში, საკმარისი D ვიტამინის გამოსამუშავებლად, ადამიანებს გარეთ უფრო დიდი დროის გატარება სჭირდებათ, რაც იმაზეა დამოკიდებული სად იმყოფებით და სხეულის რა ნაწილი გაქვთ დაუფარავი. მეისონის თქმით, მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში, მაგალითად მელბურნსა და ჰობარტში, ზამთრის განმავლობაში საკმარისი UVB გამოსხივება არ არის იმისათვის, რომ D ვიტამინის მნიშვნელოვანი რაოდენობა გამომუშავდეს.
"ჯანმრთელობისთვის მხოლოდ მცირე ან ზომიერი დოზები გვჭირდება", — აღნიშნავს ჯოან მენსონი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის და ბოსტონში მდებარე ბრიგემისა და ქალთა საავადმყოფოს მედიცინის პროფესორი. მენსონი ხაზს უსვამს, რომ მზეზე დამცავი საშუალებების გარეშე ხანგრძლივად ყოფნა თავიდან უნდა ავირიდოთ, განსაკუთრებით 10:00-დან 16:00 საათამდე, და დასძენს, რომ მზეზე არამიზნობრივად ყოფნაც ეფექტიანია, იქნება ეს ვარჯიშისას თუ გარეთ საქმეებზე სიარულისას.
"მზეზე ყოფნის სარგებლისა და რისკის ბალანსი ადამიანის კანის ტიპისა და ფერის მიხედვით განსხვავდება", — ამბობს ლესლი როუდსი, დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის დერმატოლოგიისა და ფოტობიოლოგიის პროფესორი.
კვლევები აჩვენებს, რომ მუქი კანი UV-ით გამოწვეული დნმ-ის დაზიანებისგან უკეთ იცავს, ხოლო ღია კანი UV-ის ძალიან დაბალი დონეების დროსაც კი დაზიანების მიმართ დაუცველია, რაც პერსონალიზებული, მზეზე ყოფნის შესახებ რეკომენდაციების საჭიროებას უსვამს ხაზს. მუქი კანის მქონე ადამიანებს მელანინის მეტი დონე აქვთ, რომელიც მავნე UV სხივებისგან ბუნებრივ ფილტრად მოქმედებს.
მუქი კანის მქონე ადამიანებს შეიძლება მზის სინათლე მეტი დოზით დასჭირდეთ, რადგან მელანინის მაღალი დონე D ვიტამინის გამომუშავებას ანელებს
მეისონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დაცვის საჭირო დონე თქვენი კანის ტიპისა და გარემოში არსებული UV გამოსხივების დონის მიხედვით განსხვავდება, მზეზე ყველამ, მათ შორის მუქი კანის მქონე ადამიანებმაც, მზის სათვალე უნდა ატაროს.
მსოფლიოში პირველად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ 2024 წელს, მზეზე ყოფნის რეკომენდაციების განახლებისას, პერსონალიზებული მიდგომა დანერგეს და მოსახლეობა კანის ტიპისა და კანის კიბოს რისკის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს.
მზეზე ჭარბად ყოფნის რისკები
მზეზე ჭარბად ყოფნა D ვიტამინის გამომუშავებას არ ზრდის, თუმცა მზით დამწვრობის, პიგმენტაციისა და ნაადრევი დაბერების რისკს ზრდის და კანის კიბოს მთავარი მიზეზია.
გაერთიანებულ სამეფოში წლის განმავლობაში დიაგნოსტირებული მელანომის (კანის კიბოს ყველაზე სარისკო ტიპი) ახალი შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და პირველად 20 000-ს გადააჭარბა. არაკომერციული ორგანიზაცია Cancer Research-ის განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი UV გამოსხივების ქვეშ დიდი ხნით ყოფნა ან სოლარიუმის გამოყენება იყო. მათი ვარაუდით, შესაძლებელი იყო ყოველი 10 შემთხვევიდან ცხრის თავიდან აცილება. კანის კიბო ასევე აშშ-ში კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა და მოსალოდნელია, რომ ამ წელს ინვაზიური მელანომის დიაგნოზი აშშ-ში 112 000 ადამიანს დაუსვან.
როგორ ზრდის კლიმატის ცვლილება მზისგან მომდინარე რისკებს
კლიმატის ცვლილება კანის კიბოს რისკს ზრდის, რადგან უფრო თბილი ატმოსფერული პირობები დედამიწის ზედაპირამდე მეტი მზის გამოსხივების მისვლის საშუალებას იძლევა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სკანდინავიაში მელანომის შემთხვევების წლიური ზრდა 4%-ს აღემატება, რაც რეგიონში სიცხის ტალღების გახშირებასა და ზაფხულის უფრო ხანგრძლივ პერიოდებთანაა პირდაპირ დაკავშირებული. ადამიანები, რომლებიც ადრე უფრო გრილ რეგიონებში ცხოვრობდნენ, დამცავი ზომების, მაგალითად, ქუდის, დამცავი ტანსაცმლისა და მზისგან დამცავი კრემის გამოყენებას ჯერ კიდევ ვერ ეჩვევიან.
ბავშვობასა და მოზარდობაში მზეზე გატარებული დროის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების თანახმად, ცხოვრების პირველი 20 წლის განმავლობაში მზეზე ყოფნის დრო კანის კიბოს განვითარების ალბათობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს.
მზეზე ჭარბად ყოფნას კატარაქტის განვითარებაც შეუძლია. თვალის ლინზაზე წარმოქმნილი ეს დაბინდული უბნები ჩვეულებრივ ოპერაციით ადვილად განკურნებადია, თუმცა მკურნალობის გარეშე საბოლოოდ სიბრმავეს გამოიწვევს. ექიმები გვირჩევენ, თვალების დასაცავად UV 400 ლინზების მქონე მზის სათვალე ვატაროთ.
თუ მზეს საკმარისად არ მივეფიცხეთ, რა მოხდება?
"თუ იქ ცხოვრობთ, სადაც მზის სინათლე ცოტაა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით ზამთარში, D ვიტამინის დაბალი დონე გექნებათ", — ამბობს როუდსი. მუქი კანის, გარეთ შეზღუდული წვდომის, ფოტომგრძნობელობის მქონე ან კანის დაფარვისკენ მიდრეკილი ადამიანები D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ არიან.
ხანგრძლივმა დეფიციტმა ძვლების დეფორმაცია, მაგალითად, რაქიტი ან ოსტეომალაცია, შეიძლება გამოიწვიოს. რაქიტი პირველად მე-17 საუკუნის ბრიტანეთში, ურბანულ ეპიდემიად გაჩნდა, როცა ქვანახშირის დიდი მოხმარების გამო ქალაქები, მაგალითად ლონდონი, კვამლში იყო გახვეული და ეს ულტრაიისფერ სხივებს კანამდე მისვლას უზღუდავდა.
D ვიტამინის დეფიციტი ადვილად გამოსწორებადია დანამატებით. საკამათოა მხოლოდ ის, საჭიროებს თუ არა ყველა ზრდასრული D ვიტამინის დანამატების მიღებას. დანამატების მიღების რეკომენდაციები ასაკისა და ქვეყნის მიხედვით განსხვავდება.
ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ზამთარში მზის სინათლე შეზღუდულია, მაგალითად, აშშ-სა და კანადაში, საკვები პროდუქტების, მაგალითად სოკოს, მარცვლეულის ან რძის პროდუქტების D ვიტამინით გამდიდრება გავრცელებული პრაქტიკაა.
ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მნიშვნელოვანია, D ვიტამინის ზედმეტი დოზა არ მივიღოთ. დღიურად 4000 IU-ზე (100 მიკროგრამი) მეტის მიღება საზიანოდ ითვლება, რადგან ამან შეიძლება ჰიპერკალციემია გამოიწვიოს, რაც ძვლებს ასუსტებს და თირკმელებსა და გულს აზიანებს.
კოკო შანელის გარუჯვის ეფექტიდან ერთი საუკუნის შემდეგ, მზის აბაზანებისადმი მიდრეკილების რისკებისა და სარგებლის შესახებ ჩვენი გაგება ჯანდაცვის განახლებულმა რჩევებმა და მზისგან დაცვის უსაფრთხოების კამპანიებმა ჩამოაყალიბა.
როგორც მეისონი ამბობს, საუკეთესო მიდგომაა მცირე დოზებით და ხშირად. შუადღისას მზეზე ხშირად და მოკლე დროით ყოფნით, დამცავი ზომების მიღებითა და ხანგრძლივი პერიოდით მზეზე ყოფნისგან თავის არიდებით, განსაკუთრებით დღის პიკურ საათებში, მზის სინათლის სარგებლის მიღება და ამავდროულად მზით დამწვრობისა და კანის კიბოს რისკის მინიმუმამდე დაყვანა შეგვიძლია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები