გასულ წელს შრი-ლანკაში რეკორდული რაოდენობის სპილო დაიღუპა
გარემოს დაცვის ჯგუფების განცხადებით, 2019 წელს შრი-ლანკაში რეკორდული რაოდენობის — 361 სპილო დაიღუპა. მოცემული მონაცემი ყველაზე მაღალია მას შემდეგ რაც შრი-ლანკამ 1948 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. სპილოების უმეტესობა ადამიანის მიერ არის მოკლული.
შრი-ლანკაში დაახლოებით 7 500 ველური სპილო ბინადრობს. მათი დახოცვა არალეგალურია, თუმცა ცხოველები ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას ხშირად აწუხებენ. ფერმერების თქმით, სპილოები მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელს უშლიან.
გარემოს ერთ-ერთი დამცველის, საივა ჩამიკარას თქმით, სპილოების 85% ადამიანის ზემოქმედების შედეგად დაიღუპა. მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ცხოველებს ელექტრული ღობეების, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და საწამლავების მეშვეობით ხოცავს.
გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბერში შვიდი დაღუპული სპილო იპოვეს, რომლებიც მარცვლეულის განადგურების გამო ადგილობრივებმა მოწამლეს.
სოფლებისა და ფერმების რაოდენობის ზრდის შედეგად ცხოველებისთვის საკვებისა და წყლის მოპოვება რთულდება. ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ პრობლემას მოსახლეობასა და სპილოებისთვის განკუთვნილ არეალს შორის ღობეების აგებით მოაგვარებენ.
თუმცა ჩამიკარას თქმით, სახელმწიფოს მხრიდან დაცული ტერიტორიისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. აუცილებელია ისეთი საკითხის მოგვარება, როგორიც სპილოებისთვის განკუთვნილ საძოვრებზე გავრცელებული ინვაზიური მცენარეებია.
"ჩვენი გეგმა ეკო-მეგობრული არ არის და საჭიროა მისი ახალი, შესაფერისი გეგმით ჩანაცვლება", — განაცხადა ჩამიკარამ.
ასევე, შრი-ლანკაში უამრავი სპილო დატყვევებულია, რადგან ადგილობრივები მათ ტურისტებისთვის განკუთვნილ ფესტივალებში იყენებენ.
კომენტარები