აშშ-ის CDC: სოციალური დისტანცია ცხოველებმაც უნდა დაიცვან
ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები მოპსი, სახელად უინსტონი, შესაძლოა, პირველი ძაღლი იყოს აშშ-ში, რომელიც COVID-19-ით ინფიცირდა.
უინსტონს ვირუსი დიდი ალბათობით თავისი პატრონებისგან — დედისგან, მამისგან ან შვილისგან გადაედო, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულები. აღსანიშნავია, რომ მათ კიდევ ერთ შვილს COVID-19 არ აღმოაჩნდა.
"მოპსები საკმაოდ უცნაურად ახველებენ და აცემინებენ, ამიტომ უჩვეულო არაფერი შეგვინიშნავს მანამდე, სანამ მან საკვებზე უარი არ თქვა. მოპსების პატრონებმა იციან, რომ მათ ჭამა ძალიან უყვართ, ეს კი ნამდვილად უჩვეულო იყო", — აცხადებს მისი ერთ-ერთი პატრონი.
საკმაოდ დამაინტრიგებელია ის ფაქტი, რომ ოჯახის დანარჩენი ცხოველები — კიდევ ერთი ძაღლი და ორი კატა ინფიცირებულები არ აღმოჩნდნენ. უინსტონი ამჟამად გამოჯანმრთელების გზაზეა, იგი ავად სულ რაღაც რამდენიმე დღე იყო.
ეს ამბავი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მიმდინარე კვირას გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა ცხოველების შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ.
შინაური ცხოველების პატრონებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციების მიხედვით, ცხოველს სხვა ადამიანებთან ან სხვა ძაღლებთან კონტაქტის საშუალება არ უნდა მისცენ, ასევე მათ ძაღლები სხვებისგან დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით უნდა ასეირნონ.
ასევე რეკომენდებულია, რომ ინფიცირების შემთხვევაში, თქვენს შინაურ ცხოველზე ოჯახის სხვა წევრმა იზრუნოს, ხოლო იმ შემთხვევაშ თუ ეს შეუძლებელია, პატრონებმა ძაღლებთან ურთიერთობამდე და ურთიერთობის შემდეგ უნდა დაიბანონ ხელები და ასევე ატარონ დამცავი ნიღბები.
შინაური ცხოველის ინფიცირების შემთხვევა აქამდეც დაფიქსირებულა — გერმანული ნაგაზი ჰონგ-კონგში და ორი კატა ნიუ-იორკში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ CDC-ის მიხედვით, არანაირი საბუთი არ არსებობს იმის, რომ შინაური ცხოველები ვირუსის გავრცელებაში სერიოზულ როლს ასრულებდნენ.
კომენტარები