ინსტაგრამის პოსტებზე შესაძლოა ლაიქების რაოდენობა უხილავი გახდეს
ინსტაგრამში შესაძლოა პოსტებზე ლაიქების რაოდენობა აღარ გამოჩნეს, რათა ადამიანებმა ვერ დაინახონ, თუ რამდენი მოწონება აქვს ამა თუ იმ პოსტს.
ახალი ფუნქცია ინსტაგრამის კოდში ჯეიმ უონგმა აღმოაჩინა. ინსტაგრამი აცხადებს, რომ ამ ფუნქციის მიზანია ხალხის ყურადღება ლაიქების რაოდენობიდან პოსტის შინაარსზე გადაიტანოს. ლაიქების რაოდენობის ნახვას მხოლოდ პოსტის ავტორი შეძლებს.
ინსტაგრამი აცხადებს, რომ მათ აღნიშნული ფუნქცია ჯერ არ გამოუცდიათ.
"ამჟამად ამ ფუნქციის ტესტირება არ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ინსტაგრამზე ლაიქების გარშემო არსებული წნეხი და დაძაბულობა განვმუხტოთ", - აცხადებს ინსტაგრამის წარმომადგენელი The Verge-თან საუბარში.
რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისრის ოფისმა გაავრცელა რეკომენდაცია, რომელშიც ის Instagram-ს, Snapchat-სა და სხვა მსგავს სოციალურ პლატფორმებს მოუწოდებდა, რომ აპლიკაციებში ლაიქების და სხვა მსგავსი ფუნქციების გათიშვის შესაძლებლობა ჩაემატებინა. მათი თქმით, მსგავსი ფუნქციები ადამიანების პლატფორმებზე მიჯაჭვას იწვევს.
ლაიქებს გარკვეული უარყოფითი მხარე ნამდვილად გააჩნიათ, ისინი შეიძლება სოციალურ ქსელებზე მიჯაჭვასა და სხვა არაჯანსაღ მიდრეკილებებს აჩენდეს, ისინი ასევე ახალისებს სოციალურ ქსელში უაზრო და ნაკლებად საინტერესო ფოტოების პოსტვას, რომლებიც, მიუხედავად ამისა, მაინც ბევრ მოწონებას აგროვებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ლაიქები მომხმარებლებისთვის დიდი მოტივატორიც არის.
თუ კომპანია ლაიქების დამალვას გადაწყვეტს, სოციალურ ქსელში ყურადღება ლაიქების რაოდენობიდან პოსტების შინაარსზე გადაინაცვლებს, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ყველასათვის უკეთესი იყოს.
კომენტარები