ქალის მკერდის მიმართ არტისტული ინტერესი ანტიკური პერიოდიდან მოდის. მას ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და უკეთესი მოსავლისთვის სწორედ მრავალმკერდიანი ქალღმერთისთვის ლოცულობდნენ. მკერდი ქალის მშვენიერების სიმბოლოც გახლდათ და ისტორიის მანძილზე ეს მრავალი ხელოვანის შემოქმედებაში წარმოჩინდა. ძუძუს კიბოს შემთხვევებიც საზოგადოების განვითარების თანმდევი იქნებოდა, თუმცა მათ შესახებ დადასტურებული ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთულია. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცით: სიშიშვლის თანმდევი სიმორცხვის გამო, მკერდის დაავადებათა დიაგნოსტიკა ანტიკური პერიოდის ექიმებისთვისაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა

რენესანსის პერიოდში ადამიანის სხეულის არტისტული მიზნებით კვლევა თავისი ანატომიური სიზუსტით განსაცვიფრებელია. მხატვრობაში შიშველი ნატურა უკვე უცხო რამ აღარ გახლდათ და შესაბამისად, ეს საშუალებას გვაძლევს კონკრეტული დაავადებების კლინიკური ნიშნები ამოვიცნოთ.


სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი უკანასკნელი სურვილები უკარნახა ერთგულ მსახურს: საკუთარი ქონების მოზრდილი წილი საყვარელი ქალისთვის ემეტებოდა მხოლოდ. რამდენიმე დღეში რომის პანთეონში ღირსეული პატივით დაკრძალეს და მისი საფლავის ქვაზე კარდინალ პიეტრო ბემბოს სიტყვები ამოკვეთეს:

"ეს რაფაელის საფლავია,
სანამ ცოცხლობდა, დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო,
ხოლო როს მოკვდა, შიშობს, არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად"

რაფაელის უკანასკნელი შედევრი, საყვარელი ქალის პორტრეტი, მის სახელოსნოში დაკრძალვის შემდეგ აღმოაჩინეს

ფოტო: Galleria Nazionale d'Arte Antica

სურათზე გამოხატული ქალი რაფაელის დიდი ხნის სიყვარული და მისი მოდელი, მარჯერიტა ლუტი გახლდათ. მამამისი, ფრანჩესკო ლუტი, სიენელი პურის მცხობელი (Fornaro) იყო. სწორედ აქედან მოდის ამ ნახატის სახელიც, La Fornarina.

ხელოვნების ექსპერტებში რაფაელის ფინალური ნამუშევარი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ზოგიერთ დეტალში მხატვრისთვის დამახასიათებელი ფუნჯის ჰაეროვანი მონასმების სიმწირე შეიმჩნევა, რაც აჩენს აზრს, რომ ნახატი დაუსრულებელია. მიუხედავად ამისა, მშვენიერი ქალის სხეულის ფორმები და მისი ერთგვარი პროვოკაციულობა მაღალი რენესანსისთვის დამახასიათებელ ესთეტიკურ ნორმებში თავისუფლად ჯდება. ნახატის ამგვარი იდეალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ 2002 წელს, პროფესორმა კარლოს ჰუგო ესპინელმა დააყენა ეჭვქვეშ.

ხელოვნების დიდმა მოტრფიალე მედიკოსმა რაფაელის La Fornarina სამხატვრო სიმბოლიზმისგან დაცლილად, ანატომიური მზერით დაათვალიერა და მარცხენა ძუძუში სიმსივნური გამობერილობა შენიშნა.

