NASA-ს მიერ თანამგზავრიდან 14 ივლისს გადაღებულმა ფოტოებმა ჩვენს პლანეტაზე მოვლენათა საგანგაშო განვითარების შედეგი აღბეჭდეს: არქტიკაში, კანადის პროვინცია ნუნავუტში ორი მყინვარული გუმბათი მთლიანად დადნა. უკვე რამდენიმე ათწლეული იყო, რაც სენტ პატრიკის ყურეში არსებული ეს ყინულოვანი საფარი მზარდი სისწრაფით პატარავდებოდა, ახლა კი მათგან აღარაფერია დარჩენილი.

1959 წლის მონაცემებით, მყინვარული გუმბათების ფართობი 7.48 და 2.93 კვადრატული კილომეტრი გახლდათ, 2015 წლისთვის კი მათ ამ მოცულობების მხოლოდ 5 პროცენტის შენარჩუნება შეძლეს. ეს მონაცემები 2017 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ შეკრიბა.

სურათზე ჩანს, წლების განმავლობაში როგორ იკლებდნენ ზომაში მყინვარული გუმბათები.

ფოტო: The University of Colorado at Boulder / The Cryosphere

თოვლისა და ყინულის მონაცემთა ეროვნული ცენტრის (NSIDC) დირექტორმა, მარკ სერეზმა, რომელიც მოცემულ კვლევას ავტორობდა, მაშინ ივარაუდა, რომ მყინვარული გუმბათები 5 წლის შუალედში სრულად გაუჩინარდებოდნენ. უახლესმა სატელიტურმა ფოტოებმა ამ პესიმისტური პროგნოზის სიზუსტე დაადასტურა.

"ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით, რომ კლიმატური ცვლილებების გავლენის ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინო არქტიკაში იქნებოდა", — განაცხადა სერეზმა, — "როცა მე პირველად მოვინახულე ეს მყინვარული გუმბათები, ისინი ლანდშაფტის განუყრელ ნაწილებად გამოიყურებოდნენ. საოცრად რთულია იმის გააზრება, რომ სულ რაღაც 40 წელზე ნაკლებ დროში ისინი სრულად გაუჩინარდნენ".

მარცხნივ ჩანს, როგორ გამოიყურებოდნენ მყინვარული გუმბათები 2015 წელს. 2020 წლისთვის ყინულოვანი საფარი სრულად გაქრა, რაც ნათლად ჩანს მარჯვენა ფოტოზე, რომელიც 14 ივლისაა გადაღებული.

ფოტო: Bruce Raup, NSIDC

მყინვარული გუმბათების გაქრობა იმ გლობალური დათბობის შედეგია, რომელსაც მეტწილად ადამიანების ქმედებით განპირობებული კლიმატური ცვლილებები იწვევს. უკვე თვალსაჩინოდ დოკუმენტირებულია ის ფაქტი, რომ არქტიკის ყინულოვანი საფარი პლანეტის სხვა ნაწილებთან შედარებით ორჯერ სწრაფად დნება. 2000-დან 2015 წლამდე პერიოდში ელსმირის კუნძულზე საშუალო ტემპერატურამ 1 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა. მიჩნეულია, რომ აწ უკვე დამდნარი ყინულის დიდი ნაწილი 2015 წლის გამორჩეულად ცხელ ზაფხულში გაუჩინარდა.

მეცნიერები შიშობენ, რომ მურეის და სიმონსის მყინვარული გუმბათებიც, რომლებიც ასევე ჰეიზენის ტბის ზეგანზე მდბარეობენ, მალე იმავე ტრაგიკულ ბედს გაიზიარებენ. რადგან ეს ორი მყინვარული გუმბათი ზღვის დონიდან შედარებით მაღლა მდებარეობს, მათი დნობის ტემპი უფრო ნელია. თუმცა თუ არქტიკაში ტემპერატურა მატებას განაგრძობს, მაშინ ისინიც — როგორც სხვა მრავალი მყინვარული გუმბათი — მალევე გაუჩინარდებიან.