აი, ამიტომ არ ბინადრობენ გველები ირლანდიაში
ლეგენდის თანახმად, ქრისტესშობიდან მეხუთე საუკუნეში წმინდა პატრიკმა ირლანდიაში არსებული გველები ოკეანეებისაკენ განდევნა და კუნძული გველებისაგან გაათავისუფლა. როგორც ჩანს, პატრიკმა აღნიშნული საქმე საგულდაგულოდ შეასრულა, რადგან დღეს ირლანდიაში გველები არ ბინადრობენ.
აღნიშნული ისტორია სახალისოა, თუმცა, რეალურად, ირლანდიაში გველები არასდროს ბინადრობდნენ და წმინდა პატრიკის გველებთან ბრძოლის ამბავიც მოგონილია.
მაგრამ ისმის კითხვა, თუ გველები დედამიწის პრაქტიკულად სხვა ყველა ნაწილში გვხვდებიან, რითია ირლანდია განსაკუთრებული?
პირველ რიგში, ირლანდია კუნძულია. ირლანდიის ზღვის სიგანე კი 80 კილომეტრს აღემატება. ეს ხმელეთზე მცხოვრები ცხოველებისათვის გადასაცურად საკმაოდ დიდი მანძილია. წყლის გველმა შეიძლება აღნიშნული მოგზაურობა უფრო ადვილად გადაიტანოს, თუმცა წყლის გველები თბილ, ტროპიკულ წყლებში ცხოვრობენ და არა ატლანტიკის ცივ ოკეანეში.
თუმცა, კუნძულია დიდი ბრიტანეთიც, მაგრამ იქ გველები მაინც გვხვდებიან, რაშია საქმე?
დიდი ხნის განმავლობაში გველები არც დიდ ბრიტანეთში გვხვდებოდნენ და არც ირლანდიაში. გამყინვარების ეპოქამ ეს კუნძულები გველებისათვის საცხოვრებლად უვარგისი გახადა, გველები ცივსისხლიანი რეპტილიები არიან და მათი ორგანიზმის ტემპერატურა გარემოზეა დამოკიდებული.
დაახლოებით 10 000 წლის წინ მყინვარების ნაწილი გაქრა, რამაც ევროპასა და დიდ ბრიტანეთს შორის ხმელეთის ხიდი გააჩინა, ასევე დაკავშირდა ბრიტანეთი და ირლანდიაც. თუმცა, დაახლოებით 8 500 წლის წინ მყინვარების დნობის გამო წყლის დონემ მოიმატა, რამაც ირლანდიასა და ბრიტანეთს შორის არსებული დამაკავშირებელი მიწა წყლით დაფარა, ბრიტანეთსა და ევროპას შორის არსებულმა ხმელეთის ხიდმა კი წყლით დაფარვამდე კიდევ 2 000 წელი გაძლო.
შესაბამისად, ევროპაში მცხოვრებ ცხოველებს ბრიტანეთის კოლონიზაციისთვის უბრალოდ მეტი დრო ჰქონდათ, ამ შემთხვევაშიც კი, ბრიტანეთის კუნძულების კოლონიზება მხოლოდ სამი სახეობის გველმა შეძლო და როგორც ჩანს, მათ ირლანდიის დაპყრობის სურვილი არც გასჩენიათ. ირლანდიაში განამარხებული გველებიც კი არ გვხვდება.
სხვა კუნძულებს შორის, რომლებზეც გველები არ გვხვდება, არის ახალი ზელანდია, ჰავაი, გრენლანდია, ისლანდია და ანტარქტიკა.
გველები საკმაოდ ადვილად გამრავლებადი ცხოველები არიან და ახალ ტერიტორიებზე მოხვედრისას ისინი ხშირად პრობლემებს ქმნიან. გუამში ყავისფერი ხის გველი იმდენად გავრცელდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ გასანადგურებლად ყველა ხერხს იყენებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა 2013 წელს კუნძულზე ვერტმფრენიდან მკვდარი თაგვები გადმოყარა. მღრღნელებს ორგანიზმში საწამლავი ჰქონდათ შეყვანილი, რათა ის გველები, რომლებიც მათ შეჭამდნენ, დაღუპულიყვნენ. მეთოდმა ნაწილობრივ გაამართლა.
გუამზე გველები შემთხვევით მოხვდნენ, ხოლო ირლანდიაში კი გველების ჩაყვანა გამიზნულად ხდება, 1990-იანი წლებიდან ქვეყანაში გველების ბუმი იყო და ისინი ძალიან პოპულარულ შინაურ ცხოველებად იქცნენ. თუმცა გაუფრთხილებლობისა და უყურადღებობის შედეგად ბევრი გველი ბუნებაში ხვდება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ გავრცელება ძალიან ადვილად შეუძლიათ, ირლანდია ერთ დღეს შესაძლოა ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს გუამია.
კომენტარები