ნასამ ახალი როვერის, Mars 2020-ის ციური ამწე გამოსცადა
Mars 2020 ყველასთვის ცნობილ Curiosity-ზეა დაფუძნებული.
ნასას როვერმა, Mars 2020-მა მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა — მეცნიერებმა დამშვები მექანიზმი გამოსცადეს, რომელმაც როვერი მარსის ზედაპირზე ფრთხილად უნდა დაუშვას.
მექანიზმის გამოცდა ნასას რეაქტიული ძრავის ლაბორატორიაში, კალიფორნიაში 28 სექტემბერს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ამწეს გამოყენებით ძრავებით აღჭურვილი დამშვები მოდული როვერის მთავარი კონსტრუქციისგან გააცალკევეს — დაახლოებით ისევე, როგორც ეს მისი მარსზე დაშვებისას მოხდება.
"პიროტექნიკური მოწყობილობების გააქტიურება, რომელიც დამშვებ მოდულსა და როვერს ერთმანეთისგან აცალკევებს, შემდეგ კი ყველა სტრუქტურის შემოწმება და დარწმუნება, რომ ისინი არ დაზიანებულან, შრომატევადი საქმეა. ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდა", — განაცხადა ინჟინერმა რაიან ვან სშილფგარდმა.
Mars 2020, რომელსაც სახელს მალე შეურჩევენ ნასას წინამორბედ როვერზე, Curiosity-ზეა დაფუძნებული, რომელიც მარსზე გეილის კრატერს 2012 წლიდან სწავლობს. Curiosity-ს მსგავსად Mars 2020 მარსზე ციური ამწის გამოყენებით, ბაგირების საშუალებით დაეშვება.
"ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. როვერი და დამშვები მოდული ერთმანეთს მომავალ გაზაფხულზე შეხვდებიან, როდესაც როვერის სრულად აწყობა დაიწყება", — აცხადებს სშილფგარდი.
მანამდე კი ინჟინრები როვერის კომპიუტერებსა და მექანიკურ სისტემებს გამოცდიან, რათა დარწმუნდნენ, რომ რობოტი მარსის მკაცრ გარემოს დაბრკოლებების გარეშე გაუმკლავდება.
კომენტარები