დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია — რა გავიგეთ შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნიდან
"დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილის წინა ახლო პერიოდში" — ეს არის ამონარიდი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნიდან, რომელიც პროკურატურამ დღეს გაავრცელა.
"შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულასმი დამოებში".
დოკუმენტში წერია, რომ დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და მკვრივი-ბლაგვი საგნით, სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია მიყენებული. ექსპერტიზის დასკვნით, ეს დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.
ექსპერტიზა ამბობს, რომ ფეხბურთელუს გარდაცვალების მიზეზი ეს დაზიანებები არ გამხდარა და ის ასფიქსიით, წყალში დახრჩობით დაიღუპა.
დასკვნაში მითითებული არ არის, რამდენი ხანი იყო ცხედარი წყალში. ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე 48 საათზე მეტია გასული.
გარდა ამისა, დოკუმენტით ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები მიყენებულია სიკვდილის შემდეგაც — კანის ზედაპირული აშრევებული უბნები და მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული კანის დეფექტი სისხლჩაქცევების გარეშე განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიკვდილის პერიოდში. მას რაიმე სახის ჭრილობა არ აღენიშნებოდა.
ექსპერტიზამ შეისწავლა შაქარაშვილის სხეულიდან აღებული სისხლი, რომელშიც აღმოჩნდა 0,85‰ ეთილის სპირტი. ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოთროპული ნივთიერებები.
გვამის გარეგანი დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სახისა და კიდურების ძვლები ხელის შეხებით მთელია. ამასთან, შინაგანი დათვალიერებით ძვალ-სახსროვანი სისტემა ტრავმული პათოლოგიის გარეშეა.
დოკუმენტში აღწერილია, რა ეცვა შაქარაშვილს წყალში აღმოჩენისას. არაფერია ნათქვამი ფეხსაცმელსა და წინდებზე, შესაბამისად შეიძლება ვთქვათ, რომ წყლიდან ამოყვანისას, მას არც წინდები და არც ფეხსაცმელი არ ეცვა.
ჯერჯერობით უცნობია ჩანთაზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები, ასევე, ნაპოვნია თუ არა ფეხბურთელის ფეხსაცმელი და წინდები. გამოძიებას ამ დრომდე არ უპასუხია არც ადგილზე ნაპოვნი წინდების შესახებ კითხვაზე, ვის ეკუთვნის ის და ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა.
საქმეში გამოკვეთილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ დღეს გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე პროკურატურამ შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილს ახალი მუხლი დაამატა — დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. ამ მუხლის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უწყება გამორიცხავს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებების შემდეგ შაქარაშვილი მდინარეში შესვლას სხვა პირის ან პირების ზემოქმედების გარეშე, რადგან სიკვდილის მიზეზი არის ასფიქსია, დახრჩობა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
კომენტარები