მსოფლიოს ყველაზე დიდი და შემოსავლიანი კრიმინალური სინდიკატები
ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანებების საქმიანობა ცალკეული სახელმწიფოებისა და ჯამურად გლობალურ ეკონომიკაზე შესამჩნევ გავლენას ახდენს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები განსხვავდებიან სტრუქტურით, საქმიანობის სფეროთი, იდეოლოგიით. ორგანიზებული კრიმინალის პრობლემა თითქმის ყველა სახელმწიფოში დგას.
კრიმინალთა პროფესიული გაერთიანება საკმაოდ ძველი მოვლენაა და სხვადასხვა სახელმწიფოში მათი წარმოშობის ისტორიაც განსხვავებულია. იტალიური მაფიიდან, იაპონურ იაკუძამდე, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებებს უნიკალური მახასიათებლები და საქმიანობის სტილი გააჩნიათ.
მხოლოდ აშშ-ში, მხოლოდ კოკაინის გაყიდვით, კრიმინალური სინდიკატების ჯამური შემოსავალი ყოველწლიურად, დაახლოებით, 34 მილიარდი დოლარია. სხვა ტიპის კრიმინალური საქმიანობებიდან შემოსული თანხების დაჯამებით ნათელი ხდება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფების შემოსავლის უმეტესი ნაწილი მათ მიერ კონტროლირებული ლეგალურ ბიზნეს საქმიანობიდან მოდის.
ასევე, საკმაოდ რთულია იმის გარკვევა თუ რა ტიპის დანაშაული შეიძლება წარმოადგენდეს ორგანიზებული კრიმინალის ფენომენს. რიგი ფაქტორების გამო, ასევე, რთულია კრიმინალური სინდიკატების სუფთა მოგებისა და შემოსავლის ზუსტი გამოთვლა. ცხადია ჩრდილოვანი ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ფინანსების რაოდენობისა და წარმომავლობის დამალვას. ზოგი დაჯგუფება მკაცრი იერარქიული სტრუქტურითა და ცენტრალიზაციით გამოირჩევა, ზოგიც მაღალი ავტონომიური თავისუფლებითა და ქაოტურობით.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ და შემოსავლიან კრიმინალურ სინდიკატებს.
1. სოლნცევოს საძმო, წლიური შემოსავალი — 9 მილიარდი დოლარი
მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციულ ოლქში დაარსებული კრიმინალური დაჯგუფება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ძლევამოსილი კრიმინალური სინდიკატია. საძმო რუსეთის კრიმინალურ სცენაზე 90 იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, ამ ორგანიზაციის დამაარსებლებსა და ლიდერებს შორის, სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ფიგურირებდა.
სოლნცევოს საძმო ავტონომიურობისა და დეცენტრალიზაციის საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა. სინდიკატი 10 კვაზი ავტონომიურ ე.წ. ბრიგადისგან შედგება, რომლებიც მეტნაკლებად დამოუკიდებლად მოქმედებენ და საქმიანობენ, თუმცა სინდიკატის ძირითადად პრინციპებს და სტილს იზიარებენ. საძმოს 12 ბოსისგან შემდგარი ერთგვარი დირექტორთა საბჭო მართავს. ეს ჯგუფი გარკვეული პერიოდულობით საძმოს წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მსოფლიოს სხვადსხვა წერტილში იკრიბება.
სხვადასხვა მონაცემებით სოლნცევოს სინდიკატს 10 ათასამდე წევრი ყავს. ჯგუფის საქმიანობისა და შემოსავლის ძირითადი წყარო ნარკოტიკებით ვაჭრობაა. საძმო ავღანური ჰეროინის ყველაზე დიდი კლიენტია. მსოფლიოში ჰეროინის ჯამური მოხმარების 12 პროცენტი სწორედ, რუსეთზე მოდის, ეს კი სოლნცევოს საძმოსთვის მეტად ხელსაყრელია. საძმოს შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია, ძარცვასთან, რეკეტთან და ტრეფიკინგთან.
2. იამაგუჩი გუმი, წლიური შემოსავალი — 7 მილიარდი დოლარი
მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი სინდიკატი, იაპონიაში იამაგუჩი გუმის სახელით არის ცნობილი. სიტყვა იაკუძა იაპონიაში, დაახლოებით იმ დატვირთვას ატარებს, რასაც სიტყვა მაფია დასავლეთ ნახევარსფეროში. იაკუძები როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი პროფესიული გაერთიანებაა.
იაკუძების ბანდებს შორის უპირობოდ ყველაზე დიდი და გავლენიანი სწორედ, იამაგუჩი გუმია. დაჯგუფების შემოსავალი უმთავრესად ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავშირდება. ორგანიზაცია ასევე ჩართულია არალეგალური აზარტული თამაშებისა და ადამიანების გატაცების საქმიანობაში.
ამერიკელი სოციოლოგის დენიელ მაკარტის ცნობით, იაკუძები როგორც ერთიანი ჯგუფი იაპონიაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდნენ. ამასთანავე მაკარტის აზრით იაპონური მაფია მკაცრი იერარქიული სტრუქტურითა და ცენტრალიზაციის უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად ბოლო წლებში იაპონიის ხელისუფლების მიერ წამოწყებული ბრძოლისა იაკუძათა დაჯგუფებების პოზიციები მნიშვნელოვნად არ შესუსტებულა, მათ შორის ყველაზე წარმატებული კი სწორედ, იამაგუჩი გუმი აღმოჩნდა.
3. კამორა, წლიური შემოსავალი — 5 მილიარდი დოლარი
მეცხრამეტე საუკუნეში, იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაარსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი თავდაპირველად ამ ქალაქის ციხეებში გამოჩნდა. ყოფილი პატიმრები, თავისუფლებაზე ძველი კავშირებით გამოვიდნენ. ამ დროს იტალიაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებისა და ქაოსის ფონზე კამორას წევრები პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სხვადასხვა საფრთხეებისგან დაცვას სთავაზობდა.
იტალიურ-ამერიკული მაფია, რომელიც მსოფლიოში კოზა ნოსტრას სახელით არის ცნობილი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად დასუსტდა, ამის ძირითადი მიზეზი კი ამერიკული სამართალდამცავი სისტემის მოქმედებებია. სანამ კოზა ნოსტრა სუსტდებოდა მათი კოლეგები ნეაპოლიდან ძალას იკრებდნენ. შედეგად კამორა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინდიკატია.
კატოლიკას უნივერსიტეტისა და საერთაშორისო კრიმინალის ცენტრის საერთო კვლევის მიხედვით, იტალიური მაფიის ყოველწლიური შემოსავალი, დაახლოებით 33 მილიარდი დოლარია. მაფიოზური გაერთიანებებიდან ყველაზე წარმატებული კი სწორედ, ნეაპოლიტანური კამორაა. კამორას შემოსავლები უკავშირდება როგორც ნარკო ვაჭრობას, ასევე არალეგალურ აზარტულ თამაშებს, იარაღით ვაჭრობას, გატაცებებსა და ტრეფიკინგს.
4. ნდრანგეტა, წლიური შემოსავალი — 4 მილიარდი დოლარი
მეოცე საუკუნის დასაწყისში, იტალიის სამხრეთში კალაბრიის რეგიონში წარმოქმნილი კრიმინალური დაჯგუფება თავიდან კალაბრიული მაფიის სახელით იყო ცნობილი. დროთა განმავლობაში ამ დაჯგუფების ფორმალურ სახელწოდებად, ბერძნული წარმოშობის, კალაბრიული დიალექტის სიტყვა გახდა, რომელიც თარგმანში გმირობასა და სიმამაცეს აღნიშნავს.
ნდრანგეტა მსოფლიოს კრიმინალურ სცენაზე შედარებით ახალი მოთამაშეა, შესაბამისად ჯგუფის ცნობადობა მსოფლიოში არც ისე მაღალია, როგორც სიცილიური მაფიის. ნდრანგეტა დაახლოებით, იმ ტიპის საქმიანობაშია ჩართული რაშიც მათი კოლეგები ნეაპოლიდან, თუმცა ჯგუფმა სახელი საერთაშორისო კონტაქტების შექმნით გაითქვა.
სწორედ კალაბლიური მაფიის წევრებმა მოახერხეს ლათინო-ამერიკულ ნარკო კარტელებთან საქმიანი, პროდუქტიული ურთიერთობების დამყარება. ამ დროისთვის ნდრანგეტა ტრანსატლანტიკური ნარკო ტრაფიკს თითქმის სრულად აკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ტერიტორიაზე შემოსული უმეტესი ნარკოტიკული ნივთიერების უკან სწორედ კალაბრიელი კრიმინალები დგანან.
მიუხედავად ამისა შემოსავლის მაშტაბებით ნდრანგეტა კვლავ ჩამორჩება კამორას, თუმცა კალაბრიული სინდიკატის გავლენა და შესაძლებლობები ბოლო წლებში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება.
5. სინალოას კარტელი, წლიური შემოსავალი — 3 მილიარდი დოლარი
ლათინო ამერიკული ნარკო კარტელები მსოფლიოს კრიმინალურ არენაზე მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ. ამ დროის განმავლობაში სამხრეთ ამერიკული ნარკო ვაჭრობის ეპიცენტრები რამდენიმეჯერ შეიცვალა. დღეისთვის ყველაზე მძლავრ ნარკო კარტელებად მექსიკური დაჯგუფებები მიიჩნევა.
მათ შორის, ყველაზე მსხვილი და გავლენიანი სინალოას დაჯგუფებაა, რომლის სათავეში ხუაკინ გუზმანი იგივე, ელ ჩაპო იდგა. ფელიქს გალიარდოს მიერ 1980-იან წლებში დაარსებული სინალოას კარტელი, ამ დროითვის მექსიკისა და აშშ-ს კონტრაბანდული მარშრუტების უმეტესობას აკონტროლებს. სინალოას კარტელი სამხრეთ ამერიკაში დამზადებული ნარკოტიკების მთავარი გადამზიდავია.
აშშ-ს ნარკოტიკების კონტროლის დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ს მოქალაქეები ყოველწლიურად არალეგალურ ნარკოტიკებში, დაახლოებით, 100 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. ამ თანხის 10 პროცენტი კი საბოლოოდ, მექსიკური ნარკო კარტელების ხელში რჩება. იატაკქვეშა ბაზრის 60 პროცენტს კი სწორედ, სინალოას კარტელი აკონტროლებს.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ ელ ჩაპოს ექსტრადიცია განახორციელა მექსიკურ ნარკო კარტელებს შორის ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. ამ დროისთვის მექსიკაში ოცამდე კრიმინალური დაჯგუფებას შორის ომი მიმდინარეობს, ამ მოვლენებმა სინალოას პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია.
კომენტარები