აშშ-ში კიბოს სამკურნალოდ CRISPR პირველად გამოიყენეს
აშშ-ში ორი პაციენტის სამკურნალოდ CRISPR-ის გენური ინჟინერიის მეთოდი პირველად გამოიყენეს.
ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში მიმდინარეობს, ადამიანის T ლიმფოციტების მოდიფიცირება ხდება, რათა მათ კიბოს უჯრედებს შეუტიონ. უნივერსიტეტის წარმომადგენელის თქმით, ისინი ამჟამად ორ პაციენტს მკურნალობენ, რომელთაგანაც ერთ-ერთს სარკომა, მეორეს კი მრავლობითი მიელომა აწუხებს.
კვლევა პირველად 2016 წელს დაიწყო, რათა გარკვეულიყო თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს CRISPR თერაპია კიბოს გარკვეული შემთხვევების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ CRISPR-ის გამოყენება პაციენტის სხეულის გარეთ უფრო მარტივი და უსაფრთხოა, ამის გამო კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებმა პაციენტების სისხლი აიღეს, შემდეგ კი მასში არსებული იმუნური უჯრედების მოდიფიცირება მოახდინეს, საბოლოოდ კი ისინი უკან პაციენტში დააბრუნეს.
მეცნიერებმა პაციენტის T ლიმფოციტებს ერთი გენი დაუმატეს, მათ ასევე წაშალეს გენი PD-1, რომელიც იმუნური სისტემას ბოჭავს. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც PD-1-ის ინჰიბირებას ახდენს. მკურნალობის ამ მეთოდს იმუნოთერაპია ეწოდება და ის გარკვეულ შემთხვევებში კიბოს წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია.
გენური ინჟინერიას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. მაგალითად, წელს ევროპაში CRISPR-ის გამოყენებით თალასემია, რომელიც მემკვიდრეული დაავადებაა, პირველად განკურნეს.
CRISPR ძალიან ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატიაში მოცემული კვლევები პირველადია. ჯერჯერობით CRISPR-ზე დაფუძნებული მკურნალობის მეთოდების ფართოდ დანერგვამდე კვლავ დიდი დროა.
კომენტარები