1979 წლიდან პოპულარული სატელევიზიო სერიალის საქვეყნოდ ცნობილი რობოტის, Gundam-ის კონსტრუქციის მშენებლობა იანვრიდან მოყოლებული მიმდინარეობდა. რობოტის სიმაღლე დაახლოებით 18 მეტრია — დიახ, ის იმდენად დიდია, რომ იაკოჰამას პორტიდან მისი ვერდანახვა შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო რობოტის მშენებლობის ტემპი შენელდა, მუშაობა არ შეწყვეტილა და ინჟინრების პროგრესი სახეზეა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ დგამს უზარმაზარი კონსტრუქცია საცდელ პირველ ნაბიჯებს — მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერჯერობით უთავოა.

ვიდეო, როგორც ჩანს, აჩქარებულია. შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად დიდხანს გრძელდებოდა ფეხის აწევის პროცესი, თუმცა ვიცით, რომ ეს სამომავლო გასეირნებებისთვის განკუთვნილ ტესტს წარმოადგენდა.

რობოტი, თავის ჩათვლით, 25 ტონას იწონის და Popular Mechanics-ის მიხედვით, მას თითქმის ნებისმიერ სივრეცში გადაადგილების უნარი აქვს. მას ასევე ხელები და თითებიც ექნება. თითოეული ხელი, თითის წვერიდან მაჯამდე, დაახლოებით 2 მეტრი იქნება.

რობოტის წონა ინჟინერებისა და დიზაინერების ფრთხილი მუშაობის შედეგია. მისი შემქმნელი კომპანიის, Gundam Factory Yokohama-ის YouTube არხზე რამდენიმე ვიდეოა განთავსებული, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შეიმუშავეს დიზაინი და როგორ ააგეს ინჟინრებმა Gundam.

დიზაინერთა გუნდის ხელმძღვანელის, ჯუნ ნარიტას თქმით, ძრავებისა და ნივთიერებების სპეციალური ტიპები შეირჩა, რათა რობოტი მსუბუქი ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ხელის წონა დაახლოებით 500 კილო იქნებოდა.

რობოტის საჯარო გამოსვლა ოქტომბერში იგეგმებოდა, თუმცა კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, პანდემიის გამო ამ თარიღმაც გადაიწია.