#დარჩისახლში: როგორ შეიძლება მოედოს კორონავირუსი შენს ორგანიზმს ისე, რომ ვერც გაიგო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მეგობარს ურეკავ და ლანჩზე შეხვედრას უთანხმებ. გარეთ უჩვეულოდ თბილი გაზაფხულია და შეხვედრასაც გარე სივრცეში უნიშნავ, თან ეს ხომ მეტად უსაფრთხოცაა. როგორც ყოველთვის, სიფრთხილის ყველა საჭირო ზომას მიმართავ შეხვედრამდე: იყენებ ხელების სანიტაიზერს, სხვებისგან გონივრულ დისტანციას იჭერ და ცდილობ, ხელები სახესთან არ მიიტანო, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული შესასრულებელი რამეა. შენი რაღაც ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უკვე გადამეტებულია, მაგრამ მაინც...
ის, რაც ვერ გეცოდინება და შესაბამისად მხედველობიდან გეპარება არის შემდეგი დეტალი: დაახლოებით 10 დღის წინ შენი მეგობრის მამა უნივერსიტეტის კლუბში თავის ბიზნესპარტნიორს ესტუმრა, სადაც კრიპტოვალუტის სპეკულანტისგან ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ შეხვედრიდან 3 დღეში, სანამ თავის შვილს კარს გაუღებდა, ხველებისას ხელი აიფარა და შემდეგ ამ ხელით სახელურს შეეხო. COVID-19-ით დაინფიცირებული ადამიანების ერთი ჩაის კოვზის მოცულობის ნერწყვი ტრილიონობით ვირუსის ნაწილაკს მოიცავს და ხველებისას ეს ნაწილაკები ჰაერში მიმოიბნევა. როდესაც შენი მეგობარი იმავე კარით გამოვიდა გარეთ, ჩასუნთქვისას 32,456 ვირუსის ნაწილაკი ჩაუსახლდა პირისა და ზედა სასუნთქი გზების ამომფენ ეპითელიუმში.
ამ წამიდან მის ორგანიზმში ვირუსები მრავლდებიან და საუბრისას, რადგანაც ვსუნთქავთ კიდევაც, მის დატენიანებულ ცხვირ-ხახაში ჰაერის მოძრაობისას ვირუსით დატვირთული პაწაწინა წვეთები იქმნება და უჩინრად მიმოიფრქვევა მაგიდის ზედაპირზე. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არმირთმეულ კერძზე მოთავსდება, ზოგი თითებზე წამოგისკუპდება, სხვები კი პირდაპირ ნესტოებისკენ გაემართებიან და თვითონ შეარჩევენ, შესასვლელში ურჩევნიათ დაბანაკება თუ ოდნავ ქვემოთ - ყელში. იმ დროისთვის, როცა დასამშვიდობებლად ხელი უნდა დაუქნიო მეგობარს, შენი ორგანიზმი უკვე 43,654 ვირუსულ ნაწილაკს ატარებს და სანამ ხელის ნარნარად რხევას მორჩები, ეს რიცხვი უკვე 312,405 იქნება.
ზემოთხსენებული წვეთებიდან ერთ-ერთი შენი ფილტვების განტოტებებისკენ გაემართება, თბილ, ტენიან ზედაპირზე მოიკალათებს და რადგანაც ბარემ აქ არის, ქსოვილის ამომფენ მუკოზას ვირუსის ნაწილაკებს უწილადებს. თითოეული ნაწილაკი ძალიან პატარა და მრგვალია; ზომებისა და შეფარდების უკეთ წარმოსადგენად, ადამიანის თმა რომ საფეხბურთო მოედნის ზომაზე გავადიდოთ, ვირუსის ნაწილაკი 10.16 სმ იქნებოდა. ვირუსის შემომგარსავი/გარეთა მემბრანა არის ცხიმოვანი შემადგენლობის, რომელშიც ჩაშენებულ-ჩამაგრებულია ცილოვანი მოლეკულები სახელად წვეტიანი ცილები, აი, დაახლოებით ლეკვების სათამაშო საღეჭი ბურთულები როგორც გამოიყურებიან, წვეტიან-მომრგვალებული გამოშვერილობებით. ვირუსის ნაწილაკის შიგნით მოთავსებულია დახვეული RNA - ვირუსის გენეტიკური მასალა. ვირუსის მთავარი განძი (MY PRECIOUS - გოლუმის ხმით)
ვირუსი ფილტვის მუკოზაზე გორიალისას ზედაპირის ამომფენი უჯრედებიდან ერთ-ერთში შეიჭრება. როგორც წესი, მასპინძელი უჯრედი გაცილებით დიდია, ვიდრე ვირუსი; ისევ საფეხბურთო მოედანზე რომ დავბრუნდეთ, მისი ზომა დაახლოებით 20 მეტრი იქნება (ვირუსი 10,16 სმ იყო, ხომ გახსოვთ?). ევოლუციის მილიარდობით წელმა ვირუსი თავდაცვის უამრავი სხვადასხვა მექანიზმით აღჭურვა. თუმცა მას, ცხადია, სუსტი წერტილებიც აქვს. მისი ზედაპირიდან ამოწვერილი ცილა სახელად - ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტი 2-ის რეცეპტორი (Angiotensin Converting Enzyme 2 – ACE2). ჩვეულებრივ, ორგანიზმში ამ მოლეკულის მისია ჰორმონის აქტივობის მართვაა. დღესდღეობით კი კორონავირუსის მოკავშირესავით მოქმედებს (ჩვენსავე უბეში გამოზრდილი გველი).
როგორც კი ვირუსის წვეტიანი ცილა ფილტვის ზედაპირის უჯრედს დაეტაკება, მისი გეომეტრიული ფორმა იმდენად ემთხვევა ACE2-სას, რომ უმალ მიეწებება (გასაღები-საკეტივით). შემდეგ ვირუსისა და მასპინძელი უჯრედის მემბრანები/გარსები შეერწყმებიან ერთმანეთს და ვირუსის მთავარი საგანძური - RNA მასალა ფილტვის უჯრედის შიგნით აღმოჩნდება. ვირუსი წარმატებულად დაეშვა სამიზნე ორბიტაზე. (ბეთჰოვენი, მე-3 სიმფონია, მთავარი თემა... როგორც ავტორი იტყოდა: ბედი ასე აკაკუნებს კარზე).
ამ მომენტიდან ვირუსის RNA აფუსფუდება და უამრავი საქმე გამოუჩნდება. თვითონ მასპინძელ უჯრედს ანუ ჩვენი ფილტვის უჯრედს, თავისი გენეტიკური მასალა აქვს DNA-ის სახით, რომელიც ისედაც წარმოქმნის თავის ასლებს RNA ფრაგმენტების სახით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და კოპირებული მასალა მუდმივად იგზავნება უჯრედის შიდა სივრცეში, სადაც ისინი შემდეგ დამატებით ინსტრუქციებს იღებენ, რა ტიპის ცილა, როდის, როგორ დაასინთეზირონ, გადაიტანონ, გადმოიტანონ, ააშენონ, დაანგრიონ და ა.შ. მოკლედ, უჯრედმა რომ თავისი დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულოს. რომ წარმოიდგინოთ, წინასაკალანდო მზადება გურიაში, სადაც შვილიშვილები ბაბუას ეხმარებიან, ზოგს ხონჩა მოქვს, ზოგს სურო, ზოგი ჩიჩილაკს თლის და ამ ყველაფერს ბაბუას მითითებით აკეთებენ. ბაბუა არის RNA და მორბენალი შვილიშვილები - ცილები, სახელად რიბოსომები.
როგორც კი ვირუსული RNA რიბოსომას გადაეყრება, მოფუსფუსე რიბოსომა მის წაკითხვას, გადმოთარგმნას და ვირისული ცილის დასინთეზირებას იწყებს. ეს ცილები შემდეგ ეხმარებიან ვირუსულ RNA-ს, რომ თავისი ასლები შექმნას და შემდეგ უკვე სწორედ ეს (ვირუსის) ასლები შეესევიან უჯრედის რიბოსომებს, რომელთაც წესით, თავიანთი, უჯრედული DNA-სთვის უნდა ესმინათ მხოლოდ. სხვა ვირუსული ცილები ბლოკავენ უჯრედის თავდაცვას. ძალიან მალე უჯრედის ნორმალური ფუნქციები სრულიად მოშლილია და მხოლოდ და მხოლოდ ვირუსული RNA-ის მოთხოვნებს ასრულებს და მისი მთელი ენერგია ვირუსების უთვალავი ასლის შენებას ხმარდება.
მას შემდეგ, რაც უამრავი ასლი დამზადდება, ეს კომპონენტები უჯრედული კონვეიერის მსგავსი პრინციპით უჯრედის ზედაპირისკენ დაიძვრებიან. ვირუსის მემბრანა და წვეტიანი ცილები RNA-ბოჭკოებს გარს შემოერტყმიან და ვირუსის ახალი ნაწილაკიც მზად არის. შემდეგ ეს იფუთება უჯრედშიდა სივრცეში არსებულ ბუშტუკში - ვეზიკულაში, გამოდის უჯრედის გარეთა ზედაპირზე, დაეტაკება სხვა უჯრედს და გამოათავისუფლებს ვირუსის ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით ნაწილაკს შენს სხეულში.
ამავე თემაზე:
კორონავირუსი მარტივად - Kurzgesagt-ის ახალი ვიდეო ქართული სუბტიტრებით
ამავდროულად, ის წვეტიანი ცილები, რომლებიც ვირუსული ნაწილაკის შემოსაგარსად არ იქნა გამოყენებული, მასპინძელი უჯრედის მემბრანაში ჩაჯდებიან პირდაპირ ისე, რომ თან გვერდით არსებული უჯრედის მემბრანასაც ეკვრიან. რომ წარმოიდგინოთ, მეკობრეების გემი რომ სატვირთო გემს ჩაავლებს და აღარ ეშვება. ეს ორი უჯრედი ერთმანეთს ერწყმის და ვირუსული RNA სრულად ჩაიტვირთება მასპინძელ უჯრედში.
ეს პროცესი მუდივად მეორდება შენს ფილტვებში, ყელში, პირში, სანამ სასუნთქი გზების ამომფენი უჯრედები სრულად არ ოკუპირდება. თავისი არც ისე შორი ნათესავის SARS-ის მსგავსად, COVID-19-ით დაინფიცირებიდან ყოველ მომდევნო დღეს ვირუსი მილიონჯერ მრავლდება. დაკოპირებული ვირუსი გამოდის მუკოზაში, შეიჭრება სისხლის მიმოქცევაში და მიაღწევს საჭმლის მომნელებელ სისტემამდე.
ამ ყველაფერს, რაც ზემოთ წაიკითხე, ცხადია, ვერც კი ამჩნევ, ვერაფერს გრძნობ. მეტიც, არხეინად ხარ. ერთადერთი, რაც შეიძლება გაწუხებდეს ისაა, რომ მოიწყინე. აქამდე დაკავებული, აქტიური მოქალაქე იყავი და ახლაც სახლში რჩები და სოციალური დისტანცირების რეკომენდაციას ასრულებ, მაგრამ ჩცდ-ს სეზონების კიდევ ერთხელ თავიდან ნახვის დასრულების შემდეგ, ფიქრობ, რომ შენი ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია, თუკი გარეთ არ გაისეირნებ.
ურეკავ ყოფილს და ისიც გთანხმდება მტკვრის ჩაყოლებაზე გასეირნებაზე. იმედი გაქვს, რომ ჰაერში გამოკიდული სამყაროს დასასრულის შეგრძნება გააასმაგებს და გადაფარავს უხერხულობას, მაგრამ მის სახეზე აფარებული ნიღაბი ყველანაირ ვაიბს იქვე ასამარებს. ასევე საუბრისას აღნიშნავს, რომ საცხოვრებლად გადადის ახალ პარტნიორთან, რომელიც ფაბრიკაში გაიცნო (არც კი იცოდი, ეგეთ თავშეყრის ადგილებში თუ დადიოდა). შემდეგ თბილად გადაგეხვევა, ემშვიდობები და ეუბნები, რომ სასიამოვნო იყო მისი ნახვა, თუმცა რეალურად გამოფიტულობის შეგრძნება გაქვს. ის რაზეც მას წარმოდგენაც კი არ აქვს: ერთი საათით ადრე საპირფარეშოში იყავი და შემდეგ ხელები უყურადღებოდ დაიბანე. ის უხილავი მასა, რომელიც მის ჟაკეტზე დატოვე, შეიცავს 893,405 ვირუსულ ნაწილაკს. სახლში მისვლიდან 47 წამში, საკიდზე ჩამოკიდებს თავის ქურთუკს და სანამ ხელებს დაიბანდეს, ცხვირს მოიფხანს. ეს სწორედ ის მომენტია, როცა 9,404 ვირუსული ნაწილაკი სახეზე გადაიტანა. 5 დღეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა მას ინფექციურისკენ გააქანებს.
როგორც დიდი სავაჭრო ცენტრები შთანთქავენ ხოლმე პატარ-პატარა საცალო მაღაზიებს, შენი დაინფიცირებული უჯრედები უწყვეტად მუშაობენ ვირუსული ნაწილაკების დასასინთეზირებლად, სანამ საბოლოოდ არ გადაიწვებიან და დაიხოცებიან. მკვდარი უჯრედების ნაწილაკების სისხლში მოხვედრის შემდეგ, შენი იმუნური სისტემა ბოლოსდაბოლოს ხვდება, რომ ვიღაცა ურევს! სისხლის თეთრი უჯრედები გამოიჭერენ მკვდარი უჯრედების ფრაგმენტებს და საპასუხოდ გამოათავისუფლებენ ციტოკინებად წოდებულ ნივთიერებებს, რომლებიც მთელ ორგანიზმში იწყებენ ცირკულაციას "ხანძარიააააა"-ს ძახილით, რათა მთელი იმუნური სისტემა (პირველადიც, შეძენილიც, დასწავლილიც, დაუსწავლელიც და ყველანაირი) ფეხზე დადგეს. როგორც კი ჯარისკაცი იმუნური უჯრედები დაინფიცირებულ უჯრედებს ამოიცნობენ, ეგრევე ხოცავენ მათ. შენს ორგანიზმში, ფაქტობრივად მიკროსკოპული კრწანისის ბრძოლა მიმდინარეობს და შენს იმუნურ სისტემას ყველა მეზარბაზნე გამოყვანილი ჰყავს, თან მტერსაც უტევს და თან თავის გარდაცვლილ ჯარისკაცებსაც მარხავს. ბრძოლის გამწვავების პარალელურად, შენი სხეულის ტემპერატურა იმატებს და დაინფიცირებულ არეში ანთებითი პროცესები იწყება.
ორი დღის შემდეგ, ლანჩის მირთმევისას ხვდები, რომ ჭამაზე ფიქრიც კი ღებინების შეგრძნებას იწვევს. გადაწყვეტ, ცოტა ხანი წამოწვე და რამდენიმე საათი წაუძინო. გაღვიძებულზე უფრო უარესად იგრძნობ თავს. გულ-მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება გაქვს და უწყვეტად გახველებს მშრალად. თავში კი გიტრიალებს აზრი: ნუთუ ესაა ის შეგრძნება? სახლის აფთიაქს სასწრაფოდ გადაქექავ, მოძებნი თერმომეტრს და რამდენიმე წუთში უყურებ შედეგს: 38.8°C. დდშვც!!! - გაიფიქრებ და საწოლში ბრუნდები. თავს ირწმუნებ, რომ ეს შეიძლება უბრალო, სეზონური გრიპია და თუ მაინცდამაინც ყველაზე უარესი ხდება და კორონა გეწვია, შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ და მაღალი რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნები.
რა თქმა უნდა, მართალი ხარ. კორონავირუსით დაინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ მეცნიერების მიერ ჯერ ვერახსნილი მიზეზებით, დაინფიცირებულთა 20% საკმაოდ მძიმედ ავადობს. შენი თანატოლებისგან განსხვავებით, შენ სწორედ ამ უკანასკნელ პროცენტულ მაჩვენებელში აღმოჩნდი. არ გაგიმართლა.
4-დღიანი დაუსრულებელი ცხელებისა და ყელის წვის შემდეგ, აანალიზებ, რომ აქამდე ასე ცუდად არასოდეს ყოფილხარ. ლამის უწყვეტი მშრალი ხველებისგან უკვე ხერხემალი გტკივა. გაძნელებული სუნთქვის პარალელურად ტაქსის იძახებ და უახლოეს კლინიკაში მიდიხარ. (ცნობისათვის, მანქანის სხვადასხვა ზედაპირზე 376,345,090 ვირუსის ნაწილაკი დატოვე, ხოლო ჰაერში 323,443,865).
ემერჯენსი განყოფილებაში შემოწმების შემდეგ იზოლირებულ პალატაში გაგზავნიან. კორონავირუსის ტესტის პასუხების მოლოდინის პარალელურად, ექიმები ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას გიღებენ, სადაც ბუნდოვანი ჩრდილები ჩანს იმ ადგილებში, სადაც იმუნური სისტემის ყველაზე ინტესიური ბრძოლის შედეგად სითხე ჩაგროვდა. რაც ნიშნავს, რომ არამხოლოდ COVID-19-ით ხარ დაინფიცირებული, არამედ ინფექციამ ინტენსიური და სახიფათო პნევმონია გამოიწვია, რასაც სხვაგვარად ARDS ანუ სასუნთქი გზების მწვავე დისტრესი ეწოდება.
კლინიკაში არსებული ყველა ჩვეულებრივი საწოლი დაკავებულია COVID-19-ით დაინფიცირებული ავადმყოფებით და შენ საკაცეზე გაწვენენ დანარჩენი ხუთი პაციენტის გვერდით. ექიმები შიდავენურ წვეთოვანს გიდგამენ და შენს ორგანიზმს ყველა საჭირო საკვები ელემენტით, სითხითა და ანტივირუსული წამლით ამარაგებენ. იმავე დღეს შენი მდგომარეობა უარესდება. რამდენიმე დღეში უკვე ჰალუცინაციები გეწყება. გულისცემა წუთში 50-მდე ეცემა. როცა გვერდითა ოთახში პაციენტი კვდება, ექიმები მის სასუნთქ აპარატზე გაერთებენ და მაშინ, როდესაც ექთანი ყელში ენდოტრაქეალურ მილს გიდგამს, შენ ნახევრად ცნობიერი მდგომარეობით მხოლოდ იმას გრძნობ, როგორ ჩადის მილი ღრმად ფილტვებისკენ.
ფაქტობრივად, უგრძნობად წევხარ, როდესაც ექთანი წებოვანი პლასტირით გიმაგრებს მილს.
ნელ-ნელა ინგრევი. შენი იმუნური სისტემა უკვე ციტოკინური შტორმის ეტაპზეა გადასული - ბრძოლის ის ეტაპი, როდესაც ვირუსულ ინფექციასა და საკუთარ უჯრედებს განურჩევლად უტევს და ანადგურებს. სისხლის თეთრი უჯრედები შტურმით იღებენ ფილტვებს და მის ქსოვილსაც აზიანებენ, ცხადია. პაწია ალვეოლარული პარკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეჟიმში სისხლიდან ჟანგბადის შეწოვაში იღებენ მონაწილეობას, ახლა სითხით ივსება. ფაქტობრივად, იხრჩობი მიუხედავად იმისა, რომ სასუნთქი აპარატი ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს ტუმბავს შენს ფილტვებში.
თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაზე უარესი. იმუნური პასუხის ინტენსიური იერიშის შედეგად სხვადასხვა ორგანოები მუშაობას წყვეტენ, პროცესი რომელსაც სამედიცინო ენაზე მრავალორგანული დისფუნქციის სინდრომი (MODS – Multiple-organ-dysfunction syndrome) ეწოდება. როდესაც ბრძოლის ველზე ღვიძლიც დაეცემა, შენი ორგანიზმი მავნე ნივთიერებებს ანუ ტოქსინებს ვეღარ გამოდევნის და ექიმები დიალიზის აპარატზე შეგაერთებენ. ჟანგბადის ნაკლებობის გამო შენი ტვინის უჯრედები ნელ-ნელა კვდომას იწყებენ.
ფაქტობრივად, სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდზე დასეირნობ. მას შემდეგ რაც MODS-ის სამეფოში შეაბიჯე, შენი შანსები 50/50-ზე ან უფრო უარესადაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემია პიკისკენ მიიწევს და შესაბამისად, საავადმყოფოების რესურსი ამოწურვისკენ მიდის, არც ისე სახარბიელო პერსპექტივები გაქვს.
საკაცეზე მწოლიარეს, ბუნდოვნად ჩაგესმის, რომ ექიმებმა ექსტრაკორპორალურ-მემბრანულ-ოქსიგენაციის (ECMO) აპარატზე შეგაერთეს, რომელმაც შენი გულ-ფილტვის ნაცვლად უნდა იმუშაოს და მანამდე გაცოცხლოს, სანამ შენი ორგანიზმი შეძლებს, წონასწორობას დაუბრუნდეს.
შემდეგ კი, სიმშვიდის უსაზღვროებაში ყვინთავ. გრძნობ, რომ ბრძოლის უკიდურეს ზღვრამდე დახვედი. ყველაზე უარესმა საფრთხემ გადაიარა. ვირუსის დამარცხების შემდეგ შენი იმუნური სისტემა ნელ-ნელა ძალებს იკრებს და გამოჯანმრთელებისკენ ნელ სვლას იწყებ. ამ მომენტიდან რამდენიმე კვირაში ექიმები ენდოტრაქეალურ მილსაც ამოგაცლიან ყელიდან და სასუნთქ აპარატსაც გააგორიალებენ. მადა და ლოყებზე ფერი დაგიბრუნდება და ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, გახვალ ჰოსპიტალიდან, ღრმად ჩაისუნთქავ სუფთა ჰაერს და მხიარულად გააჩერებ ტაქსს. მოგვიანებით შეხვდები ძვირფას ადამიანს, რომელიც შენი მეუღლე გახდება, გეყოლებათ სამი შვილი, რომელთაგან ორს თავისი შვილები ეყოლება და ყველანი ერთად მოგინახულებენ ხოლმე ტკბილი მოხუცობის ჟამს.
ეს სწორედ ის სცენარია, რომელსაც შენი გონება უყვება საკუთარ თავს, სანამ შენი ტვინის ქერქის უკანასკნელი უჯრედები ჯერ კიდევ გამოსცემენ ციმციმა ტალღებს, როგორც შუაღამის ზღვაში მოელვარე წყალმცენარეები. იზოლირებულ პალატაში შენი ელექტროკარდიოგრამა სწორ ხაზს უახლოვდება. ექიმებს სასუნთქი აპარატი მიაქვთ და უმაგრებენ დილას შემოყვანილ მორიგ პაციენტს.
COVID-19 პანდემიის ოფიციალურ ცნობებში კი შენ ჩაიწერები, როგორც მსხვერპლი N7899.
კომენტარები