გადაწყვეტილებები, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლე იხსნა — 9/11-ის გადარჩენილები
ცხრა-თერთმეტი, შემოკლებით 9/11 ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღის აღმნიშვნელია. ამ დღეს ალ ქაიდას ტერორისტებმა United Airlines-ის ორი გატაცებული თვითმფრინავი დილით, სამუშაო დღის დაწყებისას ნიუ-იორკის ორ ცათამბჯენს დააჯახა. შედეგად, 2 996 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 606 სავაჭრო ცენტრში და მის მიმდებარედ იყო.
2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმისას ბევრი ადამიანის სიცოცხლე ყოფითმა, წამიერმა, სრულიად შემთხვევითმა გადაწყვეტილებებმა იხსნა. ჟურნალისტი და ისტორიკოსი გარეტ გრეფი თავის წიგნში "ერთადერთი თვითმფრინავი ცაში: 9/11-ის ზეპირი ისტორიები" ტერაქტის შედეგად ათასობით გადარჩენილის პერსონალურ ისტორიაზე წერს.
"დღეში ათასობით უნებლიე გადაწყვეტილებას ვიღებთ — რომელი ფრენა დავჯავშნოთ, რომელ ლიფტში შევიდეთ, ჯერ რუტინული საქმე დავასრულოთ, თუ მანამდე ყავაზე შევჩერდეთ — ვერასოდეს ვაანალიზებთ იმას, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩვენთვის ალტერნატიული გადაწყვეტილება. 9/11-დან 18 წლისთავზე თითოეულ ჩვენგანს 1 მილიონი ყოფითი გადაწყვეტილება მაინც ექნება მიღებული და ამავე დროს, შეიძლებოდა შექმნილიყო მრავალი ალტერნატიული შედეგი დამდგარიყო, რომელსაც ვერასოდეს გავიგებთ", — გარეტ გრეფი
"ჰალსტუხი მონე"
ჯოზეფ ლოტი კომპიუტერული კომპანიის გაყიდვების წარმომადგენელია. იგი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დღეს ხელოვნების ნიმუშების გამოსახულებიანმა ჰალსტუხების სიყვარულმა გადაარჩინა.
"ეს მისწრაფება 90-იანებში დაიწყო. მიყვარს იმპრესიონისტები და ამას ვიყენებ ჩემი შვილების გამოსაცდელადაც. გავიკეთებ ხოლმე ჰალსტუხს და ვეკითხები: გამოიცანი არტისტი. ისინი მეუბნებიან ვან გოგია თუ მონე, შემდეგ კი პატარა საუბრებიც გვაქვს ხოლმე", — ჰყვება ლოტი.
2001 წლის 11 სექტემბერს ლოტმა დილით მწვანე პერანგი ჩაიცვა. ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპ შენობებს შორის მდგარ მარიოტის სასტუმროში კოლეგებს უნდა შეხვედროდა. მანამდე, ამავე სასტუმროში მათთან ერთად ისაუზმა, რა დროსაც თანამშრომელმა ელეინ გრინბერგმა შვებულების დროს საჩუქრად შეძენილი მონეს ნახატიანი ჰალსტუხი აჩუქა.
"წითელ და ლურჯ ფერებში იყო. ძალიან მადლიერი ვიყავი ამ საჩუქრის გამო და მაშინვე გაკეთება დავიწყე, მან კი მითხრა, ჰალსტუხი წითელ-ლურჯ ფერებში მწვანე პერანგზე არ გამეკეთებინა", — იხსენებს ლოტი.
საუზმეს როგორც კი მორჩნენ, ლოტის კოლეგები Windows on the World-სკენ 104-ე სართულისკენ გაემართნენ, ის კი სასტუმროს ოთახში პერანგის გამოსაცვლელად დაბრუნდა. ლოტმა თეთრი პერანგი გააუთოვა, ჩაიცვა და სასტუმროს მისაღებისკენ გაემართა: "ლიფტს მეშვიდე სართულზე ველოდებოდი და უეცრად შენობის მოძრაობა ვიგრძენი". იმ დღეს ლოტმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრს თავი დააღწია. 56 წლის ელეინ გრინბერგმა კი ვერ.
"დავიწყებული პუბლიკაცია"
ჯარედ კოცი Windows on the World-ში მიმდინარე კონფერენციის მონაწილე იყო. ის გადარჩა, რადგან თანამშრომელს ერთ-ერთი კონკრეტული პუბლიკაციის თან წაღება დაავიწყდა. იმ დილით ჯარედ კოცი ოფისში გაბრუნდა მის მოსატანად:
"ყველას დავემშვიდობე და ვიფიქრე, რომ მაქსიმუმ ერთ საათში უკან დავბრუნდებოდი. უკან ლიფტით ჩამოვედი და ოფისისკენ გავემართე. მახსოვს, იმ დროს ზუსტად 8:46 საათი იყო. გზაში ვფიქრობდი, რომ ღონისძიების დაწყებამდე ბევრი დრო მქონდა. ჩემს ლონდონელ კოლეგებს ვესაუბრებოდი ტელეფონით, როდესაც თვითმფრინავის შევარდნის ხმა გავიგე".
მართვის მოწმობა
დევიდ კრავეტი კანტორ ფითჯერალდის ბროკერი იყო. 11 სექტემბერს დილის შეხვედრის დაწყებამდე აღმოჩნდა, რომ მის ერთ-ერთ კლიენტს მართვის მოწმობა სახლში დარჩა და შენობაში შესვლამდე უსაფრთხოება ვერ გაიარა. ჩვეულებრივ, ასეთ დროს კრავეტი მის ასისტენტს აგზავნიდა ხოლმე ქვემოთ, მაგრამ ის იმ დროს 8,5 თვის ფეხმძიმე იყო. კრავეტი გადარჩა რადგან იფიქრა, თუკი შესასვლელთან თავად ჩავიდოდა და არა ფეხმძიმე ქალი, ამით პატივისცემას გამოხატავდა... ამავე ფირმის კიდევ ერთი თანამშრომელი, მონიკა ოლერი ტერაქტს იმით გადაურჩა, რომ ფირმამ ის თავდასხმამდე 24 საათით ადრე დროებით გაათავისუფლა სამსახურიდან. ტრაგედიის შემდეგ ის ფირმაში დაბრუნდა, რადგან 9/11-ის შედეგად პერსონალის სრული შემადგენლობა დაუღუპა.
მარჯვნივ თუ მარცხნივ?
ლეიტენანტი კოლონელ რობ გრუნვალდი საკონფერენციო დარბაზში იჯდა, როდესაც American Airlines-ის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა.
"თვითმფრინავი შენობაში შემოვარდა და ჩვენს ფეხებქვეშ აღმოჩნდა. ზუსტად ჩვენს ფეხებქვეშ", — ჰყვება გრუნვალდი და იხსენებს, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა, შედეგი კი იქნებოდა ფატალური, ან გამოიწვევდა დაშავებას ფიზიკურს, თუ ფსიქიკურს:
"ადამიანები რომლებიც ჩემგან მარჯვნივ და მარცხნივ ისხდნენ, კარისკენ გაიქცნენ და გეზი მარჯვნივ აიღეს. ისინი მაშინვე გაუჩინარდნენ".
გრუნვალდი შეჯახების შემდეგ წუთით შეყოვნდა მისი კოლეგის, მარტა კარდინის გადასარჩენად. ისინი რამდენიმე ნაბიჯით უკან იყვნენ მათგან, რომლებმაც დატოვეს დაზიანებული საკონფერენციო დარბაზი. კოლონელი და კარდინი კვამლში გახვეული ოთახიდან მარცხნივ გავიდნენ — ამ გადაწყვეტილებამ მათი სიცოცხლე იხსნა.
წამიერი გადაწყვეტილებები — გადარჩენილები და დაღუპულები
10 სექტემბერს ჯერემი გლიკის ფრენა ნევარკის აეროპორტში გადაიდო. სანაცვლოდ, მან United Airlines-ის ბილეთი იყიდა მომდევნო დღისთვის. საერთაშორისო სავაჭრო კონსულტანტი, მელისა ჰარინგტონი ნიუ-იორკში, ჩრდილოეთ სავაჭრო ცენტრში ერთდღიანი საქმიანი შეხვედრისთვის ჩავიდა. თავდასხმა რომ რომელიმე სხვა დღეს ან სხვა წუთს მომხდარიყო, ის იცოცხლებდა. ლეიტენანტი მაიკ ვარჩოლა ჩრდილოეთ კოშკის მე-40 სართულზე, 24-წლიანი მსახურების შემდეგ, პენსიაში გასვლამდე სამუშაოს უკანასკნელ საათებს ითვლიდა.
ტერაქტამდე წინა ღამით დენვერში ნიუ-იორკ ჯაიანტსის მატჩში გვიანობამდე გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ-იორკელი გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა დილით ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კოშკების უკანასკნელ ლიფტს ვერ მიუსწრეს. ნიკოლას რეინორი ამერიკან ეარლაინსის რეის 11-ის მგზავრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ლაშქრობის დროს კოჭი იღრძო და ფრენაზე დააგვიანა. კომედიანტ სეტ მაკფარლენსს ამავე თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა. ის როდ აილენდში წარმოდგენის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, თუმცა აგენტს ბილეთზე მისი სახელი შეეშალა და შედეგად ფრენაზე 7 წუთით დააგვიანა. მაიკლ ლომოკანო კი რესტორან Windows on the World-ის შეფმზარეული ჩვეულებრივ 8:30-ზე უნდა მისულიყო სამსახურში, მაგრამ გზად, სავაჭრო ცენტრის ქვეშ, მაღაზიაში ახალი სათვალისთვის შეჩერდა. ის გადარჩა, მისი 72 თანამშრომელი კი დაუღუპა.
ამავე თემაზე:
კომენტარები