ინჟინერმა ციფერბლატიანი ტელეფონის თანამედროვე ვერსია შექმნა
სმარტფონებმა ჩვენი ცხოვრება ცალსახად უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა ყველაფერს აქვს მეორე მხარე. დღეს ჩვენ მობილურში იმდენი ინფორმაცია ინახება, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია ყურადღება არ გაგეფანტოს და კონცენტრაცია არ დაგერღვეს. ტელეფონზე საუბარიც სულ უფრო კარგავს პოპულარობას და ადამიანები ერთმანეთთან საკონტაქტოდ სხვადასხვა ტექსტურ აპლიკაციებს იყენებენ.
ამ ყველაფრით დაღლილმა ჯასტინ ჰაუპტმა არაორდინალური გამოსავალი მოძებნა. მან აიღო ძველი ციფერბლატიანი ტელეფონი და ის "სმარტფონად" გადააკეთა. ასეთი ტელეფონი ახალ თაობებს შეიძლება ნანახიც არ ჰქონდეთ.
ჩვენ კი, ვისთვისაც ტელეფონზე დარეკვა პლასტმასის დისკის ტრიალს ნიშნავდა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჰაუპტის ქმნილება პარალელური სამყაროდანაა, რომელშიც სმარტფონების განვითარების პროცესი სენსორულ ეკრანებს გადაახტა.
ჰაუპტის საიტიდან ვიგებთ, რომ ციფერბლატი სხვა ნაწილებთან ერთად Western Electric Trimline-ის ტელეფონიდან "მიითვისა," რადგან სხვა როტორულ ტელეფონებთან შედარებით უფრო კომპაქტური იყო. შემდეგ ის, სხვა საჭირო ელექტრონულ კომპონენტებთან ერთად, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ პლატას დაუკავშირა, საბოლოოდ კი ყველაფერი 3D პრინტერით დაბეჭდილ ტელეფონის კორპუსში მოთავსდა.
ამ ციფერბლატიან გიგანტს ჯიბეში ვერ ჩაიდებთ, თუმცა სასაუბროდ იგი ნამდვილად კომპაქტურია.
"სმარტფონს" ელექტრონული მელნის ეკრანიც აქვს, რომელიც მრავალი წლის წინ მივიწყებულ პეიჯერებს გაგახსენებთ. ეკრანზე შემოსული ან გამოტოვებული ზარების ნახვაც შესაძლებელია. როგორც ჩანს, ჰაუპტმა ტელეფონს თანამედროვე მობილურის რამდენიმე თვისება შეუნარჩუნა.
ჯასტინს თავის საიტზე მხოლოდ ფოტოები არ დაუდია, მან სქემები და დიზაინის ფაილებიც გვანახა, ამიტომ თუ კი ვინმეს მსგავსი მოდელის შექმნის სურვილი გაქვთ, თამამად შეგიძლიათ მის პროექტს გაეცნოთ.
კომენტარები