კორონავირუსი ნელა მუტირებს, რაც უფრო ეფექტურ, ერთჯერად ვაქცინას ნიშნავს
როგორც წესი, ვირუსები დროთა განმავლობაში ევოლუციას განიცდიან — მასპინძელ ორგანიზმში გამრავლებისას გარკვეული მუტაციები გროვდება და შემდეგ სხვა ორგანიზმს უკვე მუტირებული ვირუსი გადაეცემა.
გენეტიკური კოდის რეპლიკაციის მიზანია საწყისი კოდი უცვლელად გადაეცეს შემდეგ თაობებს, თუმცა ხშირად რეპლიკაცია არასრულყოფილია და შეცდომები ხდება. სწორედ ეს "შეცდომები" განაპირობებენ ვირუსის გენეტიკური კოდის ცვლილებას, რაც ევოლუციის საფუძველია.
როგორც ჩანს, კორონავირუსს მსგავსი შეცდომების შემცირების კარგი საკორექციო მექანიზმი აქვს, რაც მუტაციის სიხშირეს და ვირუსის ახალი ფორმების ევოლუციას მნიშვნელოვნად აყოვნებს.
მკვლევრები, რომლებიც კორონავირუსის მუტაციებს თვალს ადევნებენ, ამბობენ, რომ პათოგენის გენეტიკური კოდი, გავრცელების სისწრაფის მიუხედავად, საკმაოდ ნელა იცვლება. ვქცინის განვითარებისთვის ეს კარგი ამბავია.
რაც უფრო სწრაფად იცვლება ვირუსის გენეტიკური კოდი, მით უფრო რთული ხდება ისეთი ვაქცინის შექმნა, რომელსაც მაღალი ეფექტურობა ექნება. ვირუსის გენეტიკური კოდის შესაბამისი ვაქცინის შემუშავების დაწყებიდან, მის დასრულებამდე, ვირუსი შეიძლება ისე მუტირდეს, რომ მისი გენეტიკური კოდი ძალიან განსხვავებული იყოს. ეს კი როგორც აღვნიშნეთ, ვაქცინის ეფექტურობას შეზღუდავს.
გრიპის ვირუსის გენეტიკური კოდი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იცვლება, შესაბამისად იცვლება მისი ვაქცინაც.
მიჩნეულია, რომ SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც ინფექციური დაავადების, Covid-19-ის მიზეზია, ადამიანებში ღამურებიდან შუამავალი გადამტანი ორგანიზმის მეშვეობით აღმოჩნდა. მკვლევრები ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის ყველა შტამი მეტნაკლებად ერთნაირი და თანაბრად ვირულენტურია.
ჯონს ჰოპკინსის ლაბორატორიის მკვლევრის, პიტერ თიელენის თქმით, მეცნიერები ამჟამად ვირუსის 1 000 სხვდასხვა ნიმუშს სწავლობენ. მისი თქმით, საერთო ჯამში, აშშ-ში ახლა ვირუსის გენეტიკური კოდის 10 განსხვავებული ვარიაცია არსებობს.
"ეს მუტაციების შედარებით პატარა რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვირუსმა მრავალი ადამიანის სხეული გაიარა", — ამბობს თიელენი. "ამ დროისთვის, ვირუსის მუტაციის სიხშირის გათვალისწინებით, სავარაუდოდ SARS-CoV-2-ს ერთი ვაქცინა ექნება".
ამ გაგებით, SARS-CoV-2-ის ვაქცინა სავარაუდოდ უფრო მეტად არა გრიპის, არამედ წითელას ან ჩუტყვავილას ვაქცინის მსგავსი იქნება. თიელენის თქმით, ეს ძალიან კარგი ამბავია.
აიოვას უნივერსიტეტის ვიროლოგის, ბენჯამინ ნეუმანის თქმით, კორონავირუსი გრიპის ვირუსთან შედარებით ბევრად სტაბილურია.
"გრიპის ვირუსს ერთი ხრიკი აქვს, რომელიც კორონავირუსს არ აქვს: გრიპის ვირუსის გენომი სეგმენტებადაა დაყოფილი, თითო სეგმენტი ერთ გენს აკოდირებს. როცა ორი ცალი ვირუსი ერთ უჯრედში აღმოჩნდება, ისინი გენომურ სეგმენტებს ერთმანეთში ცვლიან, რაც ახალ კომბინაციებს მომენტალურად წარმოქმნის. H1N1 სწორედ ასე წარმოიქმნა", — ამბობს ნეუმანი.
ზოგ ქვეყანაში, კორონავირუსთან ასოცირებული მაღალი სიკვდილიანობა, უშუალოდ ვირუსის მუტაციის სიხშირესთან ასოცირებული არ არის და სხვა ფაქტორებითაა განპირობებული.
Covid-19-ის წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი კიდევ 12-18 თვე გაგრძელდება.
კომენტარები