მეცნიერებმა დინოზავრის ნამარხს იშვიათი კიბო დაუდგინეს
ლანგერჰანსის უჯრედების ჰისტოციტოზი (LCH) იშვიათი და ხშირად ძალიან მტკივნეული სიმსივნური დაავადებაა, რომელიც კანსა და ხერხემალზე დიდი ზომის წყლულების წარმოქმნას იწვევს.
ეს დაავადება პაციენტის ძვალზე ხშირად ძალიან აშკარა კვალს ტოვებს. მისი დიაგნოსტიკა ძირითადად ბიოფსიას და ჰისტოლოგიურ გამოკვლევას მოიცავს.
LCH მარტო ადამიანებს არ ემართებათ, ის გვხვდება ცხოველებში და მათ შორის, როგორც აღმოჩნდა, დინოზავრებშიც.
LCH-ის კვალი მკვლევრებმა ჰადროზავრის ძვლებში აღმოაჩინეს. ეს 10 მეტრის სიგრძის ბალახის მჭამელი დინოზავრი იყო, რომელიც ძირითადად 4 ფეხზე გადაადგილდებოდა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ბინადრობდა.
მკვლევრების საკვლევი ობიექტი იყო ჰადროზავრის ხერხემლის მალები, რომელიც კანადაში, ალბერტას დინოზავრების პროვინციული პარკის მუზეუმში ინახებოდა.
LCH-ის სახასიათო წყლულების აღმოჩენის გარდა, მკვლევრებმა დინოზავრის ინფიცირებული მალები ეპი-ილუმინაციული მიკროსკოპიის და ელექტრომიკროსკოპიის დახმარებით შეისწავლეს.
როგორც გაირკვა, აღნიშნულ სიმსივნის პატოფიზიოლოგია დინოზავრებში და ადამიანებში მსგავსია. მკვლევრების შეფასებით, წყლულები ჰარდოზავრში, LCH დიაგნოზირებული ადამიანის მსგავსად, სფერული ფორმისაა და ტრაბეკულაზე ვრცელდება.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს მანამდეც უვარაუდიათ სიმსივნური დაავადებების არსებობა დინოზავრებში, ახალი კვლევა პირველია, რომელიც განამარხებულ მასალაზე დაყრდნობით დინოზავრებში სიმსივნური დაავადების შემთხვევას ადასტურებს.
კომენტარები