თბილისის მერის ინფორმაციით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ 300-ლარიან დახმარებას ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებიც მიიღებენ.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ამისთვის საჭირო იქნება მინიმალური პროცედურების გავლა და შესაბამისი სამსახურებისთვის მონაცემების მიწოდება. მან მოადგილეებს დაავალა ინფორმაცია კომპანიას მიაწოდონ.

თბილისის მერ მა მიკროავტობუსების მძღოლებს ამ პერიოდში ექიმების, ასევე კარანტინიდან ხალხის გადაყვანისთვის მადლობა გადაუხადა.

"ყველა საკარანტინე სივრციდან დედაქალაქის მერიამ უზრუნველყო ადამიანების საკუთარ სახლებში დაბრუნება, პირდაპირ ოჯახებში მიგვყავდა ადამიანები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიკროავტობუსების მძღოლებს თანამშრომლებისთვის და თანადგომისთვის", — თქვა კალაძემ.

დღესვე, მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ ტაქსის მღოლები, რომლებსაც ლიცენზია აქვთ.