ასტრონომებმა 300 000 ახალი შორეული გალაქტიკა აღმოაჩინეს
ფოტო: ASTRON
ნიდერლანდებში არსებული დაბალი სიხშირის რადიოტელესკოპთა ქსელით (LOFAR), რომელმაც ფუნქციონირება 2012 წელს დაიწყო, მეცნიერები მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებენ.
აღნიშნული ტელესკოპები სამყაროდან მომავალ დაბალი სიხშირის რადიოტალღებს იჭერენ, ტელესკოპებს გალაქტიკების შერწყმის შედეგად გამოსხივებული რადიაციის დაფიქსირებაც შეუძლია. ახლა, მეცნიერებისგან შემდგარმა საერთაშორისო ჯგუფმა LOFAR-ის დაკვირვებების საფუძველზე შექმნილი პირველი აღმოჩენები გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გალაქტიკების რაოდენობას 300 000-ით ზრდის.
სამშაბათს ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ის სპეციალური ნომერი დაიბეჭდა, რომელიც LOFAR-ის დაკვირვებების საფუძელზე შექმნილ 26 სამეცნიერო სტატიას მიეძღვნა.
LOFAR-ს სხვა ტელესკოპებისთვის შეუმჩნეველი დაბალი სიხშირის რადიოტალღების აღქმა შეუძლია, რის შედეგადაც მეცნიერებმა ამ დრომდე დაუფიქსირებელი ინფორმაცია მოიპოვეს. ავტორების თქმით, მიღებული ინფორმაცია 10 მილიონი DVD დისკის ტევადობის ტოლია.
ნიდერლანდების რადიოასტრონომიის ინსტიტუტის (ASTRON) მკვლევარის ტიმოთე შიმველის თქმით, 300 000 ახალი გალაქტიკის რუკაზე დატანა რთული და შრომატევადი პროცესი იყო, რაშიც რამდენიმე სხვადასხვა გუნდი იყო ჩართული. მათ დეტალური რუკის შესაქმნელად ამსტერდამში განთავსებული კომპიუტერული და საინფორმაციო ცენტრი SURFsara გამოიყენეს. ავტორების თქმით, ახლა ეს რუკები ყველასათვის ხელმისაწვდომია, რაც ასტრონომებს გალაქტიკების ევოლუციისა და ჩამოყალიბების პროცესის დეტალურად შესწავლის უპრეცენდენტო შანსს აძლევს.
ასტრონომები რუკის საშუალებით შავი ხვრელების შესწავლას შეძლებენ.
"თუ რადიოტელესკოპით ცას ავხედავთ, ყველაზე ადვილად შავი ხვრელების გარშემო არსებულ მატერიის გამოსხივებას დავაფიქსირებთ. LOFAR-ის საშუალებით კი იმედს ვიტოვებთ, რომ შავი ხვრელების წარმომავლობის საკითხს ნათელს მოვფენთ", - აცხადებს ლეიდენის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰუბ როტგერინგი.
ახალი რუკების გამოყენება მაგნიტური ველებისა და გალაქტიკებს შორის არსებული კავშირების შესასწავლადაც შეიძლება, ASTRON-ის დირექტორის, კეროლ ჯექსონის თქმით, ახალ რუკებს დიდი პოტენციალი აქვთ.
"ცის ეს ახალი რუკა მომავლის მეცნიერებისათვის მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა. ეს ასევე იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ LOFAR-ის დიზაინერებმა და ინჟინრებმა საკუთარ დავალებას თავი სრულყოფილად გაართვეს და შექმნეს ტელესკოპთა ქსელი, რომელიც ასეთი აღმოჩენების გაკეთების საშუალებას გვაძლევს", - აცხადებს ის.
კომენტარები