ჩაერთე და მართე — როგორ დავეხმაროთ ჩვენს მხარეს განვითარებაში
ის ადგილი, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ, გვგონია, მშობლიურ მხარეში ყველა შესაძლებლობა ავითვისეთ, ის მეტს ვეღარაფერს შემოგვთავაზებს და უკეთესი ცხოვრების საძიებლად მისი დატოვება გვიწევს. ასეთ დროს, ალბათ, იმასაც ვფიქრობთ, რომ დადებით ცვლილებებს ჩვენ იქ ვეღარ მოვიტანთ და ეს მხოლოდ ხელისუფლების მაღალ რანგებში მყოფ ადამიანებს ძალუძთ. არადა, სინამდვილეში, რეგიონში მცხოვრები ადამიანები ყველაზე უკეთ გრძნობენ, რა პოტენციალი აქვს მათ მხარეს და სწორედ მათ იციან სხვებზე მეტად, როგორ გადააქციონ ის უკეთეს საცხოვრებელ ადგილად. თუმცა, ზოგჯერ ადგილობრივებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მართონ პროცესები საკუთარ მიკროსოციუმში.
ამ სტატიაში მოგიყვებით გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კამპანიაზე, "ჩაერთე და მართე, მიეხმარე შენს მხარეს", რომელიც დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, ახლოს გაგაცნობთ ინგა მეტრეველისა და ლილიანა მაისურაძის საქმიანობას. ისინი რაჭა-ლეჩხუმში ქალების გაძლიერების პროექტს — WERKS— ხელმძღვანელობენ.
რა არის დეცენტრალიზაცია?
დეცენტრალიზაცია თვითმმართველობის გაძლიერებასა და ადგილობრივ დონეზე უფრო მეტი უფლებებისა და რესურსების გადაცემას ნიშნავს. მისი მეშვეობით შესაძლებელია ეფექტიანი და ყველასთვის სასიკეთო ურთიერთობების ჩამოყალიბება — ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მაღალი ჩართულობის, მართვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიღწევა.
გარდა ამისა, დეცენტრალიზაციით ძლიერდება ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები და შესაძლებლობები, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც უფრო დაცულია და პრობლემებიც მარტივად გვარდება.
ეს უფლება-მოვალეობები მუნიციპალიტეტისთვის ადმინისტრირებას, ქონების მართვას, სერვისების მიწოდებას, განათლებას, ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების მართვას, სოფლის მეურნეობას და სოციალურ უსაფრთხოებას მოიცავს, ხოლო მოქალაქეებისთვის მეტ ჩართულობას და სწრაფ და ეფექტიან სერვისებს გულისხმობს. შედეგად კი ვიღებთ სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ თვითმმართველობის სისტემას.
ჩაერთე და მართე, მიეხმარე შენს მხარეს
დეცენტრალიზაციას რამდენიმე უპირატესობა აქვს: მისი დახმარებით თვითმმართველობას უკეთ ესმის ადგილობრივი საჭიროებები და შეუძლია, სწრაფად და ეფექტიანად მოაგვაროს პრობლემები. ძლიერი თვითმმართველობა ხელს უწყობს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას და, შესაბამისად, აუმჯობესებს მოქალაქეთა ცხოვრების დონეს. სწორედ ამ მიზნებით ჩამოყალიბდა დეცენტრალიზაციის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი კამპანია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
კამპანიის მიზანია:
- მოსახლეობის უკეთ ინფორმირება ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ;
- გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა;
- ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური განვითარების და კარგი მმართველობის ხელშეწყობა.
კამპანია ორი უმსხვილესი პროექტის ფარგლებში ხორციელდება: რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, ფაზა 2 (FRLD2) და დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობა (DGG). პირველი პროექტის ფარგლებში 2019 წელს კონკურსში გამარჯვებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გრანტები მიიღეს, უშუალოდ მუნიციპალიტეტებისთვის კი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. ორივე სქემის მიზანი რეგიონებისთვის დასაქმების და მდგრადი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნაა.
პირველი პროექტი 4 რეგიონს ფარავს: რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიას და ქვემო ქართლს. მეორე პროექტი კი ქვემო ქართლის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამოქალაქო ჩართულობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ორგანიზაციასთან, "ორბელიანი", თანამშრომლობით, პროექტი იმ სამოქალაქო ინიციატივებს ახორციელებს, რომელთა მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაა.
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი თინათინ ტყეშელაშვილი გვიყვება, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ინიციატივების მხარდაჭერისთვის ორგანიზაციამ ორი მიდგომა შეიმუშავა. ერთი მუნიციპალიტეტებს ეხება, მეორე კი სამიზნე რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელ პროგრამებს მოიცავს.
"დაფინანსების ორი პროგრამით ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ განვითარების პროცესში მონაწილეობითი მიდგომის დანერგვას და საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების თანამშრომლობას. იდეების მიღების შემდეგ მათ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით განვიხილავთ, შემდგომ კი საუკეთესო იდეებს ვაფინანსებთ. ჩვენი გუნდი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროექტებში და რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებს, რათა აღნიშნული საპილოტე პროექტები წარმატებით განხორციელდეს", — აღნიშნავს თინათინი.
ის გვიყვება, რომ ამ ეტაპზე 23 სამიზნე მუნიციპალიტეტში 15 (8 მუნიციპალური და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის) პროექტი მიმდინარეობს, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისთვის ახალი უნარების განვითარებას, დასაქმებას და თვითდასაქმებას, შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენას, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაზრდას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას უწყობს ხელს. მიმდინარე პროექტებით საერთო ჯამში გეგმავენ, დაახლოებით 5 ათასი პირდაპირი და 400 ათასი არაპირდაპირი მოსარგებლე მოიცვან.
"პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მოგვიწია ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიმდინარე პროექტების გადახედვა და დაგეგმილი საქმიანობების შექმნილ რეალობაზე მორგება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური ზიანის ფონზე, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების საჭიროება და მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ინიციატივები საპილოტეა და ჩვენი მიზანია, შემდგომ ეტაპზე დაფინანსების ორივე პროგრამა დავხვეწოთ, რათა მსგავსი ინიციატივების მასშტაბები გაიზარდოს და ამ პროგრამაში მეტი მუნიციპალიტეტი ჩაერთოს", — აღნიშნავს თინათინი.
ქალები რაჭა-ლეჩხუმის ეკონომიკური განვითარებისთვის
რაჭაში არსებული ეკონომიკური სირთულეები ყველასთვის თვალსაჩინოა. სამუშაო ადგილები მწირია, მაღალია ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქის მიმართულებით. ამ ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობაც, უმეტესად, პრობლემურია. სწორედ ამიტომ, ქალებმა ონიდან გადაწყვიტეს, ადგილობრივი ქალების გასაძლიერებლად, გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, ახალი პროექტი WERKS - ქალების გაძლიერება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში წამოეწყოთ. ამ მიზნით, რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი თექის სახელოსნო ედენასთან გაერთიანდა და მათ რაჭველი და ლეჩხუმელი ქალების ხელშეწყობის მიზნით მუშაობა დაიწყეს.
"ჩვენი მიზანი იყო, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი თუ იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა. გადავწყვიტეთ, მათთვის რეწვის სხვადასხვა სახეობა გვესწავლებინა და ახალი პროფესია მიგვეცა. ამჟამად პროექტში 80 ქალია ჩართული. ისინი გადამზადების კურსებს გადიან. საბოლოოდ კი 25 მათგანი სახელოსნოში დასაქმდება", — გვიყვება პროექტის ხელმძღვანელი, ინგა მეტრეველი.
კორონავირუსმა დაბრკოლებები მათაც შეუქმნა, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე აქტიურად გააგრძელეს მუშაობა. გაარემონტეს სახელოსნო, მიმდინარეობს ეთნო-ტურისტული, სოციალური მაღაზიის მშენებლობა, ვორქშოპებიც დაწყებულია და როგორც ინგა აღნიშნავს, ქარგვის ერთმა ჯგუფმა სწავლის პროცესი უკვე დაასრულა.
"შედეგები გასაოცარია. ერთ-ერთი პარტნიორის დახმარებით, ნამუშევრები გერმანიაში, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში გავაგზავნეთ. მათ შორის იყო ნაქარგები, თექასა და ბატიკაში შესრულებული ნამუშევრები. მუშაობის პროცესი კი კიდევ უფრო საინტერესოა, მათი ენთუზიაზმი და საქმისადმი ინტერესი ძალიან აღმაფრთოვანებელია", — აღნიშნავს ინგა.
ის გვიყვება, რომ მათი მთავარი მიზანია, შექმნან ისეთი ნამუშევრები, რომელიც მხოლოდ კედელზე არ დაიკიდება და პრაქტიკული გამოყენებაც მოეძებნება. ამიტომაც ქმნიან აქსესუარებს ტანსაცმლის გასაფორმებლად, ჩანთებს, საყურეებს თუ თმის შესაკრავებს ტრადიციული ნაქარგებით.
ჩვენი მიზანი იყო, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი თუ იძულებით გადაადგილებული ქალებისთვის ახალი შესაძლებლობები შეგვექმნა. გადავწყვიტეთ, მათთვის რეწვის სხვადასხვა სახეობა გვესწავლებინა და ახალი პროფესია მიგვეცა
პროექტი 2021 წლის მარტის ბოლომდე გრძელდება. მანამდე კი რეწვის გარდა კიდევ რამდენიმე მასშტაბურ იდეას ახორციელებენ. ისინი იმ ადგილობრივ ქალებს, რომლებიც საოჯახო სასტუმროების მცირე ბიზნესს იწყებენ, ინტერიერის დიზაინს თუ მარკეტინგის საფუძვლებს შეასწავლიან, ასევე პანდემიის პერიოდში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაციას აწვდიან. გარდა ამისა, საოჯახო სასტუმროების მასპინძლებისა თუ ლორისა და თაფლის მწარმოებელი ფერმერებისთვის საინფორმაციო მასალებსა და ფლაერებს ბეჭდავენ. ნაწილი ამ ადამიანებს დაურიგდებათ, ნაწილი კი ეთნო-მაღაზიაში განთავსდება.
