პანდემიის დროს ნიუტონსაც სახლში ყოფნა უწევდა და ეს დრო მას ფუჭად არ დაუხარჯავს
ისააკ ნიუტონი დაახლოებით 20 წლის იყო, როცა ლონდონში შავი ჭირის სასტიკი ეპიდემია დაიწყო. ამ დროს ნიუტონს არც "სერ"-ის წოდება ჰქონდა და არც თეთრი პარიკი ამშვენებდა. ის კემბრიჯის ტრინიტი კოლეჯის ერთი უბრალო სტუდენტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის და შესაბამისი მკურნალობის შესახებ იმდროინდელ ინგლისში არავინ იცოდა, დაავადების თავიდან აცილებისთვის ხალხი მაინც დაახლოებით იმავე მეთოდებს მიმართავდა, რასაც დღეს მიმართავენ ხოლმე.
1665 წელს, დღევანდელი ვითარების მსგავსად, "სოციალური დისტანცირების" და "თვით-იზოლაციის" პრაქტიკა ხშირი იყო.
ტრინიტის კოლეჯმა სტუდენტები დროებით დაითხოვა და შესაბამისად, ნიუტონსაც სახლში დაბრუნება მოუწია, კემბრიჯიდან 60 კილომეტრის მოშორებით.
პროფესორების ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილი ნიუტონი, საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. ნიუტონის მნიშვნელოვანი მიღწევები მათემატიკაში და ფიზიკაში სწორედ მისი იზოლაციაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება.
ლეგენდარული მათემატიკოსის ცხოვრების ამ პერიოდს ხშირად "საოცრებათა წლებს" ეძახიან ხოლმე, რადგან სწორედ აქ და ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ადრეულ კალკულუსს.
ნიუტონი იზოლაციაში მინიმუმ 1 წლის მანძილზე იმყოფებოდა. ამ პერიოდში კალკულუსზე მუშაობის გარდა, ნიუტონმა ოპტიკის კვლევაც დაიწყო.
ახალგაზრდა მეცნიერის ასისტენტის, ჯონ კონდუიტის თქმით, ნიუტონის თავზე დაცემული ვაშლის ლეგენდაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. საინტერესოა, რომ ეს მითი სიმართლესთან საკმაოდ ახლოა:
"როცა ის [ნიუტონი] ეზოში იმყოფებოდა, მან გააცნობიერა, რომ ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლზე და შორეულ ობიექტებზე ერთიდაიგივე ძალა მოქმედებდა და სავარაუდოდ, ეს მიზიდულობა უფრო შორ მანძილებზე მოქმედებდა, ვიდრე გვეგონა. 'იქნებ ეს ძალა მთვარემდე აღწევს? — ჩაილაპარაკა ნიუტონმა", — წერს კონდუიტი.
ნიუტონის უდარდელი ბედი ბევრმა ინგლისელმა ვერ გაიზიარა. 1665-1666 წლებში, როდესაც ახალგაზრდა მეცნიერი თავის თეორიებზე მუშაობდა, ლონდონის მოსახლეობის 20% შავი ჭირისგან დაიღუპა.
ნიუტონი კემბრიჯს 1667 წელს დაუბრუნდა, მისმა ნამუშევრებმა მომენტალურად მოიპოვეს აღიარება და 1669 წელს ის უკვე კემბრიჯის პროფესორიც იყო.
ამიტომ თუ თქვენ მომდევნო კვირების მანძილზე იზოლაციაში ყოფნა გიწევთ, გაითვალისწინეთ ნიუტონის ისტორია. იქნებ სახლის კომფორტში რაიმე ისეთიც აღმოაჩინოთ, რომელიც ყველაფერს სამუდამოდ შეცვლის.
კომენტარები