Polestar-მა ახალი ეკომეგობრული ელექტრო მანქანის კონცეფცია წარადგინა
დღესდღეობით Polestar-ს წარმოებაში ორი მოდელი ჰყავს, Polestar 1 და Polestar 2. ამჯერად შვედურმა კომპანიამ თავისი ახალი კონცეპტისათვის მეტად ორიგინალური სახელი შეარჩია, რომელიც კომპანიის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე გარკვეულ წარმოდგენებსაც გვიქმნის. მიესალმეთ Polestar Precept-ს, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე 2020 წლის ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე წარსდგება.
ავტომობილის მთავარი ღირსშესანიშნაობა ისაა, რომ მისი სალონი ეკომეგობრული მასალითაა დამზადებული, კერძოდ კი გადამუშავებული ბოთლებითა და თევსაჭერი ბადეებით.
ავტომობილმა თანამედროვე, ოთხკარიანი ჩქარი ავტომობილის ვიზუალი მიიღო და თავის თავში სამი ძირითადი ღირებულების გაერთიანება მოახერხა — ეკომეგობრულობა, პროგრესულობა და, რა თქმა უნდა, სისწრაფე.
მანქანის ცხაურა გამჭვირვალეა და მწარმოებელი მას SmartZone-ს უწოდებს, ალბათ იმიტომ, რომ მასში ორი რადარი და ერთი მაღალი გარჩევადობის კამერაა მოთავსებული. აქვე ვხვდებით უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებულ LED ფარებს.
Polestar-ის მიზანი მაქსიმალურად აეროდინამიკური მანქანის შექმნა იყო, სწორედ ამის დამსახურებაა ისეთი მინიმალისტური დიზაინი, როგორიც Precept-ს აქვს.
თუკი მანქანის გვერდებსაც დააკვირდებით დაინახავთ, რომ სტანდარტული გვერდითა სარკეები პატარა კამერებმა ჩაანაცვლა.
მანქანის ინტერიერი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. აქვე ვხვდებით დიდ პლანშეტს, რომელიც გუგლთან თანამშრომლობით შეიქმნა და ის ანდროიდზე მუშაობს. მულტიმედიისა და სხვა დეტალების სანახავი პლანშეტი 15-ინჩიანია, ხოლო 12,5-ინჩიანი ეკრანი საჭის უკანაა განთავსებული და ის სტანდარტულ სპიდომეტრს ანაცვლებს.
კომენტარები