ასტრონომები მზეზე ლაქებს უკვე 400 წელიწადზე მეტია აკვირდებიან. თუმცა იმისთვის, რომ მზის იმ დროინდელი აქტივობა შეისწავლონ, როდესაც ტელესკოპები არ არსებობდა, მეცნიერებს ისტორიაში მზის აქტიურობასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების ამოქექვა უწევთ.

ფოტო: Y. Mitsuma, H. Hayakawa

მეცნიერებმა, რომელთა კვლევაც The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა, პოლარული ციალის შესახებ ყველაზე ძველი ჩანაწერები შუა აღმოსავლეთში აღმოაჩინეს.

ჯამში ნაპოვნია ასურული და ბაბილონური სამი ფირფიტა, რომლებიც დაახლოებით ჩვენს ძვ. წ. 680-650 წლით თარიღდება. ფირფიტებში ცის ნათებაა აღწერილი. მეცნიერებმა ხის რგოლების ქიმიური ანალიზით ისიც დაადგინეს, რომ ამ დროს მზის აქტივობა მომატებული იყო.

"ციალის შესახებ უძველესი მონაცემები გვეხმარება, რომ მზის ისტორიული აქტივობა დავადგინოთ", — აცხადებს კვლევის ავტორი ჰისაში ჰაიაკავა.

ამ დრომდე ყველაზე ძველი ისტორიული ჩანაწერი ციალის შესახებ ძვ. წ. 567 წლით თარიღდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ასურელი და ბაბილონელი ასტროლოგები ციურ მოვლენებს ხშირად აღწერდნენ, რადგან ეს, მათი აზრით, რაიმე ამბის მომასწავებელი იყო.

ფოტო: SHAWN MALONE

ნაპოვნ ფირფიტებზე ციალი მოხსენიებულია როგორც "წითელი ნათება," "წითელი ღრუბელი" და "ცის წითელი საფარველი." ეს აღწერები თანხვედრაშია უფრო ახალ ჩანაწერებთანაც, სადაც ადამიანები პოლარულ ციალზე საუბრობენ. მეცნიერების თქმით, ეს აღწერა კარგად ესადგება ციალის ერთ-ერთ ტიპს, რომელსაც წითელი ნათება ახასიათებს.

მეცნიერების თქმით, ბაბილონელი და ასურელი ასტრონომები ციალის დანახვას ადვილად შეძლებდნენ. დედამიწის მაგნიტური პოლუსები, რომლებიც ციალს განაპირობებენ, მუდმივად გადაადგილდებიან. მაგალითად, თუ ახლა მაგნიტური პოლუსი ჩრდილოეთ ამერიკასთანაა, დაახლოებით 2 700 წლის წინ ის ევრაზიის კონტინენტზე იყო, ბაბილონთან და ასურეთთან ახლოს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანები ციალს ხშირად დაინახავდნენ.

მკვლევარებმა ციალის შესახებ არსებული პოტენციური ცნობები იმ დროინდელ მზის აქტივობას შეადარეს — ხის რგოლები ჩამოყალიბებისას არსებულ გარემო პირობებზე საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავენ, მათი ქიმიური ანალიზით კი, შესაძლოა, მზის იმდროინდელი აქტივობა განისაზღვროს.

იმ წლებში, როდესაც მზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ენერგეტიკულ ნაწილაკებს ტყორცნის, ხის რგოლებში რადიოაქტიური ნახშირბად-14-ის მაღალი შემცველობა შეინიშნება. სწორედ ამ მახასიათებელს მიგნეს მეცნიერებმა, როდესაც ძვ. წ. 660 წლით დათარიღებულ ხის რგოლებში რადიოაქტიური ნახშირბადის რაოდენობა გაზომეს. ამის საფუძველზე კი მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მომატებული ნახშირბად-14-ის შემცველობა და ტექსტებში აღწერილი ციალი ერთმანეთთან კავშირშია.

კვლევის მთავარი მიზანი მზის წარსული აქტივობის გამოვლენა იყო.