ფოტო: Galleria Nazionale d'Arte Antica

ოვალური ფორმის სიმსივნური გამობერილობა იღლიის მიდამოდან ძუძუს დვრილისკენ მიემართება. ზოგადად მკერდი რამდენადმე რეტრაქცირებული ანუ განზე გაწეულია, მაგრამ მარცხენა ძუძუს თავი მარჯვენასთან შედარებისას სიმეტრიულია. სიმსივნური წარმონაქმნის მწვერვალთან, მარჯერიტას საჩვენებელი თითის ქვეშ, კანი მუქ შეფერილობას იღებს. იღლიაში კანქვეშა ქსოვილი შესიებულია, შესაძლოა ეს სულაც ლიმფური კვანძი იყოს. მარცხენა ხელი მარჯვენასთან შედარებით უფრო დიდი მოჩანს. სურათის რეფლექტოგრაფიული გამოკვლევით დგინდება, რომ რაფაელმა მარცხენა ხელი საბოლოო შედეგის მიღებამდე რამდენჯერმე დახატა. ლურჯ სასიყვარულო სახვევზე ოქროსფერი ასოებით "Raphael Vrbinas" არის გამოყვანილი და იგი იმგვარად არის შეკრული, რომ ცხადი ხდება — ხელი შეშუპებულია.

სურათის ასეთი დეტალური ანალიზის შემდეგ ესპინელმა 5 ძირითადი კლინიკური ნიშანი გამოკვეთა: სიმსივნური წარმონაქმნი, რეტრაქცია, კანის ფერის ცვლილება, შესაძლო ლიმფური კვანძი და მხრის შესიება. დიაგნოზი: მარცხენა ძუძუს შორს წასული კიბო. ექიმის მოსაზრებით, რაფაელმა რენესანსის მხატვრების დარად შეულამაზებელი რეალობა აღწერა და მარჯერიტაც სწორედ ამიტომ მიუთითებდა მის ძუძუში არსებულ სიმსივნურ წარმონაქმნზე. თუ დიაგნოზი შესაბამისი წყაროებით გამართლდებოდა, ეს ძუძუს კიბოს პირველი, გრაფიკული მტკიცებულება იქნებოდა ისტორიაში.

ძუძუში სიმსივნური წარმონაქმნის არსებობის შემთხვევაში მამოლოგები სწორედ ამგვარ სიმპტომებს აკვირდებიან. ზემოთ ჩამოთვლილ კლინიკურ ნიშნებს შესაძლოა დაემატოს ძუძუს თავის ტკივილი, დვრილიდან გამონადენი და წარმონაქმნის ირგვლივ კანის სტრუქტურის ცვლილება.

კარლოს ჰუგო ესპინელმა თავისი მოსაზრება ჟურნალში The Lancet გამოაქვეყნა. საპასუხო კორესპონდენციამაც არ დააყოვნა. ამერიკელ ექიმს ბრიტანელი კოლეგები, მაიკლ ბაუმი და ბარი ჰოფბრანდი დაუპირისპირდნენ.

ლაკონურად ჩამოყალიბებულ პასუხში მაიკლ ბაუმი ხაზს უსვამდა რენესანსის მხატვრების იკონოლოგიას და აღნიშნავდა, რომ თითი სიმსივნურ წარმონაქმნს კი არა, უფრო ღრმად, გულს მიანიშნებდა. ამგვარი სიმბოლიზმით მშვენიერი ქალი რაფაელს სიყვარულში უტყდებოდა და ეს ისტორიული წყაროებითაც დადასტურებულად ვიცოდით. ასევე, მეთექვსმეტე საუკუნის იტალიაში პირამიდული ფორმის მკერდი იდეალურად მიიჩნეოდა და შესაბამისად, არანაირ რეტრაქციას ადგილი არ ჰქონდა. ბაუმი ასევე მკაცრად აღნიშნავდა, რომ თავისი 30 წლიანი კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში მუქი-მოლურჯო შეფერილობის კანი ძუძუს კიბოს დროს არასდროს შეხვედრია. კლინიკურ პრაქტიკაზე ასე ხაზგასმით მინიშნებით ბრიტანელმა ექიმმა ამერიკელ კოლეგას თითქოს დასცინა: ბაუმი სპეციალიზაციით ქირურგი გახლდათ, ხოლო ესპინელი — კარდიოლოგი.

იგივე მოსაზრებაზე იყო ბარი ჰოფბრანდიც. მსგავსი შეფერილობის ძუძუს კიბო მისთვისაც უცხო იყო, თუმცა თავის სკეპტიკურ დამოკიდებულებაში იგი ბაუმთან შედარებით ნაკლებად მკაცრი იყო.

კრიტიკის საპასუხოდ, ესპინელმა თავისი გამოკვლევის მეთოდი დეტალურად აღწერა და ხაზი გაუსვა, რომ მისი დასკვნები ცივსისხლიან სამეცნიერო ანალიზს ეყრდნობოდა და არა პირადი გამოცდილებიდან გადმოყოლილ წინასწარგანწყობებს. მან კოლეგებს ასევე მიანიშნა, რომ რენესანსის მხატვართა სტანდარტული იკონოლოგიის მიღმა უნდა ეცქირათ და ამ კონკრეტულ ნამუშევარში მარჯერიტა არა გულს, არამედ სწორედაც რომ ძუძუს კიბოზე მიათითებდა.

ალბათ ჰუგო კარლოს ესპინელის ჯიუტმა პოზიციამ ძალზე გააბრაზა მაიკლ ბაუმი, რადგანაც მან საპასუხოდ The Journal of Surgery-ში სტატია გამოაქვეყნა სათაურით "La Fornarina-ს ძუძუს კიბო არ აქვს". ამჯერად ბრიტანელი ექიმი დაწვრილებით და მკაცრად აკრიტიკებდა ამერიკელი კოლეგის მეთოლოგიასა თუ საბოლოო დასკვნებს. მანამდე გამოთქმული მოსაზრებები მას უფრო მტკიცე არგუმენტებით ჰქონდა გამყარებული და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ძუძუს კიბოს დროს კანის მსგავსი შეფერილობის შესახებ ლიტერატურაში ინფორმაცია საერთოდ არ მოიძებნება. იგი ასევე მარტივ ექსპერიმენტს სთავაზობდა კოლეგას: საჩვენებელი თითის მკერდზე დაწოლით "სიმსივნური" წარმონაქმნის მსგავს ფორმას ძუძუ ისედაც მიიღებდა. ბაუმმა ესპინელის ფაქტობრივ მტკიცებულებებს მოკლებულ მსჯელობას "უაზრო" უწოდა, ხოლო მისი დასკვნები "რედუქციონიზმად" შერაცხა.

ერთი ნახატის ირგვლივ ატეხილი ასეთი ცხარე დისკუსია ნამდვილად საინტერესო მოვლენა გახლდათ. სამეცნიერო პუბლიცისტიკის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, რთულია მაიკლ ბაუმის პოზიციას არ დაეთანხმო. ფაქტობრივი მტკიცებულების გარეშე, მსგავსი თეორიული დაშვებები უბრალოდ წყლის ნაყვაა. ისტორიული ფაქტები კი ასეთია: რაფაელის სიკვდილის შემდეგ მარჯერიტა ლუტის ცხოვრების შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. საყვარელი მამაკაცის სიკვდილიდან 4 თვეში მისი კვალი იკარგება. რომის წმინდა აპოლონიას მონასტრის დოკუმენტებში ვკითხულობთ: " 1520 წლის 18 აგვისტოს მარჯერიტა, სიენელი ფრანჩესკო ლუტის ქალიშვილი, ჩვენს კონსერვატორიას შემოუერთდა"

შეუძლებელია ოდესმე დაზუსტებით გავიგოთ, ჰქონდა თუ არა რაფაელის მუზას ძუძუს კიბო, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გვიბიძგებს ხელოვნების ნიმუშები სულ სხვა თვალით აღვიქვათ. მარჯერიტას იდუმალებით მოცული პერსონა კი რაფაელის მუდმივი თანმდევი გახდა.

საუკუნეების შემდეგ, გუსტავ ფლობერმა თავის გამოუქვეყნებელ სატირულ ნაშრომში, "საყოველთაოდ მიღებული აზრების ლექსიკონი" აღნიშნა: "Fornarina. იგი ულამაზესი ქალი გახლდათ და მხოლოდ ეს არის საჭირო რომ იცოდეთ"

"La Velata"
მარჯერიტა ლუტის პორტრეტი. რაფაელი. 1514-1515წწ

ამავე თემაზე: დიფერენციალური დიაგნოზი: რემბრანდტის "ბერსაბე საკუთარ სააბაზანოში"