წივწივებს უსიამოვნო საკვების არიდება მათი გასინჯვის გარეშე შეუძლიათ. ისინი სხვა ჩიტებს აკვირდებიან და თუკი ჭამის შედეგად გამოწვეულ ზიზღს ხედავენ, აღნიშნულ საკვებს აღარ სინჯავენ — მაშინაც კი, თუკი პროცესი უბრალოდ ვიდეოში ნახეს.

პროფესორი ლიზა ჰამალაინენი კოლეგებთან ერთად ამ ტიპის სოციალურ ქცევას ლურჯ წივწივებსა და დიდ წივწივებში სწავლობდა. საკვლევი ჯგუფი 39 დიდი და 48 ლურჯი წივწივისგან შედგებოდა. მკვლევარებმა ჩიტების გარკვეულ ნაწილს ისეთი ვიდეოები აჩვენეს, სადაც ჩიტები უგემურ საკვებს მიირთმევდნენ, შემდეგ კი ზიზღს ნისკარტების წმენდითა და თავის ქნევით გამოხატავდნენ.

ვიდეოების ნახვის შემდეგ მეცნიერებმა ჩიტებს აღნიშნული უგემური და მათთვის ნაცნობი საკვები შესთავაზეს, რათა დაედგინათ მოახდინა თუ არა მათზე ვიდეოს ნახვამ გავლენა. ამავდროულად, ასევე მსგავსი არჩევანის წინაშე დააყენეს ისეთი წივწივებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც ვიდეო ნანახი არ ჰქონდათ.

ორივე სახეობაში, ფრინველებმა, რომლებსაც ვიდეოები ჰქონდათ ნანახი, უგემური საკვები უფრო ნაკლებად ჭამეს. საინტერესოა, რომ ლურჯი წივწივები საკვების გარჩევას საკუთარი სახეობის ყურებით უფრო უკეთ სწავლობდნენ, ხოლო დიდი წივწივები ორივე სახეობის ყურებით თანაბრად სწავლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლურჯმა წივწივებმა სოციალური ინფორმაცია ისევე გამოიყენეს, როგორც დიდმა წივწივებმა.

კვლევა Journal of Animal Ecology-ში გამოქვეყნდა.