ზოგი ქვირითიდან თევზი მას შემდეგაც იჩეკება, რაც მას იხვი შეჭამს და მოისაქმებს
თევზის კვერცხები, რომლებსაც იხვები ჭამენ, საკმაოდ რთულ გზას გადიან, იქნება ეს კუჭის კუნთების მიერ მისი დაზიანება თუ მჟავების თავდასხმა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ზოგიერთი ქვირითი ამ პროცესის გავლის შემდეგ ექსკრემენტებში სრულიად უვნებლად ხვდება.
"კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება თევზების პოპულაცია იზოლირებულ წყლებში საუკუნეების განმავლობაში პასუხგაუცემელი იყო", — განაცხადა ბიოლოგმა პატრიცია ჰოლმმა. მისი თქმით, ამ კვლევამ, შესაძლოა, აჩვენოს, თუ როგორ ავრცელებენ წყლის ჩიტები თევზებს.
ჩიტის ბუმბულებს, ფეხებს და ექსკრემენტებს ბევრი მცენარის თესლისა და უხერხემლოების გავრცელება შეუძლია, მაგრამ რადგანაც თევზის კვერცხები ძალიან ნაზები არიან, მკვლევრებს ვერ წარმოედგინათ, რომ მათ ჩიტების ნაწლავში გადარჩენა შეეძლოთ.
მკვლევრებმა ლაბორატორიაში რვა გარეული იხვი კობრის ათასობით ქვირითით გამოკვებეს. ექსკრემენტებში გადაყლაპული კვერცხების დაახლოებით 0,2% — 18 ცალი 8 ათასიდან — ჯანმრთელი იყო. ზოგიერთი კვერცხი დაკლაკნილ ემბრიონსაც შეიცავდა, ზოგიერთი კი გამოიჩეკა, თუმცა უცნობია, შეუძლიათ თუ არა ქვირითებს ამ გზით ველურ ბუნებაში გადარჩენა.
იხვებმა გადარჩენილი კვერცხების უმრავლესობა მათი შეჭმიდან ერთი საათის განმავლობაში მოისაქმეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მომთაბარე იხვებმა მსგავსი ქვირითის მოსაქმებამდე, შესაძლოა, ასობით კილომეტრი გაიარონ.
მართალია, გადარჩენილი კვერცხების რაოდენობა დაბალია, მაგრამ მთლიანობაში მათი რიცხვი მაინც საგულისხმოა. სწორედ ამიტომ ჩიტების განავალი თევზების გასავრცელებლად, შეიძლება, მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენდეს. კობრისებრთა ოჯახის წევრი თევზები ათასობით კვერცხს დებენ, მკვლევრების თქმით კი, გარეული იხვებისა და წყლის სხვა ჩიტების უმეტესობა სწორედ მათი ქვირითით იკვებება.
კვლევა 22 ივნისს ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები