კვანტური კომპიუტერებისთვის პროგრამირების უნივერსალური ენა შეიქმნა
კომპანია Quantum Machines-მა, ოთხშაბათს კვანტური გამოთვლებისთის უნივერსალური ენა — QUA წარმოადგინა. კვანტური კომპიუტერების აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ QUA მკვლევრებს კომპლექსური კვანტური პროგრამების ინტუიციურ დაპროგრამებაში დაეხმარება, რომლებიც კოდის კლასიკურ აღსრულებასა და რეალურ დროში გადაწყვეტილების მიღების პროცესთან მჭიდრო ინტეგრაციაში იქნებიან.
Quantum Machines-ის თქმით, ახალი ენა პირველია, რომელიც კვანტური კომპიუტერების მომავალი პროგრამული უზრუნველყოფის ყველა მოთხოვნას შექმნის დონეზე აკმაყოფილებს.
კვანტური კვლევებისა და განვითარებისთვის გამოწვევად რჩება ის გარემოება, რომ თითოეული კვანტური კომპიუტერი, საკუთარი უნიკალური სტრუქტურის გამო, მხოლოდ მისი შემქმნელი სპეციალისტების მიერ შერჩეული პროგრამირების ენის გამოყენებით მუშაობს.
"თითოეული მსგავსი სისტემის უნიკალურობის გამო, კვანტური კომპიუტერისთვის კოდირებაზე და ახალი პროგრამების ან ალგორითმების შექმნაზე სპეციალისტები უსაზღვროდ დიდ დროს კარგავენ, ხოლო ნებისმიერი ცვლილება პროცესის თავიდან გაშვებას ან საკონტროლო მოწყობილობის გადაწყობას საჭიროებს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თქმით, ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რის გამოც მსგავსი პროექტების შედარებით სრულყოფილ სისტემებამდე და ალგორითმებამდე განვითარება მნიშვნელოვნად რთულდება.
QUA იმპულსურ დონეზე მომუშავე პროგრამირების ენაა კვანტური კომპიუტერებისთვის, რომელიც კვანტური გამოთვლებისთვის პროგრამების შექმნას უნივერსალურ დონეზე უზრუნველყოფს.
QUA კვანტურ ოპერაციებს დაუმუშავებელ, იგივე იმპულსურ ფორმატში უნივერსალურ კლასიკურ ოპერაციებთან აერთიანებს.
"აღნიშნული ენა მკვლევრებს ისეთი პროგრამების შექმნის საშუალებას აძლევს, რომლებიც დღეს გამოხატვის ზღვარს სცდება, დაწყებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კუბიტების კალიბრაციით და დამთავრებული რამდენიმე კუბიტისგან შემდგარი კვანტური შეცდომების გამოსწორებით", — აცხადებენ კომპანიაში.
ტექნოლოგიური და კომერციული თვალსაზრისით, QUA შექმნილია როგორც ინტუიციურად გასაგები ენა, რომელიც QM-ს მიერ შექმნილ XQP კომპილატორს ეფუძნება და მიზნად ისახავს მრავალი რთული კვანტური და კლასიკური ოპერაციის გაერთიანებას.
XQP კვანტურ პროგრამებში Pulse Process-ის ასემბლერს იყენებს, რომელიც კოდს მინიმუმამდე დაყვანილი დაყოვნებით და მაღალი სიზუსტით აღასრულებს.
QUA ასევე ინტეგრირებულია Quantum Orchestration Platform-ში, რომელიც გუნდებს ყველაზე კომპლექსური კვანტური შესწორების და ჰიბრიდული კვანტურ-კლასიკური ალგორითმების გამოცდის საშუალებას აძლევს.
კომენტარები