ახალი ფოტო, შესაძლოა, ბეთელგეიზეს სიკაშკაშის კლების მიზეზს ხსნიდეს
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ორიონის თანავარსკვალვედში მდებარე წითელი გიგანტის — ბეთელგეიზეს სიკაშკაშე ნელ-ნელა იკლებს.
ამ მოვლენის ასახსნელად ასტრონომებს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნდათ, ერთ-ერთის თანახმად იგი სუპერნოვად აფეთქებას აპირებდა. თუმცა ახალი, მაღალი გარჩევადობის ფოტოების წყალობით მისი საიდუმლო გამოაშკარავდა — იგი ფორმას იცვლის.
ფოტოების გადასაღებად ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც მიგელ მონტარგესი ხელმძღვანელობდა, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპის კამერა Sphere გამოიყენა. შედეგად, დედამიწიდან 700 სინათლის წელიწადით დაშორებული ვარსკვლავის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის ფოტო მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ გამოსახულების ხარისხი დეტალურობით ჩვენი მზის ახლახან გადაღებულ ფოტოს ხარისხს ვერ უტოლდება, მასზე აშკარად შეიმჩნევა, რომ ბეთელგეიზე ცვლილებებს განიცდის.
2019 წლის იანვარში დოქტორმა მონტარგესმა განაცხადა, რომ ვარსკვლავი ნათელი და წრიული იყო. ახლახან გადაღებულ ფოტოში კი იგი ოვალური ფორმისაა.
"ის, რასაც ფოტოზე ვხედავთ მრგვალი ფორმის ნამდვილად არ არის. შესაძლოა, ვარსკვლავის ასიმეტრიულობა ზედაპირის გაგრილებას ან მტვრის ღრუბლებს გამოეწვია", — განაცხადა მონტარგესმა.
ისეთი გიგანტები, როგორიც ბეთელგეიზეა გარკვეულ ცვალებად სტადიებს გადიან, რომლის დროსაც ისინი აირებისა და მტვრის ფენებს იცილებენ, რომლებიც შემდეგ მათ გარშემო ეხვევა. ვარაუდი იმის შესახებ, რომ მტვერი ვარსკვლავის ჩაბნელებაზეა პასუხისმგებელი, ინფრაწითელმა ფოტოებმაც განამტკიცა.
მკვლევართა გუნდის აზრით, ბეთელგეიზე ზეახალ ვარსკვლავად გადაქცევას ჯერჯერობით არ აპირებს და ზუსტად ვერავინ იტყვის თუ როდის აფეთქდება ის. თუმცა, როდესაც ეს მოხდება, პროცესი იმდენად მასშტაბური და ნათელი იქნება, რომ დღის სინათლეზეც კი შევამჩნევთ.
კომენტარები