ნორთუმბერლანდის ერთ-ერთი კუნძულის სანაპიროზე ველური ნაცრისფერი სელაპი იპოვეს, რომელიც ფარფლებით ტაშს უკრავდა. მიიჩნეოდა, რომ მსგავსი ქცევა ველურ სელაპებს არ ახასიათებდათ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ ზოოპარკებსა და აკვარიუმებში ენახათ, თუმცა დოქტორ ბენ ბერვილის გადაღებულმა ვიდეომ დაამტკიცა, რომ ეს უნარი ველურ სელაპებსაც აქვთ.

ზღვის ლომები

სელაპები ერთადერთი წყლის ძუძუმწოვრები არ არიან, რომლებსაც სიმღერა და ცეკვა უყვართ. 2013 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები ზღვის ლომს — რონანს, მუსიკას ურთავდნენ, ცეკვის დროს კი აჯილდოვებდნენ. ისინი მუსიკის ტემპებს მუდმივად ცვლიდნენ, რონანი კი ახალ ტემპს ძალიან სწრაფად ჰყვებოდა.

თუთიყუშები

კაკადუმ ინტერნეტში ცნობადობა პირველად 2007 წელს მოიპოვა, როდესაც ის გავრცელებულ ვიდეოში Backstreet Boys-ის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე ცეკვავდა. თუმცა მისი ჭეშმარიტი პოტენციალი 2019 წელს გამომჟღავნდა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების გუნდმა დაადგინა, რომ კაკადუმ 14-მდე განსხვავებული მარტივი და ორი უფრო რთული, კომპლექსური მოძრაობა იცის. მას ასევე 80-იანი წლების სხვა ჰიტებზეც უცეკვია.

სელაპები

2019 წლის ზაფხულში სენ-ენდრიუს უნივერსიტეტის მკვლევარებმა მოზარდი ნაცრისფერი სელაპების ჯგუფს ადამიანების საუბრის ხმების გამეორება და მარტივი მელოდიების წარმოქმნა ასწავლეს. ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ხმის გამეორება შეძლეს, თუმცა ერთ-ერთი მდედრი, სახელად ზოლა ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა. მან რამდენიმე ცნობილი სიმღერის მელოდიის გამეორებაც შეძლო.

"მისი მელოდიები სრულყოფილი არ ყოფილა, თუმცა სელაპის კვალობაზე, მსგავსი რამ იშვიათი და შთამბეჭდავია", — განაცხადა მთავარმა მკვლევარმა ამანდა სტენსბერიმ.