კვლევა: ნიკოტინი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებას უშლიდეს ხელს
ახალი კვლევის მიხედვით, ნიკოტინი, შესაძლოა, მწეველების COVID-19-ით ინფიცირებას ხელს უშლიდეს.
"ჩვენი კვლევის მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე ეწევიან, ძლიერი ინფექციის განვითარების ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე დანარჩენებს", — ნათქვამია კვლევაში.
რა თქმა უნდა, თამბაქოს ხშირი მოხმარება უმეტესწილად ფატალურად სრულდება, რაც კორონავირუსით გამოწვეულ ზიანს მნიშვნელოვნად გადაწონის. მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ისინი მოწევის წახალისებას არ ახდენენ. კორონავირუსით ინფიცირებულ მწეველებს ხშირად უფრო მწვავე სიმპტომებიც აღენიშნებათ, ამის მიზეზი კვამლით დაზიანებული ფილტვებია.
თუმცა ამ აღმოჩენამ მკვლევრები ერთ იდეამდე მიიყვანა, რომელსაც ისინი მალე გამოცდიან: პაციენტებსა და წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს ნიკოტინის პლასტირებს გამოაყენებინებენ, შემდეგ კი დააკვირდებიან მაინც დაინფიცირდებიან თუ არა ისინი COVID-19-ით.
მკვლევრების მიხედვით, პარიზის ჰოსპიტალში მოთავსებული 350 ინფიცირებული პაციენტიდან, რომელთა საშუალო ასაკი 65 წელია, მხლოდ 4,4% იყო მწეველი. ხოლო 130 პაციენტიდან, რომლებიც მსუბუქი სიმპტომებით სახლში იმყოფებოდნენ და მათი საშუალო ასაკი 44 წელს შეადგენდა, მხოლოდ 5,3% იყო მწეველი.
თუკი ამ რიცხვებს მთელ პოპულაციაში მწეველთა რაოდენობას შევადარებთ, (44-დან 53 წლამდე ადამიანების 40%, ხოლო 65-დან 75-წლამდე ადამიანების 9-11% მწეველია) გამოდის, რომ მწეველები ნაკლებად ინფიცირდებიან ან სიმპტომების დამძიმების ნაკლები შანსი აქვთ.
კვლევა 21 აპრილს ჟურნალ Qeios-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები