ქართული ოცნება VS ვენეციის კომისია — კრიტიკული რეკომენდაციები
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესის მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია. დოკუმენტი 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს. საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ დასკვნა პოზიტიურია, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისია მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული იყო.
რეკომენდაციები ბევრ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის არამოსამართლე კანდიდატებისთვის გამოცდების სავალდებულოობის გაუქმებას, ინტერესთა კონფლიქტს, შესარჩევი კრიტერიუმების დაზუსტებას, ფარული კენჭისყრის ხარვეზებს.
დასანიშნი მოსამართლეების ოდენობა
ქართული ოცნება
მმართველი გუნდის შემოთავაზებული ცვლილებებით, უზენაეს სასამართლოს ეყოლება მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა, უვადოდ დაინიშნება 18-დან 20-მდე მოსამართლე.
ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ამჟამინდელმა პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში მხოლოდ იმ ოდენობის მოსამართლეები გაამწესოს, რამდენიც საჭიროა სასამართლოს გამართული საქმიანობისთვის. ის, თუ რამდენი მოსამართლეა საჭირო უზენაეს სასამართლოში პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაძლოა, უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდეს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დასანიშნი მოსამართლეების ნახევარი უნდა გამწესდეს თანამდებობეზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების პირობებში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას სასამართლო სისტემის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში.
შერჩევის კრიტერიუმები
ქართული ოცნება
ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტში წერია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას იწყებს. ცხადდება ვაკანსია და განცხადებები შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში მიიღება.
ამ კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს:
- საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება და ფლობს ქართულ ენას.
უზენაესის მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილების მქონე პირებად ჩაითვლება:
- მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
- ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი;
- სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
ვენეციის კომისია
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობის თავიდან აცილების მიზნით, ვაკანსია უნდა გამოცხადდეს წინა მოსამართლის ვადის ამოწურვამდე.
ვენეციის კომისიისთვის უჩვეულოა ჩანაწერი — "სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები".
ამავე რეკომენდაციებით, მაღალი მოთხოვნა უნდა დაწესდეს ასაკზე, უფრო მეტად უნდა გაესვას ხაზი კანდიდატის გამოცდილებას, მის გადაწყვეტილებებს, შერჩევის კრიტერიუმებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფეროვნება.
დასკვნის მიხედვით, არსებული მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, უნდა გადაიხედოს.
ფარული კენჭისყრა
ქართული ოცნება
ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტით, მოსამართლეების შერჩევისა და წარდგენის ყველა ეტაპზე იუსტიციის საბჭოში ხმის მიცემა არის ფარული და საბჭოს წევრებს არ აქვთ საკუთარი გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესაბამისობაზე საჩივრების ვადის დასრულების შემდეგ, 5 დღის ვადაში ტარდება ფარული კენჭისყრა შერჩევის პროცესში მონაწილე პირების შემდგომ ეტაპზე გადასაყვანად.
შემდგომ ეტაპზე გადასულთა სიის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ კანდიდატებს საჯაროდ უნდა მოუსმინონ. კანდიდატების მოსმენების დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომამდე საბჭოს წევრები სამოსამართლო გამოცდილების არმქონე მოსამართლეობის კანდიდატს ქულებით შეაფასებენ.
მოსმენების დასრულებიდან უახლოეს სხდომაზე ფარულად უნდა უყარონ კენჭი კანდიდატებს პარლამენტისთვის წარსადგენ ოდენობამდე დასაყვანად. შემდგომ ეტაპზე გადადის საუკეთესო შედეგის მქონე ვაკანსიის ოდენობის კანდიდატი.
კანდიდატთა ვინაობის გამოქვეყნების შემდეგ კენჭი ეყრება პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების სიის შემადგენლობას. კანდიდატი არჩეულად ითვლება, თუ ღია სხდომაზე, ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.
ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას გაუქმდეს ფარული კენჭისყრა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შერჩევის ყველა ეტაპზე ჰქონდეთ ვალდებულება დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება. ამავე თავში ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მოსამართლეობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს საბჭოს წევრის დასაბუთებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
ინტერესთა კონფლიქტი
ქართული ოცნება
ქართული ოცნების კანონპროექტით, იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც პარალელურად მოსამართლეების კონკურსში მონაწილეობს არ იღებს მონაწილეობას კენჭისყრებში, თუმცა სხვა ყველა პროცედურაში მათ შორის კანდიდატებთან გასაუბრებაში არის ჩართული.
ვენეციის კომისია
ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც არის ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გამოეთიშოს შერჩევის ყველა პროცედურას.
გაიგე მეტი:
კომენტარები