ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
ფოტო: mr_morton/E+/Getty Images
ახალ კვლევაში მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანთა მიერ მოყვანილი ბოსტნეულის მრავალფეროვნება უფრო და უფრო იკლებს, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სპეციალისტების თქმით, გამოსავალი არა უბრალოდ მეტი ასეთი მცენარის გაზრდა, არამედ მათი სხვადასხვა სახეობის სამეურნეო ათვისებაა.
ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამჟამად მასობრივად ბოსტნეულის არასაკმარისი ნაირსახეობა იწარმოება. ამის გამო ყურადღების მიღმა რჩება მცენარეები, რომლებიც ვიტამინებითა და მინერალებით ძალიან მდიდარია და კონკრეტულ ადგილობრივ გარემოში მარტივადაც ხარობს. პარალელურად, ადამიანები დაახლოებით 40%-ით ნაკლებ ბოსტნეულს ვჭამთ, ვიდრე ჯანსაღი დიეტისთვისაა რეკომენდებული, ეს კი დაავადებების რისკს ზრდის.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სანამ ინდუსტრიალიზაციაში მეურნეობაც ჩაერთვებოდა, საკვებად უფრო მრავალფეროვანი ბოსტნეული მოჰყავდათ. კარტოფილის 4000-ზე მეტი ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ, მაგალითად, აშშ-ში მასობრივად მხოლოდ 5-8 მათგანი იწარმოება. გაეროს პროგნოზით, ჩვენთვის ცნობილი ბოსტნეულის ველური მონათესავე მცენარეების 24% გადაშენების საფრთხის წინაშეა, ანუ გენეტიკური ვარიაციები და პოტენციური ნუტრიციული სარგებელიც იკარგება.
პომიდორი, სალათის ფოთოლი და ხახვი ყველა მაღაზიაში გვხვდება, მაგრამ ცოტას თუ სმენია ისეთი ბოსტნეულის შესახებ, როგორიც აფრიკული კომბოსტო, აიბიკა და მწარე ნესვია. ისინი უფრო მეტ მიკრონუტრიენტს შეიცავს, რეგიონულადაა გავრცელებული და გარემოს გამოწვევებს უკეთ უმკლავდება. ამის მიუხედავად, ეს პროდუქტები ნაკლებად მოჰყავთ, ამიტომ მომხმარებლებამდე ვერ აღწევს.
აფრიკული კომბოსტო მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულია, რომელიც აფრიკაში გვხვდება და კლიმატის ცვლილების ფონზე გამძლეა. ამჟამად სპეციალურ გენეტიკურ ბანკებში მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი სახეობაა შენახული, რაც მასობრივი წარმოებისთვის გაუმჯობესებული მცენარის გამოყვანას ართულებს; აიბიკა წყნარი ოკეანის რეგიონში ხარობს და ისიც ფოთლოვანი ბოსტნეულია. მეცნიერები ამბობენ, რომ მის შედგენილობას განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.
რაც შეეხება მწარე ნესვს, კლიმატის ცვლილების მიმართ ისიც მედეგია და აზია-კარიბებშია პოპულარული. მისი მრავალი ველური მონათესავე მცენარეა ცნობილი, რომლებიც ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ; მეოთხე ბოსტნეული, რომელზეც ყურადღებას ამახვილებენ, გოგრაა, რომელიც სიცხესა და გვალვას კარგად უძლებს. სპეციალისტების თქმით, მისი გენეტიკური რესურსები საკმარისად ათვისებული არაა.
ამ ოთხის გარდა, კიდევ მრავალი სასარგებლო ბოსტნეულია. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მათი გაზრდა პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან ეს სახეობები მალე შეიძლება გაქრეს. მეცნიერები მეურნეობაში მომუშავე ადამიანებს ან უბრალოდ ბაღის მქონე პირებს ამ მხრივ აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

კომენტარები