"ვარდების რევოლუცია 2" – რეპორტაჟი ნაციონალური მოძრაობის შემაჯამებელი აქციიდან
ჩართვა ოდესიდან, დავიწყებული ლექს–სენი სცენაზე, ჩარკვიანის "მე გადმოვცურავ ზღვას", მსვლელობა პარლამენტისკენ, 8 ოქტომბერს არჩევნების მოგების რწმენა, ხალხის რაოდენობით კმაყოფილი ლიდერები და ცოცხგამობმული დრონი, რომელმაც აქციას გადაუფრინა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესიდან უკვე უწოდა "ვარდების რევოლუცია 2". აქციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ვარდების მოედნის გადაკეტვით გამოწვეულ საცობს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებს პიკის საათებში ისედაც არ აკლია ხოლმე.
აქცია 16 საათზე, თბილისში, ვარდების მოედანზე დაიწყო და მას ესწრებოდნენ პარტიის მხარდამჭერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათი განცხადებით, ისინი უკეთესი მომავლისა და წინსვლის მხარდასაჭერად ესწრებოდნენ აქციას. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში აღმშენებლობა შეჩერდა, სწორედ ამიტომ ისინი ალტერნატიული ძალის მხარდამჭერები არიან და ნაციონალური მოძრაობის იმედი აქვთ.
აქცია ოთხ საათზე იყო დაანონსებული, თუმცა დაგვიანებით დაიწყო. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, შეკრებილებს განუმარტა, დაგვიანების მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ხელშემშლელი ფაქტორები იყო, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა დროულად მისვლა ვერ მოახერხეს:
"ხალხი ისევ მოგვემატება, ბევრი მათგანი საცობშია. მთავრობა რაღაც მეთოდებით ცდილობდა ხელის შეშლას და მეტროს გათიშვას, მაგრამ ბევრი ადამიანი გზაშია".
როგორც გაირკვა, მეტროს მიმოსვლა მეტროსადგურ რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანს შორის, ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა. პარტიის მხარდამჭერებმა კი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შეძლეს ჩამოსვლა რეგიონებიდან.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნდა დრო, როდესაც მოქალაქეებს თავს ესხმიან და ტერორისტული აქტის გამო ისინი საავადმყოფოებში ხვდებიან. მან თანადგომა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც გუშინ ენმ-ს ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაზარალდნენ:
"მაგრამ მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ შეგვაშინებდა, დაგვაშინებდა და უკან დავიხევდით, რომ დღეს თქვენ აქ არ მოხვიდოდით და ჩვენი შეხვედრა ვერ შედგებოდა, ძალიან გავუცრუეთ ამ ადამიანებს იმედები".
მხარდამჭერების წინაშე წარსდგა გივი თარგამაძე მან პარტიის მხარდამჭერებს გვერდში დგომისა და სოლიდარობისთვის მადლობას გადაუხადა. მან სიტყვით გამოსვლისას საკუთარი ბაბუაც გაიხსენა:
"მე ვარ გივი თარგამაძე, არსებობდა კიდევ ერთი გივი თარგამაძე - ბაბუაჩემი, რომელიც გუშინდელი აფეთქების ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში, 27 წლის ასაკში ოკუპანტებმა დახვრიტეს. მეორეს ვერ მივართმევ, მე არ გავჩერდები, თქვენ არ გაჩერდებით. საქართველო არ გაჩერდება, წავა წინ. საქართველოს გამარჯვებას გაუმარჯოს".
მხარდამჭერებს პარტიის სხვა ლიდერებმა – ელენე ხოშტარიამ, ოთო კახიძემ და ნიკა მელიამ მიმართეს. ელენე ხოშტარიამ მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ 8 ოქტომბერს ქვეყანა გამოვა ჭაობიდან და წინსვლას დაიწყებს:
"მე მივესალმები ჩვენს მომხრეებს და ყველას, ვინც ჩვენი მომხრე არ არის იმიტომ, რომ ჩვენ ასე არ ვყოფთ საზოგადოებას, ჩვენ გვყავს 1 ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს გასაყოფი და დასაჯიჯგნი ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ჩვენ აქ არ შევკრებილვართ იმისთვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას დავუჭიროთ მხარი. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ ერთიანად, მტკიცედ, მშვიდად გვერდში დავუდგეთ ჩვენს ქვეყანას."
შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა სანდრა რულოვსმა და პირობა მისცა მათ, რომ მიხელ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება, ოღონდ არა რევოლუციური სცენარით, არამედ ახალი ხელისუფლების პირობებში, როცა სასამართლო გათავისუფლდებოდა ხელისუფლების გავლენისგან.
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო სცენაზე 2000-იანი წლების დასაწყისის ცნობილი ქართველი რეპერის, ლექს-სენის (ლექსო ქავთარაძე) გამოჩენა, რომელმაც პარტიის ახალი საარჩევნო სიმღერა წარადგინა.
აქციის მსვლელობისას ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის, "მე გადმოვცურავ ზღვას", ფონზე მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვით ოდესიდან ჩაერთო. ექსპრეზიდენტი გულშემატკივრებს დაპირდა, რომ სამ დღეში ის გადმოლახავს ზღვას, რომელიც მათ აშორებს.
ვიდეო მიმართვაში სააკაშვილმა საქართველოს ყველა რეგიონი გაიხსენა და ხალხს მათი განვითარება აღუთქვა. მისი თქმით, იგი მზადაა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს:
"3 დღეში დგება სიმართლის ჟამი. 3 დღეში დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექსპერიმენტი. ზუსტად 3 დღეში დასრულდება დიდი ქოციანობა. ზუსტად 3 დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა ვინ როგორ მისცა ხმა 2012 წელს, ზუსტად 3 დღეა დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე, ხოლო ჩვენთვის ეს არის 3 დღე გამარჯვებამდე."
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდზე და აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსი ოლიგარქებისგან უნდა გათავისუფლდეს. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ბიძინა ივანიშვილს განათლების მიღება დაუფინანსოს, რათა "მან ისწავლოს განსხვავება კამბოჯასა და ნიკარაგუას შორის, განსხვავება მიხეილ ჯავახიშვილსა და პოლიკარპე კაკაბაძეს შორის".
აქციის დასასრულს, როცა მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედნისკენ დაიწყეს მსვლელობა, ვარდების მოედანზე დრონზე გამობმულმა ცოცხმა გადაიფრინა. დრონმა მოედნის თავზე რკალი შემოხაზა, რამდენიმე წუთის განმავლობაში იფრინა და შემდეგ გადაადგილება რუსთაველის გამზირის მიმართულებით განაგრძო.
თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი მხარდამჭერები სკანდირებდნენ: მიშა დაბრუნდი! მათ ჰქონდათ ბანერები წარწერით - მოისროლე ბიძინა. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე რადენიმე წუთის განმავლობაში გაჩერდნენ. აქცია 19 სათზე დასრულდა.
კომენტარები