ლაიქების რაოდენობის დამალვაზე ახლა უკვე ფეისბუქიც ფიქრობს
გავრცელებული ინფორმაციით, ფეისბუქი ლაიქების რაოდენობის დამალვის შესაძლებლობად განიხილავს.
ლაიქების დამალვის იდეის შესახებ ფეისბუქის მფლობელობაში არსებულმა ინსტაგრამმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა. ახლა კი ის ამ ფუნქციას კანადაში, ირლანდიაში, იტალიაში, იაპონიაში, ბრაზილიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ტესტავს.
ჯეინ უონგმა ფეისბუქის აპლიკაციაში აღმოაჩინა კოდი, რომელიც ამა თუ იმ პოსტის ლაიქებს პოსტის ავტორის გარდა ყველასათვის უხილავს ხდის. სხვები კი უბრალოდ სხვადასხვა რეაქციის ემოჯიებს დაინახავენ და წაიკითხავენ, რომ ეს პოსტი მათმა რომელიმე მეგობარმა და სხვა ადამიანებმა დაალაიქეს. თუმცა, ლაიქების ზუსტი რაოდენობა ხელმისაწვდომი არ იქნება.
ფეისბუქმა TechCrunch-ს დაუდასტურა, რომ ისინი ფიქრობენ გამოსცადონ და შეისწავლონ, თუ რა შედეგს მოიტანს პლატფორმაზე ლაიქების რაოდენობის დამალვა. კომპანიამ განაცხადა, რომ მსგავსი ტესტი ამჟამად არ მიმდინარეობს.
ინსტაგრამმა თავდაპირველად ლაიქების რაოდენობის დამალვას მხოლოდ მომხმარებლების მცირე რაოდენობაზე ცდიდა, თუმცა, მას შემდეგ ამ ფუნქციის ტესტირებისი არეალი გაფართოვდა და მასში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა ერთი ქვეყანა ჩაერთო. რაც გვაფიქრებინებს, რომ ცვლილება წარმატებული აღმოჩნდა.
ლაიქები ფეისბუქის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, თუმცა მომხმარებლებისგან უფრო და უფრო ხშირად გვესმის, რომ ლაიქების რაოდენობა მათ თავს ხშირად ცუდად აგრძნობინებთ.
მომხმარებლები წუხან, რომ მათმა პოსტმა, შესაძლოა, საკმარისი რაოდენობის ლაიქები ვერ მოაგროვოს. თუ ლაიქების რაოდენობა ყველასათვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება, ამან, შესაძლოა, ეს წნეხი ნაწილობრივ მაინც გაანეიტრალოს.
ამავე თემაზე:
კომენტარები