წყალმცენარეებმა იტალიის ალპების თოვლი გაავარდისფერეს
იტალიაში მეცნიერები ალპებში მდებარე ყინულის ფერის უეცარ შეცვლას იკვლევენ, რომელსაც გლობალური დათბობის დამჩქარებელი წყალმცენარეები იწვევენ.
ამჟამად ზუსტად არ იციან, თუ საიდან გაჩნდნენ ეს წყალმცენარეები ალპებში, თუმცა იტალიის ეროვნული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრმა, ბიაჯიო დი მაურომ განაცხადა, რომ ყინულის გავარდისფერება იმ წყალმცენარეებმა გამოიწვიეს, რომლებიც გრენლანდიაში მოიპოვებიან.
"ეს წყალმცენარეები გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდებში შუა განედებსა და პოლუსებზეც ბუნებრივი მოვლენაა", — აცხადებს მაურო.
მცენარე, რომელსაც Ancylonema nordenskioeldii ჰქვია, გრენლანდიის ეგრეთ წოდებულ "ბნელ ზონაში" გვხვდება, სადაც ასევე დნება ყინული. როგორც წესი, ყინული მზის გამოსხივების 80%-ს ირეკლავს, ამ მცენარის გამოჩენის შემდეგ კი ის უფრო მუქი ხდება და მეტ სითბოს შთანთქავს, რაც მის უფრო სწრაფად დნობას იწვევს.
"ყველაფერს, რაც ყინულს ამუქებს, მის უფრო დაჩქარებულ დნობამდე მივყავართ", — აღნიშნა მაურომ.
მომხდარით შეშფოთებულნი არიან ალპებში მყოფი ტურისტებიც. "პლანეტის დათბობა მწვავე პრობლემაა, ეს წყალმცენარეები კი სიტუაციას აუარესებენ", — განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა, მარტა დურანტემ.
კომენტარები