მკვლევრებმა სინთეტური სისხლის წითელი უჯრედები შექმნეს, "გაუმჯობესებული თვისებებით"
მეცნიერებმა ხელოვნური სისხლის წითელი უჯრედები შექმნეს, რომლებიც ბუნებრივი ერითროციტების ისეთ თვისებებს იმეორებს, როგორიცაა მოქნილობა და ჟანგბადის ტრანსპორტი.
აქამდე არსებული ხელოვნური წითელი უჯრედების უმეტესობას ბუნებრივი უჯრედების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე თვისება ახასიათებდათ. ახლა შექმნილ უჯრედებს კი ერითროციტების არამხოლოდ ყველა თვისება, არამედ რამდენიმე ახალიც კი აქვთ.
სისხლის წითელ უჯრედებს ფილტვებიდან ჟანგბადი მთელ სხეულში გადააქვთ. ამ დისკის ფორმის უჯრედებში ჰემოგლობინის მილიონობით მოლეკულას ვხვდებით — რკინის შემცველ ცილებს, რომლებიც ჟანგბადს ებმიან. წითელი უჯრედები საკმაოდ მოქნილები არიან, რაც მათ საშუალებას აძლევს პაწაწინა კაპილარებში გაიარონ და შემდეგ ისევ საკუთარ ფორმას დაუბრუნდნენ.
მკვლევართა გუნდს ისეთი წითელი უჯრედების შექმნა სურდა, რომლებსაც მათი ბუნებრივი ანალოგების თვისებები ექნებოდათ, თუმცა ამავდროულად ახალი დავალებების შესრულებასაც შეძლებდნენ, მაგალითად, მაგნიტური ველებით ან მის გარეშე თერაპევტული მედიკამენტების დანიშნულების ადგილებამდე მიტანას და ტოქსინების ამოცნობას.
მკვლევრებმა ხელოვნური უჯრედების შესაქმნელად ადამიანის სისხლის წითელი უჯრედები გამოიყენეს, რომლებიც კვარცის ფენით დაფარეს. უჯრედებს გარშემო დადებითად და უარყოფითად დამუხტული პოლიმერების მრავალი ფენა შემოარტყეს და შემდეგ კვარცი მოაშორეს. საბოლოოდ გუნდმა უჯრედებს გარშემო ბუნებრივი ერითროციტების მემბრანა მიიღო.
გუნდის მიერ შექმნილი ხელოვნური წითელი უჯრედები ისეთივე აღმოჩნდა, როგორც ბუნებრივი — ზომით, ფორმით და ცილების რაოდენობით. ასევე, მათ კაპილარებში გავლა ფორმის დაკარგვის გარეშე შეძლეს. თაგვებში ხელოვნურმა უჯრედებმა 48 საათის განმავლობაში გაძლეს, თანაც ისე, რომ ტოქსიკურობა არ გამოუვლენიათ.
შემდეგ მკვლევრებმა უჯრედები ჰემოგლობინით, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტით, ტოქსინების სენსორითა და მაგნიტური ნანონაწილაკებით დატვირთეს, რათა ეჩვენებინათ, რომ მათ ტვირთის ტარება შეუძლიათ. ახალმა უჯრედებმა ასევე ბაქტერიული ტოქსინებისთვის სატყუარას როლიც მოირგეს.
სამომავლო კვლევები ხელოვნური წითელი უჯრედების პოტენციალს სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებაში გამოცდის, მათ შორის კიბოს თერაპიაში.
კვლევა ჟურნალ ACS Nano-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები