eBay-ზე გერმანიის არმიის ყოფილი ლეპტოპი, საიდუმლო ინფორმაციით, $99-ად გაიყიდა
უსაფრთხოების მკვლევრების ჯგუფმა გერმანიის შეიარაღებული ძალების ლეპტოპი იბეიზე, 99 დოლარად შეიძინეს.
როგორც გერმანული გამოცემა Der Spiegel გვატყობინებს, ლეპტოპზე გარკვეული საიდუმლო სამხედრო ინფორმაცია აღმოჩნდა შენახული, რომელზე წვდომისთვისაც მხოლოდ კომპიუტერის მომხმარებლის სახელისა და პაროლის ცოდნა იყო საჭირო, რომლის გამოსაცნობად მკვლევრებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ.
მომხმარებელი: Guest
პაროლი: guest
ლეპტოპზე 19 წლის წინ შეიარაღებაში მიღებული LeFlaSys Ozelot მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემის სრული ინსტრუქცია (და მასთან გამკლავების გზები) იყო მოთავსებული.
სისტემას ახლომდებარე საჰაერო საფრთხეებზე რეაგირება და ქვეითების დაცვა შეუძლია.
"აქ დანადგარის შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა, მაგალითად, როგორ ვმართოთ ობიექტის ამომცნობი სისტემა და იარაღის პლატფორმა. აქვეა ინსტრუქცია თვითგანადგურების შესახებაც, რათა დანადგარი მტრის ხელში არ აღმოჩნდეს" — აცხადებს უსაფრთხოების ექსპერტი ტიმ ბერგოფი.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაციის განადგურებაზე გადამამუშავებელი კომპანია იყო პასუხისმგებელი.
"LeFlaSys-ს სამართავ, ძველ კომპიუტერებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და ისინი გადამამუშავებელ კომპანიაში გაიგზავნა, ინფორმაციის განადგურების პირობით" — განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
სამინისტროს თქმით, ამ მონაცემების გავრცელება სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და ის პოტენციური მტრებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაცია არ არის.
კანონის მიხედვით სამხედროებმა IT მოწყობილობების გაყიდვამდე მასში არსებული ყველანაირი ინფორმაცია უნდა გააქრონ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც იბეიზე იაფიან ლეპტოპში ასეთ ინფორმაციას პოულობენ. გასულ ივლისს, გერმანელმა მეტყევემ იყიდა ლეპტოპი, სადაც მობილური სარაკეტო საარტილერიო კომპლექს Mars-ის გაშვების ინსტრუქცია იყო ჩაწერილი.
კომენტარები