ვეშაპებს ერთმანეთთან საუბარი ჩურჩულითაც შეუძლიათ
სამხრეთული სადა ვეშაპები თავიანთ ნაშიერებს მეჩხერ წყლებში, სანაპიროსთან ახლოს ზრდიან — აქ ისინი ყველაზე დაცულები არიან ცელნამგალა ვეშაპების (ორკა) თავდასხმისგან. ამ უსაფრთხო სივრცეში, ტალღების ხმაურის ფონზე, წყვილი ერთმანეთს ჩუმი გადაძახილით ესაუბრება. ეს დედასა და მის ნაშიერს საშუალებას აძლევს თავიანთი ადგილმდებარეობა არ გათქვან.
ვეშაპები მცირე ჯგუფებად გადაადგილდებიან და ძალზე სოციალური ძუძუმწოვრები არიან. მათი გადაძახილები ძალზე ხმამაღალი და შორ მანძილზე გათვლილია. კომუნიკაციისთვის ისინი განსხვავებულ ვოკალურ ხმებს იყენებენ: ტკაცუნს, სტვენას და პულსურ ძახილს.
ტკაცუნა ხმებს ვეშაპები ნავიგაციისა და ირგვლივ არსებული გარემოს აღსაქმელად იყენებენ. მათ მიერ გამოცემული ბგერის ტალღა გარემოში ვრცელდება და მას ირგვლივ არსებული ობიექტები აირეკლავენ. არეკლილი ბგერა ვეშაპს უკან უბრუნდება და სწორედ ამგვარად შეუძლია მას ობიექტების ფორმის ამოცნობა. ვეშაპებს ტკაცუნა ბგერებით შეუძლიათ მეგობარი სახეობებისა და თავდამსხმელების ერთმანეთისგან გარჩევა.
სტვენასა და პულსურ ძახილებს ისინი ერთმანეთთან საუბრისას იყენებენ. დადგენილია, რომ ვეშაპთა სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული სასაუბრო "დიალექტი" აქვს. სწორედ ეს ეხმარებათ მათ, რომ თავისიანი უცხოსაგან განასხვავონ.
"უსიტყვო" კომუნიკაციისთვის ისინი წყლის ზედაპირზე კუდს ურტყამენ. ამ დროს ბგერა წყლის სიღრმეში ასეულობით მეტრზე ვრცელდება და იგი ხშირად განგაშის ან შესაძლო აგრესიის მანიშნებელია. მსგავს მანევრს იყენებენ ვეშაპები ასევე სანადიროდ, თევზების ჯგუფის შესამჭიდროვებლად.
ჩურჩულით საუბარი კი რაღაც ახალია.
"ეს გვიჩვენებს, რომ ვეშაპებს ერთმანეთში ძალზე ინტიმური კომუნიკაცია აქვთ. მსგავსი გადაძახილები მხოლოდ გვერდით მყოფისთვის არის განკუთვნილი" — აღნიშნავს მია ნილსენი, დანიელი ქცევის ბიოლოგი.
ნილსენმა და მისმა კოლეგებმა 9 დედა ვეშაპს აუდიო- ჩამწერები, მოძრაობისა და წყლის წნევის მზომველი სენსორული გადამცემები დაუმაგრეს. მეცნიერებმა ტალღების ხმაურში ჩუმი, ნაზი გადაძახილები ჩაიწერეს. ბგერების გავრცელების დიაპაზონი სულ რაღაც 200 მეტრს შეადგენდა.
სამხრეთული სადა ვეშაპები ხმამაღალ, იარაღის გასროლის მსგავს ხმებს გამოსცემენ, მაგრამ როგორც ახალი კვლევიდან ჩანს, მათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ჩურჩულის მსგავსად, დაბალ ხმაზეც შეუძლიათ.
"ოკეანეში ცელნამგალა ვეშაპები სამხრეთულ სადა ვეშაპებს ძალიან უნდა მიუახლოვდენ, მათი აღმოჩენა რომ შეძლონ"— განაცხადა შოტლანდიელმა ბიოლოგმა, პიტერ ტიაკმა. იგი ამ კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ერთ-ერთ თანაავტორთან ერთად სხვა პროექტზე მუშაობს.
დედა-შვილი ერთმანეთში ჩურჩულით მოძრაობის დროს საუბრობს. ასეთ ხმადაბალ ტონალობაში კომუნიკაციის პირობებში, წყვილმა შესაძლოა ერთმანეთი დაკარგოს. თუმცა ვეშაპები ერთმანეთის სიახლოვეს ცურვისაკენ არიან მიდრეკილები. გადაადგილებისას დედა და შვილი ერთმანეთს ძალზე მცირე დისტანციაზე შორდებიან.
"შესაძლოა, ცხოველთა უმრავლესობის კომუნიკაციაში ახლოს მყოფი პარტნიორებისთვის სპეციალური, სრულიად განსხვავებული ბგერათა რეპერტუარი არსებობდეს" — ვარაუდობს პიტერ ტიაკი.
კვლევა Journal of Experimental Biology- ში გამოქვეყნდა.
ამავე თემაზე: ივნისის თვეში კანადის ერთ ყურეში 6 ვეშაპი მოკვდა: გაეცანით მათ ისტორიებს
კომენტარები