ისრაელის კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაშვებისას მწყობრიდან გამოვიდა
მთვარეზე გაშვებული პირველი კომერციული მისია, ბერეშითი, წარუმატებელი აღმოჩნდა.
მთვარის ზედაპირზე დაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე ხომალდის ერთ-ერთი ძრავი მწყობრიდან გამოვიდა.
"სამწუხაროდ დაშვება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მთავარია, რომ ვეცადეთ. ჩვენთვის მთვარის ზედაპირთან მიახლოება დიდი მიღწევა და გამოცდილებაა. ჩვენ აღნიშნული მისიით მაინც ვამაყობთ",- აცხადებს SpaceIL-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი მორის კანი.
აღნიშნული პროექტი დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო, როდესაც სამმა ისრაელელმა სტუდენტმა Google-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, Lunar XPrize-ში მიიღო მონაწილეობა, რომლის მიზანიც მთვარეზე პირველი კომერციული ხომალდის გაშვება იყო.
სარეცხის მანქანის ზომის ხომალდი 22 თებერვალს SpaceX-ის ფალკონ 9-ით გაეშვა.
ბერეშითმა მთვარის ზედაპირზე დაშვება ვერ მოახერხა, თუმცა ის მის ორბიტაზე წარმატებით განთავსდა. დედამიწაზე მხოლოდ ექვსი ქვეყანა არსებობს, რომელსაც მთვარის ორბიტაზე ხომალდი ჰყოლია.
მისიას გამოეხმაურა NASA-ს ადმინისტრატორი ჯიმ ბრიდენსტინიც.
"მიუხედავად იმისა, რომ NASA ბერეშითის წარუმატებლობის გამო დამწუხრებულია, ჩვენ გვინდა, რომ SpaceIL-სა და ისრაელის აეროკოსმოსურ ინდუსტრიას მთვარის ორბიტაზე პირველი კომერციული ხომალდის გაგზავნა მივულოცოთ", - აცხადებს საკუთარ ტვიტში ჯიმ ბრიდენსტინი.
კომენტარები