ამაღამ ცაზე წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარე ამოვა
ამაღამ, 19 თებერვალს 2019 წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა.
მთვარე ზომის მაქსიმუმს თბილისის დროით 19:53 საათზე მიაღწევს, თუმცა, მისი დიდი ზომა შესამჩნევი მთელი ღამის განმავლობაში იქნება. მთვარე ამაღამ საშუალოზე 10 პროცენტით უფრო დიდი გამოჩნდება, რადგან ის დედამიწასთან შედარებით ახლოს, 356 761 კილომეტრის მანძილზე იქნება.
რა იწვევს სუპერმთვარეობას?
ცნობილია, რომ მთვარე დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე ბრუნავს. პერიცენტრი და აპოცენტრი კი, ცენტრალური სხეულის მიმართ, მის გარშემო მბრუნავი ციური სხეულის ორბიტის უახლოეს და უშორეს წერტილებს ეწოდება. ახლა მთვარე სწორედ პერიცენტრშია.
მთვარე ჩვენგან განსაკუთრებით ლამაზი იმიტომ მოჩანს, რომ ის მზის სხივებს ირეკლავს და ბრწყინავს. თუმცა ეს ნიშნავს, რომ ამ დროს მთვარის საპირისპირო მხარეს სრული სიბნელე, ანუ ღამეა. ამ დროს მთვარის ბნელ მხარეს ტემერატურა მინუს 190 ცელსიუსამდე ეცემა. ამის შესახებ ჩინური ხომალდებით, Chang'e-4-ითა და Yutu-2-ის მეშვეობით შევიტყვეთ, რომლებიც მთვარეზე 3 იანვარს დაეშვნენ.
მთვარეზე არსებული რობოტები ყოველ ღამით საკუთარ თავს თიშავენ, რათა სიცივე გადაიტანონ. ასე რომ, ღამით, როდესაც მთვარეს ახედავთ, გახსოვდეთ, რომ მის საპირისპირო მხარეს გამეფებულ სიცივეში ორი პატარა რობოტი იმალება, რომელიც მთვარის საიდუმლოებების ამოხსნას გამალებით ცდილობს.
კომენტარები