უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
ფოტო: BBC/ Serenity Strull/ Getty Images
ბავშვობაში დონალდ უნგერს დედა, რამდენიმე დეიდა და მოგვიანებით სიდედრიც აფრთხილებდნენ, რომ თითების მუდმივი ტკაცუნი ართრიტს გამოიწვევდა. მათი სიმცდარის დასამტკიცებლად ის 50 წლის განმავლობაში, დღეში სულ მცირე ორჯერ, ჯამში დაახლოებით 36 500-ჯერ, მარცხენა ხელის თითებს იტკაცუნებდა, ხოლო მარჯვენას არ ეხებოდა.
1998 წელს, 72 წლის ასაკში მან ორივე ხელის რენტგენი გადაიღო, რათა მრავალწლიანი ექსპერიმენტის შედეგი გაეგო. "არცერთ ხელზე არ იყო ართრიტი და ორ ხელს შორის თვალსაჩინო განსხვავებები არ შეიმჩნეოდა", — დაასკვნა მან.
ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანისგან შემდგარი შერჩევა იყო. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანების 20-დან 50%-მდე თითებს ატკაცუნებს. მაშ, არის თუ არა ეს ისეთი რამ, რაზეც უნდა ვინერვიულოთ? შეიძლება თუ არა, რომ ყოველმა ტკაცუნმა ხანგრძლივი ზიანი გამოიწვიოს?
ბუშტუკების საკითხი
ზოგიერთისთვის თითების ტკაცუნი უბრალოდ გაუცნობიერებელი ჩვევაა. სხვებს სახსრების ტკაცუნის შეგრძნება მოსწონთ. თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ქიროპრაქტიკული პროცედურების ტრენდული ვიდეოების სიმრავლით თუ ვიმსჯელებთ, ბევრი ადამიანი ამ ხმის გაგონებით სიამოვნებას იღებს.
ის, რაც სახსრების გატკაცუნებისას ხდება, რეალურად საკმაოდ მარტივია. სახსარი არის ადგილი, სადაც ორი ძვალი ერთმანეთს უკავშირდება. თითებში, კისერსა და ზურგში არსებულ სახსრებს გარს აკრავს სინოვიალური სითხე: კვერცხის ცილის მსგავსი ნივთიერება, რომელიც საპოხის ფუნქციას ასრულებს. როდესაც სახსრებს ატრიალებთ, ექაჩებით და ხრით მათ გასატკაცუნებლად, სახსრის შიგნით არსებული სივრცე დროებით ფართოვდება. ეს სინოვიალური სითხის წნევის დაცემას იწვევს, რის შედეგადაც სითხეში მანამდე გახსნილი აირები ბუშტუკების სახით ჩნდება.
სახსრის ტკაცუნის ხმა, რომელიც სინამდვილეში წარმოქმნილი ბუშტუკების გასკდომის ხმაა, შეიძლება გასაკვირად ხმამაღალი იყოს და 83 დეციბელს მიაღწიოს. ეს დაახლოებით იმ ხმაურის ტოლია, რასაც 64 კმ/სთ სიჩქარით გვერდით ჩავლილი დიზელის სატვირთო ავტომობილი გამოსცემს. როდესაც დეივისის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ულტრაბგერითი აპარატის (ექოსკოპიის) გამოყენებით სახსარს გატკაცუნების პროცესში დააკვირდნენ, მათ "ტკაცუნის" მომენტი აღწერეს ისე, თითქოს ეკრანზე ფოიერვერკი აფეთქდა.
თითქმის უვნებელი ჩვევა
შეიძლება ხმაურიანი იყოს, მაგრამ სახსრების ტკაცუნის ხმა "მხოლოდ ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია", — ამბობს დიდი ბრიტანეთის მანჩესტერის უნივერსიტეტის რევმატოლოგი, კიმ ჰაირიხი.
მაგრამ ნორმალური ყოველთვის უვნებელია?
"რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საგანგაშო ნიშნები, როგორიცაა ტკივილი ან შეშუპება სახსრებში", — აღნიშნავს აშშ-ში, მიჩიგანის შტატში მოღვაწე კერძო პრაქტიკის მქონე ნეიროქირურგი, ჯეი ჯაგანათანი, რომელსაც პაციენტები დაჭიმულობითა და სხვა პრობლემებით უნახავს მას შემდეგ, რაც მათ კისერი ზედმეტი ძალით გაიტკაცუნეს (რაც რეკომენდებული არ არის, ამაზე მოგვიანებით). მაგრამ, ჯაგანათანის თქმით, ზოგადად, როცა სახსრების გატკაცუნების სურვილი გიჩნდებათ, ეს საკმაოდ უვნებლად ითვლება.
ზოგიერთს კვლავ აწუხებს ის ფაქტი, რომ თითების ძლიერმა ტკაცუნმა შესაძლოა თითის ამოვარდნილობა ან მყესების დაზიანება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედმეტ ძალას იყენებთ, ან თითს ისე უხეშად ქაჩავთ, რამაც შეიძლება ის შემთხვევით სახსარს მოსწყვიტოს. ასეთი შემთხვევები მართლაც მომხდარა. მაგალითად, 1999 წელს, ფილადელფიელმა მტევნის ქირურგმა აღწერა, როგორ იღრძო ორმა პაციენტმა თითები მხოლოდ იმიტომ, რომ სასიამოვნო ტკაცუნის ხმის გაგონების ძლიერი სურვილი ჰქონდათ. ნაკლებად ინტენსიური ტკაცუნისას კი მსგავსი შემთხვევები იშვიათია.
ხმა, რომელსაც თითების გატკაცუნებისას გამოსცემთ, შესაძლოა საგანგაშოდ ჟღერდეს, თუმცა უმეტესწილად უვნებელია
ფოტო: BBC/ Serenity Strull/ Getty Images
ადამიანებს, ვისთვისაც სახსრების ტკაცუნი ჩვევაა, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად აწუხებთ, დაემართებათ თუ არა ოსტეოართრიტი. ეს ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც ხრტილის (დამცავი ქსოვილი, რომელიც სახსრებში ძვლებს შორის ბალიშის როლს ასრულებს) ცვეთასთანაა დაკავშირებული.
"ამას ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება როგორც კლინიკაში, ასევე ვახშმის დროს სუფრასთანაც", — ამბობს ჰაირიხი — "ძირითადი პასუხია, რომ არა".
ეს ძველი ხალხური რწმენა არაერთმა კვლევამ უარყო. მათგან ერთ-ერთმა, რომელიც 1975 წელს გამოქვეყნდა, მოხუცთა თავშესაფრის 28 მცხოვრები შეისწავლა და დაადგინა, რომ თითების ტკაცუნის ჩვევის მქონე ადამიანებში დეგენერაციული ართრიტის მაჩვენებელი სხვების მსგავსი იყო.
უფრო ახალმა რეტროსპექტულმა კვლევამ თითების ტკაცუნის ისტორია ოსტეოართრიტის მქონე 215 პაციენტში შეისწავლა და ისინი ამ დაავადების არმქონე საკონტროლო ჯგუფს შეადარა. კვლევამ იგივე დასკვნა დადო: ადამიანის ცხოვრების განმავლობაში თითების ტკაცუნის სიხშირესა და ხანგრძლივობას ოსტეოართრიტის განვითარების რისკზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
გაუფრთხილდით კისერს
თითების ტკაცუნისგან განსხვავებით, ზურგისა და კისრის გატკაცუნება პრობლემურია. კისერში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნერვები გადის, მათ შორის ზურგის ტვინიც.
"ამასთან, კისრის უკანა ნაწილში ორი ძალიან მნიშვნელოვანი არტერია გადის, რომლებიც ტვინისკენ მიემართება", — დასძენს ჯაგანათანი — "ნებისმიერი სახის გადამეტებული მანიპულაცია საშიშია". ეს უბნები მგრძნობიარეა და მათი არასწორად მართვა შეიძლება სერიოზული დაზიანების და ისეთი გვერდითი ეფექტების მიზეზი გახდეს, როგორიცაა კიდურების დაბუჟება და თავბრუსხვევა.
საკუთარი კისრის გატკაცუნება რეკომენდებული არ არის და პროფესიონალების მიერ ჩატარებული მანიპულაციებიც კი საკამათოა. ბრუნელის უნივერსიტეტის კვლევისა და რეაბილიტაციის ცენტრის ნილ ო'კონელმა და მისმა კოლეგებმა 2012 წელს კისრის ქიროპრაქტიკული მართვა "ზედმეტ და მიზანშეუწონელ" პროცედურად შეაფასეს.
ხელის ჩაჭიდების ძალა
თითების ტკაცუნის კიდევ ერთი სავარაუდო საფრთხე ხელის ჩაჭიდების ძალაზე მისი გავლენაა. ეს ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც გულის დაავადებებთან, კოგნიტიურ დაქვეითებასთან, დეპრესიასა და კიბოს ზოგიერთ სახესთან არის დაკავშირებული.
1990 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც თითების ტკაცუნის მოყვარული 74 ადამიანი მონაწილეობდა (რომლებიც ამ "ხელოვნებას" 18-დან 60 წლის განმავლობაში ხვეწდნენ), აჩვენა, რომ მათ, არამტკაცუნებლებთან შედარებით, ხელის სუსტი ჩაჭიდება და მტევნების მეტი შეშუპება აღენიშნებოდათ. თუმცა ეს მიგნებები 2017 წელს გაბათილდა, როდესაც სხვა დამოუკიდებელმა კვლევამ თითების ტკაცუნსა და ჩაჭიდების ძალის შესუსტებას შორის ვერანაირი კავშირი ვერ გამოავლინა.
არსებობს სხვა მითებიც, მაგალითად ის, რომ ხშირმა ტკაცუნმა შეიძლება სახსრების გადიდება ან მყესების მოდუნება გამოიწვიოს, მაგრამ ჰაირიხის თქმით, ეს ყველაფერი სიცრუეა. ზემოთ ნახსენები ულტრაბგერითი კვლევაც ამას ადასტურებს: როდესაც ექიმებმა თითების მტკაცუნებლები ფიზიკურად შეამოწმეს, მათ არანაირი შეშუპება ან რაიმე სახის დაზიანება არ აღმოუჩენიათ.
ზოგიერთისთვის ტკაცუნი შვების შეგრძნებას და სახსრის მოძრაობის დიაპაზონის დროებით გაზრდას იძლევა, რადგან ის სახსარს წელავს და მას მოძრაობის უფრო ფართო დიაპაზონში მოაქცევს. ერთი თეორიის თანახმად, ტკაცუნი სახსრის გარშემო არსებულ ნერვულ დაბოლოებებს ასტიმულირებს, რაც ირგვლივ მდებარე კუნთების მოდუნებას, ტკივილის შემცირებას და ენდორფინების გამოთავისუფლებას იწვევს, თუმცა ეს მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
იმის გათვალისწინებით, რომ თითების ტკაცუნი უმეტესწილად უწყინარია, მისი შეწყვეტის სურვილი შეიძლება მცირე იყოს. მაგრამ, თუ მაინც გსურთ ამის გაკეთება, ჯაგანათანი გირჩევთ, გამოიყენოთ ისეთი ტექნიკები, როგორიცაა კოგნიტიური თერაპია, რათა გააცნობიეროთ რას აკეთებთ და ყურადღების გადამტანი საშუალებები იპოვოთ, რომლებიც ამ ჩვევას შეგაწყვეტინებთ. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენი ტრიგერების ანუ გამომწვევი მიზეზების დღიური აწარმოოთ (თითებს მაშინ იტკაცუნებთ, როცა სტრესში ხართ, მოწყენილი ხართ, თუ ამას დაუფიქრებლად აკეთებთ?) და ხელების დაკავება სტრესის მოსახსნელი ბურთებით ან ანტისტრესული სათამაშოებით სცადოთ.
ზოგადად, ჰაირიხი ამბობს, რომ ტკაცუნი სახსრისთვის უვნებელია. ერთადერთი, რასაც მან შეიძლება ზიანი მიაყენოს, დასძენს ის, თქვენი პირადი ურთიერთობებია, იმ შემთხვევაში, თუკი თითების ტკაცუნი თქვენი მეგობრებისთვის ზედმეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდება.
- რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
- სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
კომენტარები