ჩინეთში ორ ადამიანს, რომელიც COVID-19-ისგან თვეების წინ გამოჯანმრთელდა, სხეულში ვირუსი ხელახლა აღმოაჩნდა. ამან კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა კითხვები იმაზე, თუ რამდენად შეუძლია კორონავირუსს, ინდივიდებში განმეორებით იჩინოს თავი.

პაციენტთაგან ერთი, 68 წლის ქალი, ჰუბეის — ჩინეთის იმ ცენტრალური პროვინციის მკვიდრია, სადაც გასული წლის დეკემბერში ახალი კორონავირუსი პირველად გამოვლინდა. მას COVID-19 ექვსი თვის წინ შეეყარა, შემდეგ გამოჯანმრთელდა, ახლა კი ვირუსზე მისი ტესტის პასუხი კვლავ დადებითი აღმოჩნდა. მეორე პაციენტი აპრილში, საზღვარგარეთიდან დაბრუნების მერე დაავადდა. 10 ასგვისტოს მან შანხაიში განმეორებითი ტესტი გაიეკთა და — მიუხედავად იმისა, რომ არანაირ სიმპტომს არ გრძნობდა — ისიც ინფიცირებული აღმოჩნდა.

ამასთან, ორი პაციენტის არცერთ ახლო კონტაქტს ვირუსი არ დადასტურებია, თუმცა, ოფიციალური ცნობით, ისინი ყველანი კარანტინში იმყოფებიან.

აქამდე ანეკდოტურად არაერთხელ გავრცელებულა ისტორიები "ვირუსის რეაქტივაციის" შესახებ იმ პაციენტებში, რომლებსაც ეგონათ, რომ ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები იყვნენ. მართალია, ისეთი შემთხვევები, როცა გამოჯანსაღებულ პაციენტებს კორონავირუსი ხელახლა უდგინდებათ, იშვიათია, მაგრამ ფენომენის არსებობა მაინც ბადებს კითხვებს იმაზე, თუ რატომ ნარჩუნდება ზოგ ადამიანში სიმპტომები დიდი ხნის განმავლობაში და არის თუ არა ჩვენი ორგანიზმის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ხელახალი ინფიცირებისგან დაგვიცვას.

ზოგიერთი კვლევით დგინდება, რომ ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილი დამცავი ანტისხეულების ოდენობა რამდენიმე თვის შემდეგ იკლებს, რაც პაციენტს იმავე პათოგენისადმი მოწყვლადს ხელმეორედ ხდის. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ძალიან მწირი მტკიცებულება არსებობს იმის, რომ ახალ კორონავირუსით რამდენჯერმე ინფიცირებაა შესაძლებელი.

ზოგიერთი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ მაშინაც კი, როცა ანტისხეულები ქრება, სხვა უჯრედები ორგანიზმს იმუნიტეტით მაინც ამარაგებენ. ამასთან, სამხრეთ კორეაში მომუშავე მკვლევართა ჯგუფი აღნიშნავს, რომ პაციენტის გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში მის სხეულში აღმოჩენილი ვირუსი, შესაძლოა, მკვდარი ვირუსული ნაწილაკების ნაკვალევი იყოს, რომელიც ინფექციური აღარ არის.