ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნა 90 წლის ასაკშიც კი მიმდინარეობს — კვლევა
ამ საკითხზე ნეირომეცნიერები უკვე ათწლეულებია მსჯელობენ, ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანებში ნეირონების წარმოქმნა წყდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს პროცესი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს.
ახლახან ჩატარებული კვლევით კი ირკვევა, რომ ნეირონები ადამიანის ტვინში 80-90 წლის ასაკშიც კი წარმოიქმნება.
კვლევა ასევე მიუთითებს, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ეს პროცესი მნიშვნელოვნად ფერხდება — აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა ამ დაავადებასთან საბრძოლველად ახალი მეთოდების შემუშავებაში დაგვეხმაროს.
ნეიროგენეზი (ნეირონების წარმოქმნის პროცესი) ყველაზე აქტიური ემბრიოგენეზის დროს არის და ბავშვის დაბადებისას ნეირონების უმეტესი ნაწილი უკვე ფორმირებულია.
იმის დასადგენად, მიმდინარეობს თუ არა ნეიროგენეზი მოხუცებულ ადამიანებში მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა 13 გარდაცვლილი ადამიანის ტვინის ქსოვილი, კონკრეტულად კი ჰიპოკამპის რეგიონში არსებული დაკბილული ხვეული შეისწავლეს.
ამ ადამიანების ასაკი 43-დან 87 წლამდე მერყეობდა, მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვა იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქსოვილების შესწავლისას მეცნიერებმა DCX+ ტიპის ათასობით ნეირონი აღმოაჩინეს, რაც ნეიროგენეზისზე მიანიშნებს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კიდევ იმ 45 გარდაცვლილი ადამიანიც ტვინის ქსოვილიც შეისწავლეს, რომლებსაც ალცჰაიმერის დაავადება აწუხებდათ. მათი ასაკი 52-დან 97 წლამდე მერყეობდა. შედეგები მიუთითებდა, რომ დაავადების მიმდინარეობასთან ერთად იკლებდა ნეიროგენეზის მაჩვენებელიც.
"ნევროლოგიურად ჯანმრთელ ადამიანებში DCX+ უჯრედების რაოდენობა, ალცჰაიმერის მქონე ადამიანების ტვინში არსებულ რაოდენობას ყოველთვის აღემატებოდა", - ნათქვამია კვლევაში.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჰიპოკამპის დაკბილულ ხვეულში ჩამოუყალიბებელი ნეირონების პოპულაცია 90 წლის ასაკშიც კი არსებობს", - აცხადებენ მეცნიერები.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები