Curiosity-მ მარსზე უძველესი ოაზისის კვალი იპოვა
როგორი იყო მარსი 3,5 მილიარდი წლის წინ?
წარმოიდგინეთ გუბურებით დაფარული გეილის კრატერი, რომლის კიდეებიდანაც წყალი კრატერის ცენტრისკენ მიედინება, აქ დიდ რეზერვუარს ვხვდებით. სეზონების ცვლასთან ერთად კრატერში წყალი შრებოდა, შემდეგ კი პროცესი თავიდან იწყებოდა. გეილის კრატერი სიგანეში დაახლოებით 150 კილომეტრია. მეცნიერების თქმით, ერთ დროს ეს გეოლოგიურად საკმაოდ აქტიური ადგილი იყო.
თუმცა ერთ დროს წყლით დაფარული სივრცე ახლა გამომშრალი, ცივი უდაბნოა. სწორედ ამ ტერიტორიას იკვლევს Curiosity ამჟამად.
კვლევაში, რომელიც ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა, ავტორების საუბრობენ,რომ Curiosity-ს მიერ კრატერის ფსკერზე არსებულ ქვებში აღმოჩენილი მინერალური მარილები იმის მტკიცებულებაა, რომ ამ ადგილას მარილიანი წყლით სავსე გუბურები მართლაც არსებობდა, რომლებიც პერიოდულად შრებოდა. ეს დანალექები აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა მარსზე კლიმატი და როგორ გადაიქცა წყლიანი პლანეტა გაყინულ უდაბნოდ.
მეცნიერებს სურთ ამოხსნან, თუ რა დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მარსის ტრანსფორმაცია. გეილის კრატერი კი ამ საკითხზე მინიშნებების მისაღებად კარგი ადგილია.
გეილის კრატერი უძველესი, მასიური შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ისტორიის განმავლობაში წარმოქმნილი კრატერი წყლისა და ქარის ზემოქმედების შედეგად ქვიშით ამოივსო, რომელიც დროთა განმავლობაში გაქვავდა. ამის შემდეგ კი გაქვავებული მიწიდან ქარმა შარპის მთა (Mount Sharp) "გამოძერწა," რომლის დაპყრობასაც Curiosity ამჟამად ცდილობს. მთის ქედებზე კი სხვადასხვა ქანებია მოშიშვლებული, რომელიც მარსის ისტორიის სხვადასხვა დროს შეესაბამება.
"ჩვენ გეილის კრატერს იმიტომ ვსწავლობთ, რომ იქ მარსის უნიკალური ისტორიაა ჩაწერილი. იმის ამოხსნას, თუ როგორ და როდის იცვლებოდა მარსის კლიმატი, დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე არსებობს მთავარი კითხვა: რა დროის განმავლობაში იყო მარსზე პირობები იმისთვის, რომ ზედაპირზე მიკრობულ სიცოცხლეს ეარსება?", — აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი უილიამ რაპინი.
Curiosity შარპის მთაზე უფრო და უფრო მაღლა მიიწევს, ამის პარალელურად კი მეცნიერები ხედავენ, თუ როგორ ანაცვლებს ძველ, წყლით დაფარულ გარემოს უფრო მშრალი ლანდშაფტი.
Curiosity შეუცვლელი ინფორმაციის წყაროა და მასზე დაყრდნობით მეცნიერები ეცდებიან, რომ მარსის გეოლოგიური და კლიმატური ისტორია აღადგინონ და იქნებ პასუხიც კი გასცენ კითხვას — არსებობდა თუ არა წითელ პლანეტაზე სიცოცხლე?
კომენტარები