ფოტო: ედენა / FB
ეთნო-მაღაზიას, სახელად "ეთნო-ონი", სოციალური დატვირთვაც ექნება: აქ არა მხოლოდ სახელოსნო ედენაში დასაქმებული ქალების ნამუშევრები განთავსდება, არამედ რეწვის სხვა ოსტატებსაც დაეთმობათ სივრცე. "აქ რაჭის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში მოიყრის თავს. განთავსდება როგორც ნამუშევრები, ისე საინფორმაციო მასალა სასტუმროებისა თუ ადგილობრივი ნატურალური პროდუქციის შესახებ", — ამბობს ინგა.
პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა რაჭის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთანაც მიმდინარეობს. "არაჩვეულებრივი მუზეუმი გვაქვს როგორც თავისი შინაარსით, ისე ექსპონატებით. მართალია, შენობა ცოტათი მოძველებულია, მაგრამ მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობაც. გარდა ამისა, შენდება რაჭა-იმერეთის მოკლე გზაც, დიდი სამუშაოებია გაწეული რაჭის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკის მიმართულებით და ეს ყველაფერი, ვფიქრობ, რაჭის მიმართ ინტერესს გამოაცოცხლებს", — ამბობს ის.
ინგა გვიყვება, რომ მუზეუმში გამორჩეული ექსპონატებია დაცული — არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები, ძვ.წ.აღ. IV საუკუნიდან ახ.წ.აღ. III საუკუნემდე დათარიღებული ბალთები, რომლებიც ტრადიციულ რიტუალებში გამოიყენებოდა. სახელოსნოში სწორედ ამ ექსპონატებზე არსებულ ორნამენტებს აცოცხლებენ, ახალ ნივთებზე გადააქვთ და მუზეუმსაც დიდ პოპულარიზაციას უწევენ.
ფოტო: ედენა / FB
სახელოსნო ედენას დამფუძნებელი და პროექტის კოორდინატორი ლილიანა მაისურაძე გვიყვება, რომ ედენა აქამდე მხოლოდ თექის მიმართულებით მუშაობდა, თუმცა ახლა გააფართოვეს საქმიანობა და ქალებს სხვადასხვა სახის ნაქარგებს, თექაზე მუშაობას, აბრეშუმზე ხატვას — ბატიკას, მინანქარსა და ხის ნაკეთობების შექმნას ასწავლიან. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა მან თავად ასწავლა ექვს ქალს ხელსაქმე. ისინი კი ახლა 80 ქალს გადასცემენ თავიანთ ცოდნას.
საერთო ჯამში, 80 პირდაპირი ბენეფიციარის გარდა, პროექტით 200-მდე ირიბი ბენეფიციარიც ისარგებლებს. UNDP-ს დახმარებით ჩვენ საკუთარი სივრცე გვაქვს, სახელოსნოც გარემონტდა, შენდება მაღაზია და ბაზარზე პროდუქციის გატანას ვგეგმავთ
ლილიანა აღნიშნავს, რომ რაჭის ტურისტული პოტენციალის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია. არადა, ეს მხარე მდიდარია ბუნების ძეგლებით, მღვიმეებით თუ ტბებით. ამიტომ, ინფორმაციის გავრცელებისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამომავლოდ ეთნოლოგიური ფესტივალის ჩატარებასაც გეგმავენ, სადაც წარმოდგენილი იქნება რაჭული რეწვა, ადგილობრივი სამზარეულო, პროდუქტები და ა.შ.
ფოტო: ედენა / FB
ლილიანა გვიყვება, რომ რაჭაში საუკუნეების განმავლობაში კაცები — ხის ნაკეთობებს, ხოლო ქალები ქუდებს ამზადებდნენ. ეს ტრადიცია სახელოსნო ედენაში აღადგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი საქმიანობებიც დანერგეს. მიზანი ერთი იყო, ქალებს ესწავლათ ხელსაქმე და დასაქმების შესაძლებლობები გასჩენოდათ.
პროექტი ონის გარდა ქვემო რაჭასაც მოიცავს, სადაც პერიოდულად პროექტის ხელმძღვანელები ტრენინგებს ატარებენ. საერთო ჯამში, 80 პირდაპირი ბენეფიციარის გარდა, პროექტით 200-მდე ირიბი ბენეფიციარიც ისარგებლებს. UNDP-ს დახმარებით მათ საკუთარი სივრცე აქვთ, სახელოსნოც გარემონტდა, შენდება მაღაზია და ბაზარზე პროდუქციის აქტიურად გატანას გეგმავენ.
რაჭველი და ლეჩხუმელი ქალების გაძლიერების პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალ პროექტთაგან, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ისტორიები მრავალია: გურიიდან სამეგრელომდე, ცაგერიდან მარნეულამდე, ადგილობრივები საკუთარი რეგიონების ტურისტული პოტენციალის, პროდუქტის თუ ეკონომიკის გაძლიერებაზე ზრუნავენ. შედეგად კი ვიღებთ ძლიერ მუნიციპალიტეტებს, სადაც ცხოვრება უფრო საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე ხდება.
კომენტარები