შეიქმნა ნეირომორფული ჩიპი, რომელიც ყნოსვის საშუალებით ნივთიერებებს იცნობს
კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Intel-თან თანამშრომლობით "ყნოსვის" უნარის მქონე ნეირომორფული ჩიპი, სახელად Loihi შექმნეს.
Loihi ისეთი ალგორითმითაა აღჭურვილი, რომელსაც ყნოსვის დროს ტვინში მიმდინარე პროცესის იმიტირება შეუძლია. ამ უნარმა კი სისტემას სახიფათო ქიმიური ნაერთების ამოცნობის შესაძლებლობა მისცა.
ყნოსვის დროს სხვადასხვა მოლეკულა ჰაერის მეშვეობით ცხვირში არსებულ ყნოსვით რეცეპტორებამდე აღწევს და მათ აგზნებას იწვევს, შემდეგ, აღნიშნული რეცეპტორები სიგნალებს ტვინში არსებულ უბანში — ყნოსვის ბოლქვში აგზავნიან, სადაც ელექტრული იმპულსები სუნის შეგრძნებას წარმოქმნიან. Loihi-ის ალგორითმიც სწორედ ამ პროცესის იმიტირებას ახდენს.
"ჩემი მეგობრები კორნელის უნივერსიტეტში ცხოველებში ყნოსვის სისტემებს სწავლობენ. მათ ყნოსვის დროს ტვინში მიმდინარე ელექტრული აქტივობა გაზომეს, ხოლო მიღებულ დიაგრამებსა და ელექტრულ იმპულსებზე დაყრდნობით ალგორითმი შევიმუშავეთ", — განაცხადა ერთ-ერთმა მკვლევარმა ნაბილ იმამმა.
სისტემა 72 განსხვავებული რეცეპტორითაა აღჭურვილი, მას ისეთი საფრთხის შემცველი ნაერთების ამოცნობა შეუძლია, როგორიცაა მეთანი, ამიაკი და აცეტონი. Loihi-ს ნაერთების პოვნა რთულ პირობებშიც უპრობლემოდ შეუძლია და მკვლევართა თქმით, იგი სხვა სუნის ამომცნობ სისტემებზე ბევრად ეფექტიანია. მაგალითად, Loihi-ს სუნის "სწავლისთვის" მხოლოდ ერთი სავარჯიშო ნიმუში სჭირდება, როდესაც ერთ-ერთ ღრმა დასწავლის ალგორითმს, 3 000-ჯერ მეტი.
Intel-ს იმედი აქვს, რომ სისტემის სხვადასხვა სფეროში გამოყენება საკმაოდ გამოსადეგი იქნება. მაგალითად, აეროპორტებს Loihi იარაღებისა და ასაფეთქებელი საშუალებების ამოცნობაში დაეხმარება, მესაზღვრეებსა და პოლიციელებს კი ნარკოტიკებს პოვნაში.
კვლევამ ნეირომორფული სისტემების განვითარებაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემები საკმაოდ პოპულარული ხდება და მკვლევარებსაც იმედი აქვთ, რომ პროდუქტი მალე ლაბორატორიიდან პრაქტიკულ გამოყენებაში ჩაეშვება.
კომენტარები