The Boring Company-მ ლას-ვეგასის ქვეშ პირველი ჩქაროსნული გვირაბის თხრა დაასრულა
სამთვიანი თხრის შემდეგ ილონ მასკის "მოსაწყენმა კომპანიამ" ლას-ვეგასის კონვენციის ცენტრის ქვეშ მიწისქვეშა სამუშაოები დაასრულა. ამ ყველაფრის შესახებ კომპანიის ტვიტიდან ვიგებთ.
The Boring Company-მ ლას-ვეგასის კონვენციის ცენტრის (LVCC) ვიდეო გადატვიტა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამტვრევს გვირაბის ბოლო მონაკვეთს ექსკავატორი. პროექტის დასრულების შემდეგ, გვირაბმა საათში 4 400 ადამიანი უნდა გაატაროს ისე, რომ ზედაპირზე არანაირი ხმაური და ვიბრაცია არ შეიქმნას.
გვირაბის სიგრძე დაახლოებით 1,6 კილომეტრია. ესაა პირველი გვირაბი, რომელიც LVCC-ს ქვეშ გაიყვანეს. ასეთი გვირაბი სულ ორი ცალი უნდა აშენდეს, ამიტომ მასკის "მოსაწყენ კომპანიას" ახლა ისღა ევალება, რომ მასიური ექსკავატორი დაშალოს და ის მეორე გვირაბის ამოსათხრელ ადგილზე გადააწყოს.
ამ პროექტის პარალელურად The Boring Company გეგმავს გვირაბების მთელი ქსელის გაყვანას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ლას-ვეგასსა და McCarran-ის საერთაშორისო აეროპორტს, ქსელი ასევე გავა ქალაქის ცენტრამდე და ლას-ვეგას-სტრიპამდეც მიგვიყვანას. პროექტის საბოლოო მიზანი კი ისაა, რომ ლას-ვეგასი ლოს-ანჯელესს გვირაბით დაუკავშირდეს .
ლას-ვეგასის კონვენციის ცენტრის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ გვირაბები 2021 წლის იანვრისთვის უკვე მზად იქნება.
კომენტარები