2026 წლის 10 აგვისტოს, კოლუმბიაში, სან-ხოსე-დელ-პალმართან 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მნიშვნელოვანი ნგრევა შეინიშნება ქალაქებში: კალი, მანისალესი და პერეირა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და ოფიციალურმა პირებმა გადარჩენილთა მოსაძებნად მასშტაბური სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. უკვე დადასტურებულია სულ მცირე 132 ადამიანის დაღუპვა, თუმცა მოსალოდნელია, რომ მომდევნო საათებსა და დღეებში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩამოინგრა ან დაზიანდა ათასობით სახლი.

მაშველი ნანგრევებში ეძებს გადარჩენილებს მას შემდეგ, რაც კოლუმბიაში 2026 წლის 10 აგვისტოს მიწისძვრა მოხდა

ფოტო: Santiago Saldarriaga/AP

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) განცხადებით, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა ძირითადად დაახლოებით 110 კმ სიღრმეზე ნასხლეტ-წანაცვლებითი რღვევის გამო მოხდა. მარტივად რომ ვთქვათ, წანაცვლებითი მიწისძვრა მაშინ ხდება, როდესაც დედამიწის ქერქის ორი ბლოკი ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურად გადაადგილდება, ნაცვლად ზევით ან ქვევით მოძრაობისა.

ეს ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრებიდან დაახლოებით ერთ თვეში მოხდა, რომლებმაც 58 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა ან დააზიანა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჯერ ნაადრევია იმის თქმა, უკავშირდება თუ არა კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრა ვენესუელის მიწისძვრას. თუმცა ავსტრალიიდან მიღებული გარკვეული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ახლომდებარე სეისმურ რღვევებს ერთმანეთთან "კომუნიკაცია" შეუძლია: ერთ რღვევაზე სეისმურმა დაცურებამ შეიძლება ეფექტიანად გადაიტანოს დაძაბულობა სხვა, ახლომდებარე რღვევაზე, რაც მიწისძვრას იწვევს.

ნიუკასლის უნივერსიტეტის სტრუქტურული და სეისმური ინჟინერიის დოცენტი, რაიან ჰოულტი The Conversation-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მშენებლობის იმ მახასიათებლებს ხსნის, რომლებმაც, შესაძლოა, კოლუმბიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა გაზარდა. მისი თქმით, კოლუმბიური რკინაბეტონის კონსტრუქციების ტესტირებამ აჩვენა, რომ ამ სტიქიის დროს ამდენი შენობის ჩამონგრევა გასაკვირი არ არის, რაც ასევე მიანიშნებს, რომ მსოფლიოს მრავალ სხვა რეგიონშიც, სადაც მსგავსი სამშენებლო პრაქტიკა არსებობს, შეშფოთების საფუძველი უნდა არსებობდეს.

სამშენებლო პრაქტიკა კოლუმბიაში

დაზიანებული სახლი, მანისალესი. 2026 წლის 10 აგვისტო.

ფოტო: REUTERS/Andres Camilo Valencia

ზოგადად, შენობებში გრავიტაციული დატვირთვების მიმართ მედეგობას ფილები, კოჭები და სვეტები უზრუნველყოფს, ხოლო ქარისგან და, იშვიათ, თუმცა ექსტრემალურ შემთხვევებში, მიწისძვრებისგან გამოწვეული გვერდითი დატვირთვების გასაძლებად რკინაბეტონის კედლებია საჭირო.

კოლუმბიაში კი, ჰოულტის დაკვირვებით, ბევრ შენობას თხელი, ჩვეულებრივ 7-დან 10 სანტიმეტრამდე სისქის ბეტონის კედლები აქვს, რომლებსაც ფოლადის არმატურის მხოლოდ ერთი ფენა (ყველაზე ხშირად ელექტროშედუღებული მავთულბადე) გააჩნია, რომელიც ძალიან მყიფეა და სწრაფად წყდება.

კედლების სითხელის გამო მშენებლობის პროცესში თითქმის შეუძლებელია "შემოჭერვის" (confinement) ჩადება. ეს ტექნიკა გულისხმობს, რომ ბეტონის მსხვრევის თავიდან ასაცილებლად კედლის კიდეებზე რგოლისებრი არმატურა თავსდება. ასეთი ვალდებულება არ არსებობს კოლუმბიის სამშენებლო სტანდარტებშიც.

კოლუმბიური შენობების ტესტირება

ჰოულტმა სამი კოლუმბიური უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად შვეიცარიაში, ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიური სკოლის მიწისძვრის ინჟინერიისა და სტრუქტურული დინამიკის ლაბორატორიაში, სრულმასშტაბიანი ტესტები ჩაატარა. ტესტები ტიპური კოლუმბიური სამშენებლო პრაქტიკის შესაბამისად აშენებულ ბეტონის კედლებზე ჩატარდა. მკვლევრებს სურდათ გაერკვიათ, როგორ იქცევა ეს კედლები მაშინ, როცა მიწისძვრა შენობას არყევს. შედეგები ჯერ კიდევ ორშაბათის მიწისძვრამდე იყო შემაშფოთებელი.

ჩამონგრეულ შენობაში ძებნა მიმდინარეობს, კალი.

ფოტო: REUTERS/Sergio Acero

როდესაც მიწისძვრა შენობას არყევს, იდეალური სიტუაციაა, როდესაც რკინაბეტონის კედლის ძირში ბევრი მცირე ბზარი ჩნდება. ეს დაძაბულობას ანაწილებს. თუ ფოლადის მცირე რაოდენობის გამო ერთი დიდი ბზარი წარმოიქმნება, დაძაბულობა ერთ წერტილში იყრის თავს. ეს არმატურის ღეროების გაწყვეტას და კედლის რღვევას იწვევს.

მაგრამ ამ შენობების კედლები იმდენად თხელია, რომ ფოლადის საკმარისი არმატურაც რომ ყოფილიყო, მიწისძვრის დროს მაინც დანგრევის საფრთხეა. ექსპერიმენტულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ კედლებს უბრალოდ არ აქვს საკმარისი სიმტკიცე იმისათვის, რომ ნიადაგის მნიშვნელოვან რყევებს გაუძლოს.

სამწუხაროდ, ეს იშვიათი ან ერთეული საინჟინრო გადაწყვეტილება არ არის, არამედ მთელ ლათინურ ამერიკაში სტანდარტული პრაქტიკაა.

2018 წელს ქალაქ კალიში ცხრა შენობის კვლევა ჩატარდა. ეს ქალაქი ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ შენობების 90%-ს არმატურის მხოლოდ ერთი ფენის მქონე კედლები ჰქონდა, ხოლო 30%-ს — 100 მილიმეტრი ან უფრო ნაკლები სისქის კედლები.

ეს მხოლოდ სამხრეთ ამერიკას არ ეხება

2011 წელს 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრამ ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩს ფართომასშტაბიანი ზიანი მიაყენა, რამაც 185 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1980-იანი წლების შემდეგ დაპროექტებული რკინაბეტონის შენობების უმეტესობამ მიწისძვრას კარგად გაუძლო. ეს იმ დროს დანერგილმა საპროექტო პრინციპებმა განაპირობა, რომლებიც ინჟინრებისგან ფოლადის განლაგების ისე დაგეგმვას მოითხოვდა, რომ კონსტრუქციებს, მათ შორის კედლებს, დეფორმაციის საშუალება ჰქონოდა და მიწისძვრის ზემოქმედებას გამკლავებოდა.

ჩამონგრევის ზოგიერთი შემთხვევა იმ შენობებში დაფიქსირდა, რომლებიც ამ პრინციპების დანერგვამდე იყო დაპროექტებული. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია Pyne Gould-ის შენობა. მისი ჩამონგრევა სავარაუდოდ იმის შედეგი იყო, რომ ბეტონის თხელ საყრდენ კედლებში მცირე რაოდენობით ფოლადი გამოიყენეს, სადაც, როგორც მიიჩნევენ, ერთი ბზარი გაჩნდა და დაძაბულობა ერთ წერტილში მოაქცია.

პერეირა, 2026 წლის 10 აგვისტო

ფოტო: REUTERS/Stringer

2018 წლამდე ამ ტიპის საპროექტო პრინციპს ავსტრალიის ბეტონის კონსტრუქციების სტანდარტებიც უშვებდა, კერძოდ, თხელ კედლებს ფოლადის არმატურის მცირე რაოდენობით, თუმცა კრაისტჩერჩის მიწისძვრის შემდეგ ეს სამშენებლო პრაქტიკა სტრუქტურული და სეისმური ინჟინერიის საზოგადოებისთვის შემაშფოთებელი გახდა და იმავე წელს ავსტრალიური სტანდარტები გადაიხედა, რათა მომავალ პროექტებში მსგავსი სტრუქტურული რღვევა თავიდან აეცილებინათ.

მიუხედავად ამისა, სუსტად არმირებული, თხელი ბეტონის კედლების სიმრავლე სავარაუდოდ კვლავ არსებობს ავსტრალიის იმ ქალაქების შენობების ფონდში, რომლებიც ამ გადახედვამდე აშენდა. იმავე პრაქტიკით აშენებულ კედლებზე ტესტები ჩატარდა, მათ შორის ავსტრალიაშიც. ამ ტესტებმა აჩვენა, რომ მიწისძვრის დატვირთვისას ეს კედლები, მათი კოლუმბიური ანალოგების მსგავსად, ცუდად იქცევა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.