2019 წლის 3 იანვარს ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომლის ხომალდი Chang'e-4 მთვარის შორეულ მხარეს, ფონ კარმანის კრატერში დაეშვა. მისიის მიზანს მთვარის სამხრეთ პოლუსზე მდებარე უძველესი და უდიდესი — ეიტკენის კრატერის შესწავლა წარმოადგენს, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 2 500 კილომეტრს შეადგენს.

ხომალდთან ერთად მყოფი მთვარის როვერი Yutu-2 სპეციალური რადარითაა აღჭურვილი, რომელიც მიწისქვეშ 40 მეტრის სიღრმეზე "ხედავს". ახალი აღმოჩენებიც სწორედ ამ რადარის დამსახურებაა.

რადარის მონაცემების მეშვეობით გუნდმა აღმოაჩინა, რომ ზედაპირიდან პირველი 12 მეტრი სუფთა ნიადაგისგან შედგება. მის ქვემოთ როვერმა კიდევ ერთი 12 მეტრიანი ფენის დანახვაც შეძლო, სადაც დიდი ზომის ქვები უწესრიგოდაა მიმოფანტული. ხოლო 24 მეტრი სისქის შემდეგ 40 მეტრ სიღრმემდე უხეში და სუფთა ნივთიერებებია მოქცეული.

აღნიშნული ფენები დიდი ალბათობით მზის სისტემის ქაოსურ პერიოდში მთვარესთან მეტეორებისა და სხვა უცხო ნივთიერებების შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.

ფონ კარმანის კრატერის ფსკერი გაგრილებული ლავითაა დაფარული, რომელიც საკმაოდ გლუვია. დროთა განმავლობაში ლავა გამოტყორცნილი ნივთიერებით დაიფარა, რომელიც მთვარესთან მეტეორიტის მსგავსი ობიექტიების შეჯახების დროს მიმოიფანტება ხოლმე.

ფოტო: SCIENCE ADVANCES

"აღნიშნულმა სამუშაოებმა დაამტკიცა, რომ მთვარის გეოლოგიური ევოლუციის უკეთ შესასწავლად რადარის გამოყენება საკმაოდ მნიშვნელოვანია", — აღნიშნა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიების პროფესორმა და კვლევის ხელმძღვანელმა ლი ჩუნლაიმ.

კრატერების შესწავლა მეცნიერებს მთვარის ევოლუციისა და ფორმირების პროცესის შესწავლაში ეხმარებათ. მკვლევრები დიდი ხანია მთვარის მანტიის შემადგენლობას იკვლევენ, რომელიც ქერქსა და ცენტრს შორის მდებარეობს. როდესაც ასტერიოიდები მთვარეს ეჯახებიან, ქერქი სკდება და მანტიის ნაწილები ზედაპირზე იფანტება.

Yutu-2 მთვარის შორეული მხარის შესწავლას განაგრძობს და მკვლევართა გუნდს იმედი აქვს, რომ სამომავლო მისია Chang'e 5, რომელსაც ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნება ევალება და მიმდინარე წლის ბოლოს გაეშვება, წარმატებით განხორციელდება.

კვლევა Science Advances-შია გამოქვეყნებული.