ახალი კორონავირუსის გამო, რომელიც მსოფლიოში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, ხალხი შეშინებულია. ამჟამად COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

როგორც წესი, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სახელმწიფოები ისეთ მკარც მეთოდებს მიმართავენ, როგორიც საზღვრების ჩაკეტვა, სავაჭრო ობიექტებისთვის საქმიანობის შეჩერება და კარანტინია. თუმცა არსებობს ისეთი ქვეყნებიც, რომლებმაც ვირუსთან ბრძოლა განსხვავებული გზებით გადაწყვიტეს, ასეთია სამხრეთ კორეა, რომლის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, და შვედეთი, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა შვედეთში 31 იანვარს დაფიქსირდა, ხოლო ორი აპრილის მონაცემებით ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 568-ს, დაღუპულთა რიცხვი კი 308-ს შეადგენს.

შვედეთი პანდემიურ სიტუაციას საკმაოდ მშვიდად, პანიკის გარეშე უმკლავდება. ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ვირუსის შესაჩერებლად საკმაოდ მკაცრი ზომები გატარდა, შვედეთში ცხოვრება, შეიძლება ითქვას, მეტნაკლებად ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს.

ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული წესები არ მიუღიათ, შვედები მხოლოდ რეკომენდაციებითა და მსუბუქი შეზღუდვებით შემოიფარგლნენ, პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა კი სატელევიზიო განცხადებით მოსახლეობას აღნიშნული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. რეკომენდაციები სახლიდან მუშაობას (თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს), ავადმყოფობის შემთხვევაში სახლში დარჩენას, სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას, რისკ-ჯგუფებში მყოფი და 70 წელს გადაცილებული ადამიანების სახლში დარჩენას მოიცავს.

ფოტო: Jonathan Nackstrand

რაც შეეხება შეზღუდვებს, თავდაპირველად, 500-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აიკრძალა, თუმცა ახლახან ეს რიცხვი 50-ით ჩანაცვლა (გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, აღნიშნული რიცხვი ორს ან სამს უდრის). ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ შეჩერებულა ეკონომიკური საქმიანობა — რესტორნები, ბარები, კაფეები და ღამის კლუბები მომხმარებლებისთვის კვლავ ღიაა, მაგრამ იმისთვის, რომ დაწესებულებები ხალხით არ გადაივსოს მხოლოდ მაგიდასთან მომსახურებაა დაშვებული.

ცვლილებები განათლების სისტემასაც შეეხო. ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტი და უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი კოლეჯი დახურულია, ხოლო სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. 16 წლამდე მოსწავლეებისთვის კი სკოლები ისევ ღიაა და ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზს როგორც მოქალაქეებსა და სახელმწიფო სააგენტოებს, ისე თვით მოსახლეებს შორის არსებული ნდობა წარმოადგენს.

"საზოგადოებაში არსებული მაღალი ცნობიერების დონიდან გამომდინარე, შვედეთში ქცევის კონტროლი, აკრძალვები, ჯარიმები ან თავისუფლების აღკვეთა არ არის საჭირო. სწორედ ამით განსხვავდება იგი ნორვეგიისა და დანიისგანაც კი", — განაცხადა ისტორიკოსმა ლარს ტრაგარდმა.

შვედეთის ჯანდაცვის სააგენტოს მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მათი მეთოდები განსხვავებულია, მიზანი იგივეა — ვირუსის გავრცელების შეჩერება.

"ჩემი აზრით, ევროპის ყველა ქვეყანა ერთი და იგივე მიზნის მიღწევას ცდილობს, შეაჩეროს ვირუსის გავრცელება ისე, რომ ჯანდაცვის სისტემამ და საზოგადოებამ ფუნქციონირება განაგრძოს. ჩვენ უბრალოდ ამ მიზნის მისაღწევად სხვა გზებს ვიყენებთ", — განაცხადა ტეგნელმა.

მისი თქმით, სააგენტომ მოსახლეობას აუხსნა თუ რატომ იყო დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელი, მოქალაქეები კი საკითხს გონივრულად მიუდგნენ და რეკომენდაციების დაცვა დაიწყეს.

ტეგნელის აზრით, აკრძალვები პრობლემის მოგვარების ნაკლებად ეფექტიან გზას წარმოადგენს, რადგან ადამიანები "ყოველთვის იპოვიან გზას, რომ მათ თავი აარიდონ".

ფოტო: David Keyton

როგორც ვიცით, მასობრივი ტესტირება, ინფიცირებულების სწრაფი გამოვლენა და მათი იზოლირება დაავადების გავრცელების შესაფერხებლად საკმაოდ ეფექტური გზაა. სწორედ ასე იქცეოდა სამხრეთ კორეაც, სადაც გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ახალი შემთხვევები საგრძნობლად დაბალია.

თავდაპირველად, ვირუსის გავრცელებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში შვედეთი აღნიშნული სტრატეგიით მოქმედებდა, ისინი ამოწმებდნენ ყველას ვინც მაღალი რისკის ქვეყნიდან ბრუნდებოდა ან ინფიცირებულთან ჰქონდა კავშირი. თუმცა, ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიდგომა შეცვალეს — ყველა პოტენციურად ინფიცირებულის ტესტირების ნაცვლად ისინი ვირუსის მიმართ მოწყვლადი ჯგუფების დაცვაზე გადავიდნენ.

"მოგზაურობიდან დაბრუნებული ადამიანების მასობრივი ტესტირება დიდი ხანია, რაც ეფექტური აღარ არის", — აცხადებს ჯანდაცვის სააგენტო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვირუსმა შიდა გავრცელება დაიწყო. ასეთ დროს ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანების ძებნა ნაკლებად ეფექტიანია, რადგანაც ყველა შემთხვევის აღრიცხვა ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, რესურსების უკეთ გადასანაწილებლად სააგენტო მძიმე ავადმყოფებსა და რისკ ჯგუფებზე ორიენტირდა.

ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც გართულებები არ აღენიშნებათ, ექიმები სახლში, თვითიზოლაციის პირობებში გზავნიან.

სტოკჰოლმი

ფოტო: Henrik Trygg

შვედეთის მიდგომებმა კრიტიკა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც დაიმსახურა. ქვეყანაში მცხოვრები სამედიცინო წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები შეშინებულები არიან და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ვირუსის შესაჩერებლად მკაცრი ზომები მალევე უნდა მიიღოს.

"ჩვენ საკმარის ტესტირებებს არ ვაკეთებთ და არც საკმარისად იზოლირებულები ვართ, ასეთი მიდგომა კატასტროფამდე მიგვიყვანს", — აცხადებს კაროლინსკის ინსტიტუტის პროფესორი სესილია სუდენბერგი. "სახელმწიფო ფიქრობს, რომ მათ ვირუსის შეჩერება შეუძლიათ, ასე კი ადამიანებს სიკვდილის უფლებას აძლევენ, ცოტახანში ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიისას გადაუსწრებს, მათ კი ამის გაგება არ უნდათ. როდესაც ეს მოხდება მოქმედება ძალიან გვიანი იქნება".

თუმცა ტეგნელი მსგავს კრიტიკას საკმაოდ მოკლედ პასუხობს: "არ არსებობს რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, რომ ამ ეტაპზე სხვა ზომების მიღება რაიმეს მნიშვნელოვნად შეცვლის, უმჯობესია თუ მკაცრ ზომებს სპეციფიკურ სიტუაციაში მივმართავთ და რაც შეიძლება მცირე დროის განმავლობაში", — აცხადებს ის.

ასევე, პრემიერ-მინისტრის თქმით, თუკი სიტუაცია საგრძნობლად დამძიმდება ისინი მკაცრ ზომებს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა ამჟამად მსგავსი მიდგომები არ განიხილება.

რაც შეეხება შვედეთის მეზობლებს, ფინეთმა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა, ნორვეგიაში კი გარკვეული შეზღუდვები დაწესდა — აირკძალა ხუთ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება, დაწესებულებში კი მომხმარებლებისთვის დისტანცირების დაცვა გახდა აუცილებელი.

აკრძალვებზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთი, შესაძლოა, კრიზისს ვერ გაექცეს. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ზაფხულისთვის უმუშევართა დონე 10%-ით მოიმატებს, სექტორების გარკვეული ნაწილი კი უკვე პრობლემების წინაშე დგას — მომსახურებისა და სამეწარმეო საქმიანობის სფეროზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ ისინი ვირუსის შეჩერებლად და პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის გასამართად ყველაფერს გააკეთებენ.

ხალხში წარმოქმნილმა შიშმა და ეკონომიკური საკმიანობის სრულად შეჩერებამ, შესაძლოა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მაშინ, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ხალხი პანიკაშია, შვედეთი სიმშვიდეს ინარჩუნებს და COVID-19-ის შეჩერებას მინიმალური აკრძალვებით ცდილობს, რათა საზოგადოებას, მსგავს რთულ პერიოდშიც კი, ფუნქციონირება შეეძლოს.