დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძე აცხადებს, რომ უდანაშაულოა და შიმშილობას იწყებს. ჩაბარებამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"უპირველესყოვლისა, მინდა რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი და დღეიდან ვაცხადებ შიმშილობა. ობიექტური გამოძიების იმედი მაქვს და მე არ ვცნობ თავს დამნაშავედ".

გოდერძი თევზაძის განცხადებით, იგი აქამდე მიმალვაში არ ყოფილა და პოლიციას საკუთარი ნებით ბარდება.

გოდერძი თევზაძე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

29 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ბრალი წაუყენა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდება გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.