LG V60 ThinQ ოფიციალურად გამოვიდა — სმარტფონი ორი ეკრანით
LG-მ თავისი V სერიის მეექვსე სმარტფონი — V60 ThinQ 5G წარადგინა. სმარტფონი 2020 წლის გამოწვევებს თამამად ხვდება და ზუსტად ისეთია, როგორიც ახალი ფლაგმანი უნდა იყოს. მის შემადგენლობაშია უახლესი Snapdragon 865 პროცესორი, რომელიც Qualcomm-ის X55 მოდემთანაა დაწყვილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სმარტფონს როგორც mmWave 5G-ის, ასევე Sub-6GHz (შედარებით ნელი) ინტერნეტის მხარდაჭერაც ექნება.
LG თავის ახალ სმარტფონში ორმაგ კამერასა და სიღრმის საზომ სენსორს გვთავაზობს, აქვეა გიგანტური ზომის 5000 მილიამპერიანი ელემენტიც და, რაც მთავარია, ის რაც ყველასათვის საინტერესოა, აქსესუარი, რომელიც თქვენ სმარტფონს ორეკრანიანად აქცევს.
V60 ThinQ აღჭურვილია 6,8 ინჩიანი, FHD+ გარჩევადობის OLED ეკრანით, რომლის თანაფარდობაც 20,5:9-ზეა. წინა კამერა წვეთის ფორმისაა და მასში 10 მეგაპიქსელიანი სენსორია დამალული. ეკრანშივე ვხვდებით თითის ანაბეჭდის სენსორს, ხოლო დამცავ შუშად Gorilla Glass 5-ა გამოყენებული.
უკანა მხარეს, ორმაგ კამერასთან ერთად, ვხვდებით სიღრმის საზომ სენსორსაც. კამერებიდან მთავარი 64 მეგაპიქსელიანია, საკმაოდ დიდი, 1/1,7 ზომის სენსორითა და გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაციით. აქვეა 13 მეგაპიქსელიანი ულტრაფართო კამერა, რომელსაც 117 გრადუსიანი ხედვის კუთხე აქვს. სმარტფონს შეუძლია 8K HDR10+ ვიდეოს გადაღება, თუმცა ეს მხოლოდ პროფესიონალურ რეჟიმშია შესაძლებელი.
როგორც უკვე ვთქვით, სმარტფონი უახლესი პროცესორით იქნება აღჭურვილი და ამასთან ერთად მას 8 გეგაბაიტიანი ოპერატიული და 128 გეგაბაიტიანი შიდა მეხსიერებაც ექნება, ამ უკანასკნელის გაზრდა კი მიკრო ჩიპითაც შეგეძლებათ.
LG V60 ThinQ წყლისგან და მტვრისგანაც დაცულია და ამასთან ერთად, მას MIL-STD 810G სერთიფიკატიც აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ სმარტფონი მზად იქნება იმისათვის, რომ დავარდნასა თუ სხვა სახის უხეშ კონტაქტს თამამად გაუძლოს.
იგი ანდროიდ 10-ზე მუშაობს და ზემოდან LG UX 9,0 სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს დაშენებული. LG-მ თავის ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სმარტფონს სტერეო დინამიკები და 4 მიკროფონი ექნება.
გიგანტური ზომის 5 000 მილიამპერიან ელემენტს Quick Charge 4+ მხარდაჭერა ექნება. მისი დამუხტვა უსადენოდაც შეიძლება. გარდა ამ ყველაფრისა, სმარტფონს Wi-Fi 6-ის მხარდაჭერაც აქვს.
LG-მ მისი Dual Screen აქსესუარიც განაახლა და ახლა ის 6,8-ინჩიანი FHD+ გაფართოების OLED ეკრანია. ამჯერად იგი სმარტფონს USB-C პორტის დახმარებით უკავშირდება და წინა მოდელისაგან განსხვავებით თავისი კვების წყარო აღარ აქვს.
LG V60 მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გვიან გაზაფხულზე გახდება და ის ორ ფერში — ლურჯსა და თეთრში გამოვა. სმარტფონის ფასი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები